შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” 2008 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა კომისიას, სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების დარღვევით, გაზარდა ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის აუცილებელი თანალოკაციის ფართის ფასი და 2008 წლის ნოემბრიდან მოახდინა დარიცხვა განმცხადებელი კომპანიის მიმართ ახალი ფასით - 1კვ/მ-ზე - 600 ლარის ოდენობით.
მოთხოვნა:
ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის აუცილებელი თანალოკაციის ფართის ტარიფი სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” განესაზღვროს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 6 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მხრიდან დ.თუთბერიძე, ხოლო სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, განმცხადებელმა დაადასტურა წერილში აღნიშნული პოზიცია.
კომისია აღნიშნავს, რომ სადაო საკითხს, განმცხადებლის მიერ სხდომაზე გაკეთებული დაზუსტებების შესაბამისად, წარმოადგენს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტთან სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისობის საკითხი.
კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, თანალოკაციის ფართთან დაშვება უნდა განახორციელოს არადისკრიმინაციული ტარიფით, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ეკვივალენტურ კომერციულ ფართებზე დადგენილ საბაზრო ფასებს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა (კ.ყურაშვილი) იშუამდგომლა, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს დაეკისროს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი სადაო ტარიფების საქართველოს კანონმდებლობასთან და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის თვალსაზრისით შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, ხოლო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის დაკონკრეტება. კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ასევე იშუამდგომლა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ ზემოხსენებული დასკვნის წარმოდგენამდე, დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე.
კომისიამ გაიზიარა სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობები და აღნიშნულ საკითხზე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე შეაჩერა დავაზე ადმინისტრაციული წარმოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 41-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობა;
2. ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდეს და განახლდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის (გ. ბუთბაია) მიერ სათანადო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი სადაო ტარიფების საქართველოს კანონმდებლობასთან და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის თაობაზე სათანადო დასკვნის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მოდავე მხარეებისათვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
