შპს ”საბატელი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი მაისი 08, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის №56/1) და ამავე დროს, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 15 მარტს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შპს ”საბატელი”-ს შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №4, რომელშიც აღნიშნულია, რომ: შპს ”საბატელ”-ს კომისიაში არ აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში წარმოდგენილი ინფორმაცია ტრაფიკების შესახებ (CDR-ბი), რის გამოც შეუძლებელი ხდება კომისიის მიერ ყოველთვიური ანალიზის განხორციელება.
კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”საბატელი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ შპს ”საბატელს” - 2009 წლის 4 მაისს შეტყობინება გაეგზავნა. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 8 მაისს კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს ”საბატელის” უფლებამოსილი წარმომადგენელი, სხდომაზე ასევე არ წარმოდგენილა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების შესახებ.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის ბატონი კახი ყურაშვილის კითხვაზე, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართ, რომელმაც შეადგინა შპს ”საბატელის” მიმართ შემოწმების აქტი №4, იყო თუ არა შპს ”საბატელისგან”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წერილობით მოთხოვნილი აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა მ.გოთოშიამ აღნიშნა, რომ 2004 წლის შემდეგ, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ”საბატელისგან” არ ყოფილა წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა კომპანიის ტრაფიკის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა კომისიის 2004 წლის 30 მარტის N149/20 გადაწყვეტილებით, რომლის მე-10 პუნქტის შესაბამისადაც, საერთაშორისო კავშირის ოპერატორებს დაეკისრათ, კომისიაში, ყოველი თვის 20 რიცხვამდე შემდეგი ინფორმაციის და მასალების წარმოდგენის ვალდებულება:
ა) საერთაშორისო საუბრების დეტალური ჩანაწერი, რომელიც უნდა შეიცავდეს მისი კუთვნილი სატელეფონო სადგურის გავლით განხორციელებულ ყველა ზარის შემდეგ მონაცემებს: ზარის ტიპი (საორიგინაციო, სატერმინაციო, სატრანზიტო), შემომავალი ზარის აღმძვრელი ოპერატორის დასახელება, საუბრის დაწყების ზუსტი დრო ადგილობრივი დროით, ხანგრძლივობა წამის სიზუსტით. ჩანაწერი წარმოდგენილი უნდა იქნეს მაგნიტურ მატარებელზე (CD) 2 ეგზემპლარად;
ბ) 2004 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად საანგარიშო თვის გასვლიდან არაუმეტეს 60 დღის განმავლობაში საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებული ყველა ფინანსური დოკუმენტის ასლი;
კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 30 მარტის N149/20 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების საფუძველზე. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გახდება ავტორიზებული პირებისგან, ამ შემთხვევაში შპს „საბატელი“-სგან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი. დამატებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება დაეკისრათ მხოლოდ საერთაშორისო კავშირის ოპერატორებს, ხოლო 2004 წლისთვის შპს „საბატელი“ ფლობდა ლიცენზიას მხოლოდ ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე და კომპანიამ ავტორიზაცია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე გაიარა მხოლოდ 2006 წლის 23 თებერვალს, როდესაც უკვე მოქმედებდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და შესაბამისად, კომპანიას ეკისრებოდა სწორედ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია მხოლოდ კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ შპს ”საბატელის” მიერ არ იქნა დარღვეული ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს შპს „საბატელი“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისადაც, „თუ არ არსებობს გაფრთხილების ან დაჯარიმების საფუძველი წარმოება უნდა შეწყდეს”.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას სრულად იზიარებს სამართლებრივი დეპარტამენტის არგუმენტაციას შპს „საბატელი“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ”საბატელის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”საბატელი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”საბატელი”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: კ. კვტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
