წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს განცხადების განხილვისა და შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ს სანქცირების შესახებ

ნომერი: 264 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2009

მიღების თარიღი მაისი 29, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელერადიოკომპანია ”რიონმა” შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ აცხადებს პრეტენზიას ქ.ქუთაისში მე-2 მეტრული არხით მაუწყებლობაზე, ამავე დროს კომპანია სარგებლობს ერთ კილოვატიანი გადამცემით და 500 ვტ-ის ნაცვლად მაუწყებლობს ერთი კილოვატიანი სიმძლავრით, კომპანია ასევე არღვევს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო გეოგრაფიულ ზონას და მაუწყებლობას ახორციელებს მთელს დასავლეთ საქართველოში, ამავე დროს, კომპანიას შეცვლილი აქვს ლიცენზიის სახეობა, კერძოდ კი ლიცენზიით გათვალისწინებული საერთო მაუწყებლობის ნაცვლად, ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ საკუთარი ეთერით ავრცელებს პორნოგრაფიას, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ აზრით, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტი და კომპანიას მიაჩნია, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ქ.ქუთაისში მაუწყებლობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე, რაც წარმოადგენს ამ უკანასკნელის სანქცირების საფუძველს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.“ შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს, როგორც დაინტერესებული მხარის, განცხადების განხილვა კომისიის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება და მიზანშეწონილია მისი განხილვა.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს განცხადება, თანდართული მასალებით, შესაბამისი დასკვნისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის შემოწმების აქტი N28 რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ  ქ.ქუთაისის გამსახურდიას გამზ N13, ტელეკომპანი „მეგა ტვ“ ღამის საათებში 08:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე უშვებს საინფორმაციო პროგრამას „დრო“-ს 4-ჯერ პირდაპირ ეთერში. ძირითადად კი მუსიკალური პროგრამები და სარეკლამო განცხადებები გადის. ტელეკომპანიის წარმომადგენლის - ალეკო გვენეტაძის განცხადებით, ღამის 02:00 საათიდან, როდესაც ხდება ეროტიკული ფილმების ჩვენება, ბავშვებს და არასრულწლოვნებს სძინავთ, ან არიან მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, საზოგადოებისა და მაყურებლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ხდება იმ ფილმების გაშვება, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობის მოთხოვნას წარმოადგენს, მათ შორის ეროტიკული ფილმები.

 კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია შემდეგი:

მონიტორინგის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ, „Rodhe&Schwarz FSP3 Spectrum Analyser for Rannge 9Khz-30000 Mhz” ანალიზატორით, გამოკვლეული იქნა შპს ”მეგა ტვ”-ის სალიცენზიო პირობები, კერძოდ, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის ფარგლები.

მონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარებული იქნა ტელეკომპანია შპს “მეგა-ტვ”-ისთვის კომისიის მიერ განსაზღვრულ საკონტროლო გაზომვის წერტილებში (ქუთაისი  - რკინიგზის ძველი სადგური), სოფელი ქვიტირი და ქ. წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია), მე-2 სატელევიზიო არხის (გამოსახულება - 59.25 მჰც) სიხშირეზე. ჩატარებული მონიტორინგისას დაფიქსირდა:

საკონტროლო გაზომვის

წერტილები

სატელევზიო

არხი, სიხშირე

(მგჰც)

კომისიი მიერ

განსაზღვრული

დბ(მკვ/მ)

ახალი

მონაცემები

დბ(მკვ/მ)

შენიშვნა

1

ქ. ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური)

მე-2

59.25

35

36.5

 

2

ქ. წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია)

მე-2

59.25

42

29.5

 

3

სოფ. ქვიტირი                        

 

მე-2

59.25

39

29.5

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედეგად ნათლად ჩანს, რომ ტელეკომპანია შპს ”მეგა ტვ”-ის მე-2 სატელევიზიო არხის ველის დაძაბულობა, ქ. ქუთაისში, რკინიგზის ძველი სადგურის ტერიტორიაზე, 1.5  დბ(მკვ/მ)-ით განსხვავდება კომისიის მიერ, საკონტროლო წერტილში განსაზღვრული ველის დაძაბულობისაგან. რაც გაზომვის ცდომილების (ტექნიკური საშუალებები, კლიმატური პირობები) ფარგლებს არ სცილდება.

ქ. ქუთაისში შპს ”მეგა-ტვ”-ის სტუდიასთან (ზ. გამსახურდიას ქ. კორპუსი №13, კომისიის გადაწყვეტილება №504/22, 24 ნოემბერი 2006) სადაც განთავსებულია სარელეო სადგური, ხონის მიმართულებით (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი), ჩატარებული რადიომონიტორინგის პერიოდში, დაფიქსირებული იქნა, 4430 მჰც სიხშირეზე შპს ”მეგა-ტვ”-ის სარელეო ხაზის ფუნქციონირება, რომლითაც აღნიშნული მისამართიდან ხონის მიმართულებით აწარმოებდა რადიოსარელეო ხაზით სიგნალის მიწოდებას სატელევიზიო გადამცემამდე.

სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს ჩატარებული რადიომონიტორინგის ამსახველი სიხშირული სპექტრის დიაგრამები.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 23 აპრილს კომისიაში, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ სალიცენზიო პირობებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ აღნიშნულია, რომ კომპანია არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-4 თავის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტს, მე-40 მუხლის პირველ პუნქტს, 44-ე მუხლის ბ) პუნქტს გეოგრაფიული ზონის განსაზღვრის შესახებ, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს, 53-ე მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ითხოვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საჩივრის განხილვას და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეკლარაციის მიღებას. განცხადებას ასევე თანდართული აქვს შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ წერილი, რომელმაც შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ დაკვეთით ჩაატარა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ალტერნატიური შემოწმება.

შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ წერილში აღნიშნულია, რომ საკონტროლო წერტილებში სამაუწყებლო სიგნალების დონეები ქ.ქუთაისში (რკინიგზის ძველი სადგური. გეოგრაფიული კოორდინატები N-42015’43“ E42042’44“) 35 დბმკვ/მ-ს ნაცვლად შეადგენს 48 დბმკვ/მ-ს, ქ.წყალტუბოში (სავაჭრო ცენტრი „მერცხალი“ გეოგრაფიული კოორდინატები N42019’39.7“ E42035’58“) 42 დბმკვ/მ-ს ნაცვლად შეადგენს 50 დბმკვ/მ-ს, ქ.სამტრედიაში (ცენტრი გეოგრაფიული კოორდინატები N42009’53“ E42020’48“) 32 დბმკვ/მ-ს ნაცვლად შეადგენს 42 დბმკვ/მ-ს, სოფელ ქვიტირი (გეოგრაფიული კოორდინატები N42014’50.3“ E42038’38“) ნაცვლად 39 დბ (მკვ/მტ)-სა არის 47 დბ (მკვ/მტ). ამავე დროს, წერილში აღნიშნულია, რომ შპს „მეგა ტვ“-სთვის კომისიის მიერ მინიჭებულია 1045მჰც± 14 მჰც  ქ.ქუთაისში  მობილური რადიოსარელეო  კავშირისთვის; 4430 მჰც± 14 მჰც  ქ.ქუთაისიდან (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) ქ.ხონამდე (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი),  სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სტაციონალური სარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით. შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ქ.ქუთაისში აღნიშნულ მისამართზე მოწყობილი აქვს ოფისი, იღებს შეკვეთებს რეკლამებზე და საკაბელო ტელევიზია „სატელიტსერვისის“ მეშვეობით, რომელთანაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, ავრცელებს ქ. ხონის ტელეკომპანიის პროგრამებს ქ.ქუთაისში.

შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს განცხადებასა და შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ წერილთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რადიომონიტორინგის გამსვლელი ჯგუფის მიერ პერიოდულად ხორციელდება ხონის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ\\\"-ს (ლიცენზია №B74, ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ტექნიკური პარამეტრები: ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე, 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;) მეორე სატელევიზიო არხზე სატელევიზიო გადამცემით შექმნილი ველის დაძაბულობის დონეების შემოწმება საკონტროლო წერტილებში. საკონტროლო წერტილების შექმნის იდეა წარმოიშვა იმ მოსაზრებით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ტელეკომპანია ”მეგა-ტვ\\\"-ს სატელევიზიო გადამცემის ტექნიკური პარამეტრების დისტანციური კონტროლი. ეს ყოველივე ასახულია 2005 წლის 2 სექტემბერს კომისიის მიერ მიღებულ №584/2 გადაწყვეტილებაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკონტროლო წერტილები მითითებულია ზოგადად, ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვიერი განმარტებებით, ამიტომ საკონტროლო წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილია, მხოლოდ კომისიის რადიომონიტორინგის გამსვლელი ჯგუფისთვის, რომელიც რადიოკონტროლს აწარმოებს ერთი და იმავე გეოგრაფიულ წერტილებში და ერთი და იმავე გამზომი ხელსაწყოებით.

ამჯერად, შპს ტელერადიოკომპანია ”რიონს” გააჩნია პრეტენზია, თითქოს კომისიის №584/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დონეები მომატებულია, რის საფუძვლადაც ის მიიჩნევს მისი თხოვნით, შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ ჩატარებული გაზომვების შედეგებს.

განვმარტავთ, რომ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის მნიშვნელობების განსაზღვრა მიწის ზედაპირზე ხორციელდება სპეციალური გამზომი ხელსაწყო-დანადგარების მეშვეობით და ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც გაზომვების ჩატარების პროცესში იწვევს ცდომილებას. აღნიშნული საკითხები რეგლამინტირებულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) შესაბამისი რეკომენდაციებით და გაზომვების ჩატარების, მოსალოდნელი ცდომილებების და შედეგების შეფასების მეთოდოლოგია განხილულია და დეტალურად განმარტებულია სხვა საკითხებთან ერთად, ITU-ს რადიობიუროს მიერ გამოცემულ ”რადიკონტროლის ცნობარში”, 585 გვერდის მოცულობით. აღნიშნულ ცნობარში (პუნქტი 4.1.2.2.) განმარტებულია, რომ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გაზომვის დროს მოქმედებს 12 განსხვავებული ფაქტორი, რაც შესაძლებელია მოსალოდნელი ცდომილების მიზეზებს წარმოადგენდეს. აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის უცნობია შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ გაზომვების პროცესში გათვალისწინებული ფაქტორები, გამოყენებული სპეციალიზირებული გამზომი ხელსაწყოს ტიპი და პარამეტრები, რაც გაზომვების შედეგებთან ერთად შესაბამის დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს.

კომისიის რადიომონიტორინგის სისტემის სტაციონალური სადგურების მეშვეობით, ქ. თბილისში და ხობის რაიონის ურთას მთაზე, სადღეღამისო მორიგეობისას ყოველ 4 საათში ერთხელ ხორციელდება რადიომონიტორინგი სამაუწყებლო დიაპაზონებში, რომლის შედეგებიც ინახება საერთო მონაცემთა ბაზაში. კომისიის გამსვლელი ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სამაუწყებლო დონეების სტაბილურობა აღინიშნება აგრეთვე რადიომონიტორინგის მართვის სისტემის ურთის სტაციონალურ სადგურზეც.

რადიომონიტორინგის შედეგები დამოკიდებულია როგორც მიმღები აპარატურის და ანტენის ტექნიკურ პარამეტრებზე, ასევე სამუშაოს განხორციელების ადგილმდებარეობაზე. აღნიშნული საკითხის ზედმიწევნით შესწავლის მიზნით კომისიის მიერ შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფა ICS telecom -ის (მწარმოებელი კომპანია ATDI) მეშვეობით განხორციელდა ვირტუალური რადიოდაფარვა სამგანზომილებიან რუკაზე, სადაც თვალნათლივ ჩანს სამაუწყებლო დონის საგრძნობი ცვალებადობა ქ. ქუთაისის საკონტროლო წერტილის მიდამოებში. ეს ფაქტიც მიუთითებს რადიომონიტორინგის ჩატარებისას ყველა პარამეტრის დაცვის აუცილებლობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კომისიის მონიტორინგის მობილური ჯგუფების მიერ ქ.ქუთაისში გაზომვების ჩატარების პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების და შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურიის” მიერ გამოყენებული საშუალებებით მიღებულ ჩვენებებს შორის, რეალური ურთიერთცდომილების დადგენა.

ამ მიზნით, შესაძლებელია ქ. ქუთაისში, იმ საკონტროლო წერტილებში რაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ წინა გაზომვების დროს იყო შერჩეული, ორივე ჯგუფის მიერ, იმავე ტექნიკური საშუალებებით, გაიზომოს ქ.ხონში მეორე სატელევიზიო არხზე მოქმედი გადამცემის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობის დონე და შედეგების შედარებით, განისაზღვროს ურთიერთცდომილების მნიშვნელობა.

რაც შეეხება რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებას, ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა წერილობით დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ სარელეო სადგურების ტექნიკური პარამეტრები და მათი განთავსების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა №342/19, 13.06.2008 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია.“

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაიწყო კომისიის 2009 წლის 8 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს წარმომადგენლები. სხდომის დაწყებისთანავე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რომ საკითხის განხილვა დაიწყოს წინამდებარე სხდომაზე და გაგრძელდეს კომისიის მომდევნო სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინება თანდართული მასალებით ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს, შესაბამისად, კომპანია არ იცნობდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იქნას მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ  წარმოებაში. კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობა და შესაბამისად, 8 მაისის კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მტკიცებულებები, ამავე დროს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2009 წლის 15 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს წარმომადგენლები.

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანის „მეგა ტვ“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ  კომპანიის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ არ არის მითითებული, თუ რა ხელსაწყოთი მოხდა გაზომვების ჩატარება, რამდენად იყო შესაბამისობაში ყველა ის პარამეტრი, რომელიც ზოგჯერ მნიშვნელოვან ცდომილებასაც კი იწვევს. ასევე შეუსაბამოა სარელეო კავშირის (ქუთაისი-ხონი) ანალიზი. კერძოდ, კომპანიისთვის მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირის კომერციული ან სხვა რაიმე მიზნით გამოყენება წარმოუდგენელია, რადგან სადგური არის სტაციონარული, იგი შენობის სახურავზეა დამონტაჟებული და მიმართულია ხონისკენ. მიმართულების შეცვლა კი იწვევს კავშირის შეწყვეტას. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს განცხადებით, შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურიის” მიერ წარმოდგენილი დასკვნა არაზუსტი, უსაფუძვლო და მიკერძოებულია და მიზნად ისახავს ტელეკომპანიის დისკრედიტაციას, მისთვის არაკონკურენტულ გარემოს შექმნას და მოწინააღმდეგე მხარის წახალისებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ არის საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული მედია ორგანიზაცია, რომლისთვისაც სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ფასეულობები ფუნდამენტურია. კომპანიის ეთერში 2001 წლიდან ახალი ამბები გადაიცემა ყოველდღე, ასევე კვირაში ერთხელ გადაიცემა საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ შოუ „ფორუმი“.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის ქ.ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი აკაკი ბობოხიძის წერილი (14.05.2009 2/15-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, რომ საკითხის განხილვა მოხდეს მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დამრღვევი პირის მიმართ გატარებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კომისიაში ასევე შემოსულია  საქართველოს რეგიონალურ ტელემაუწყებელთა ასოციაციის წერილი (15.05.2009 N6/1083-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ასოციაციის წევრებს შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონს“ შორის არსებული სადაო საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მორიგებით.

კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „სეტ“-ის დირექტორის ბატონ სოლომონ მაჭავარიანის მომართვა (15.05.2009 N6/1087-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ „მეგა ტვ“-ს მე-2 არხის გადამცემი შპს „სეტი“-ს მიერ ტესტირებულ იქნა სავარაუდოდ 2005-2006 წლებში. ტესტირებისას შემოწმებულ იქნა გამოსხივების სპექტრი და სიმძლავრე. გამოსხივების სპექტრი აკმაყოფილებდა ყველა სტანდარტს. სატელევიზიო გადამცემის მიერ გამომუშავებული მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენდა 1000 ვტ-ს. წარმოდგენილი ლიცენზიის მოთხოვნის შესაბამისად, სიმძლავრე შემცირებულ იქნა 500 ვტ-მდე. მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან სიმძლავრის ცვლილებისთვის საჭირო ყველა რეგულატორი მდებარეობს კორპუსის შიგნით, სიმძლავრის ცვლილება კორპუსის გარედან შეუძლებელია. ამავე დროს, სიმძლავრის ცვლილება შესაბამისი ლაბორატორიული პირობების გარეშე, გამოიწვევს გადამცემის მწყობრიდან გამოსვლას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ, 2009 წლის 15 მაისის სხდომაზე განხილული მასალების ანალიზის შემდეგ, იმ მიზნით, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს საქმეზე არსებული მასალების ყოველმხრივ, სრულად და ამომწურავად შესწავლის შედეგად, მიზანშეწონილად მიიჩნია ერთობლივი მონიტორინგის ჩატარება, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის, შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის”, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა შედგენილ იქნას ერთობლივი დასკვნა შემდეგ საკითხებზე:

1. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის N584/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადამცემის სიმძლავრის დადგენა;

2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის N584/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები მეტრული დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე, საკონტროლო გაზომვის წერტილებში, ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის დონეების დაფიქსირებით;

3. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების დანიშნულებისამებრ გამოყენების დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დალუქულიყო შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს სატელევიზიო გადამცემი, რათა მონიტორინგის პროცესში გამორიცხულიყო აღნიშნული გადამცემის სიმძლავრის თვითნებური რეგულირება. კომისიის აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა როგორც შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს, ასევე შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ წარმომადგენლები.

შესაბამისად, საკითხის განხილვა, კომისიის 2008 წლის 15 მაისის N25 ოქმის შესაბამისად, გადადებულ იქნა 2009 წლის 29 მაისისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 20 მაისს შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს მიერ, დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა შპს „სატელიტსერვისის“ წერილი (16.05.2009 N18), რომელშიც აღნიშნულია, რომ  შპს „მეგა ტვ“ შპს „სატელიტსერვისს“ სამაუწყებლო სიგნალს აწვდის ზ.გამსახურდიას ქ.N13-ში საერთო ბინის სახურავზე განთავსებული სარელეო სადგურიდან ჭავჭავაძის გამზირის N59/ბ ბინის სახურავზე განთავსებული სატელევიზიო თეფშით. სარელეო ხაზის სიხშირეა 1045მჰც ± 14 მჰც.

2009 წლის 27 მაისს კომისიაში წარმოდგენი იქნა შპს „სატელიტსერვისი“ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სატელიტსერვისის” 16.05.2009 N18 წერილში დაშვებულ იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ შპს „მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო სიგნალს შპს „სატელიტსერვისი“ იღებს 4430 მჰც სიხშირეზე ნაცლად  1045 მჰც სიხშირისა, რომლის გაძლიერება და მიღებაც ხდება საყოფაცხოვრებო თავაკის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 15 მაისის N25 საოქმო დავალების შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2009 წლის 16 მაისს დალუქულ იქნა ქ.ხონში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს სატელევიზიო გადამცემი სადგური და შესაბამისად, შედგენილ იქნა დალუქვის ოქმი. დალუქვის პროცესს ესწრებოდნენ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს დირექტორი ბატონი მერაბ კიკაბიძე, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს მთავარი ინჟინერი რეზო ოდიშარია, ასევე სხვა დამსწრე პირები, რომელთა ხელმოწერებიც დაფიქსირებულია დალუქვის ოქმზე.

2009 წლის 15 მაისის N25 საოქმო დავალების შესაბამისად, 2009 წლის 26 მაისს ქ.ხონში შედგენილ იქნა ერთობლივი შემოწმების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

„ა.წ. 25 და 26 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 22.05.09 წლის N4/24 ბრძანების საფუძველზე, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ: მთავარი ინჟინერის ნიკოლოზ კონდოლელის, უფროსი ინჟინერის გივი ქართველიშვილის და ტექნიკოსის კახაბერ მამისეიშვილის მიერ, თანახმად კომისიის 2009 წლის 15 მაისის N25 სხდომის საოქმო დავალებისა, შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” წარმომადგენლებთან: მთავარი ინჟინერი თამაზ სვანიძესთან, ტექნიკური განყოფილების უფროს მერაბ ადამიასთან და ინჟინერ გიგა კობოსნიძესთან ერთად, ჩატარებულ იქნა ერთობლივი სამუშაოები: შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ისთვის კომისიის მიერ განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებში  (ქ. ქუთაისში (რკინიგზის ძველი სადგური) ქ. წყალტუბოში (სავაჭრო ცენტრი) და სოფელ ქვიტირში), სამაუწყებლო მე-2 სატლევიზიო არხის, გამოსახულების სიხშირეზე, ველის დაძაბულობის დონეების დასაფიქსირებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირების შესამოწმებლად და სამაუწყებლო მე-2 სატლევიზიო არხის გადამცემი სადგურის მიერ გამოსხივებული სიმძლავრის დასაფიქსირებლად.

ერთობლივი სამუშაოების შედეგად დადგინდა:

1. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ისთვის კომისიის მიერ განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებში ჩატარებული მონიტორინგის პერიოდში, შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ გამოყენებული გამზომი ხელსაწყოთი (PROMAX-377+) მიღებული ველის დაძაბულობები, დახლოებით 6-7 დბმკვ.-ით აღემატება კომისიის აპარატის, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მობილური სისტემის მიერ გამოყენებულ (ROHDE&SCHWARZ FSP – SPECTRUM ANALYZER 9kHz-3GHz) სპექტრის ანალიზატორის მიერ მიღებულ ველის დაძაბულობებს, შედეგები მოცემულია ცხრილის სახით:

საკონტროლო

წერტილები

გამოყენებული გამზომი ხელსაწყოებით დაფიქსირეუბლი

 ველის დაძაბულობები (დბმკვ/მ)

შენიშვნა

ROHDE&SCHVARZ

PROMAX -377+ და PROMAX

PROLINK-4C

 

ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური)

25.05.09

26.05.09

25.05.09

26.05.09

 

36.5

36.5

42.7

42.5

წყალტუბო

 (სავაჭრო ცენტრი)

6.4

29

13

36.2

 

სოფელი

ქვიტირი

38.5

39.5

45.3

44.8

 

2. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის სარელეო ხაზის (ქუთაისი, ზ. გამსახურიდიას გამზ.N13 – ქ. ხონი) შემოწმების პერიოდში, დადგინდა, რომ  შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ი სარელეო სიგნალის მიწოდებას ქ. ხონში, სატალევიზიო გადამცემამდე ახორციელებს 4430 მჰც სიხშირეზე, ხოლო რაც შეეხება მობილური ჩართვებისათვის მინიჭებულ 1045 მჰც სიხშირეს, ერთობლივი მონიტორინგის პერიოდში, მისი ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა.

შპს “სატელიტ-სერვისი”-ს საკაბელო ქსელში, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის სატელევიზიო სიგნალის მიღება, ხორციელდება, სარელეო 4430 მჰც სიხშირის შესაბამისი საყოფაცხოვრებო მიმღები ანტენით, რომელიც განთავსებულია ჭავჭავაძის გამზირი N59/ბ ბინის სახურავზე. ვინაიდან აღნიშნული ანტენის თავაკის სამუშაო დიაპაზონია 3400 – 4200 მჰც. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის და შპს “სატელიტ-სერვისი”-ს ხელმძღვანელების მიერ ხელოვნურად იქნა შეცვლილი მიმღები თავაკის გეტეროდინული სიხშირე, რადგან მიმღები მოწყობილობისათვის აღქმადი ყოფილიყო სარელეო ხაზის სიგნალი.

3. შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” წარმომადგენლების მიერ, სიმძლავრის გამზომი ხელსაწყოთი - მიკროვატმეტრი BIRD ELECTRONIC CORPORATION”-”-ით, გამოყენებული თავაკით - რომლის სიხშირული დიაპაზონია 100 - 250 მჰც, დატვირთვის ექვივალენტით 500 ვტ. და ტალღური წინაღობით 75 ომით, შემოწმებული იქნა, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის, მე-2 სატელევიზიო არხის გადამცემიდან გამომავალი სიმძლავრე. მიკროვატმეტრის შკალაზე დაფიქსირდა 130 ვტ. რადგან თავაკის სიხშირული დიაპაზონი (100 – 250 მჰც) არ შეესაბამებოდა მე-2 სატელევიზიო არხის (58 – 66 მჰც) სიხშირულ ზოლს, მოსალოდნელია ცდომილება, გადამცემის რეალურ სიმძლავრესა და მიკროვატმეტრით დაფიქსირებულ სიმძლავრეს შორის.

ოქმზე დატანილია შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მთავარი ინჟინრის თამაზ სვანიძის შენიშვნა, სადაც აღნიშნულია, რომ

1. მიმღები მოწყობილობა, რომელიც „მეგა ტვ“-ს სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის არის გამოყენებული, საკაბელოსთვის, ეკუთვნის შპს „მეგა ტვ“-ს.

2. წყალტუბოში 25.05.09 წ. გაზომვის დროს „მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო სიგნალი საკონტროლო წერტილში არ დაფიქსირებულა.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების, შუამდგომლობებისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნების ანალიზის შესაბამისად,  კომისიის სამართლებრივი დეპატამენტი აღნიშნავს შემდეგს:

 შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ფლობს კერძო მაუწყებლობის № B74 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე ქ. ხონში და მის მიმდებარე რაინოებში), კომპანიას კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, მინიჭებული აქვს  სიხშირე 1045მჰც± 14 მჰც  ქ.ქუთაისში  მობილური რადიოსარელეო  კავშირისთვის; 4430 მჰც± 14 მჰც  ქ.ქუთაისიდან (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) ქ.ხონამდე (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი),  სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სტაციონალური სარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა შემდეგი:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის შემოწმების აქტი N28, რომელსაც თანდართული აქვს შემოწმების პროცესში კომპანიის ეთერში გადაცემული გადაცემების ჩანაწერი СD დისკზე, მათ შორის მხატვრული ფილმი - „ემანუელა“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჩაწერილ СD-ზე არსებული პროგრამები არ წარმოადგენს პორნოგრაფიულ პროდუქციას, რასაც ადასტურებს СD-ზე ჩაწერილი მხ. ფილმისათვის ევროპული ქვეყნების მიერ მინიჭებული ასაკობრივი კატეგორიები (ჰოლანდია 16, ისლანდია - 16, საფრანგეთი - 16, ფინეთი - 18, ინგლისი - 18, გერმანია - 16, ნორვეგია - 18). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, პორნოგრაფიული საგნის დამახასიათებელ თავისებურებად მიჩნეულია, რომ მათი შინაარსი სექსუალური ურთიერთობების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ დეტალებს (წვრილმანებს) უხეში ნატურალიზმით გამოხატავს.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული პორნოგრაფიის ლეგალური დეფინიცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ საკუთარი ეთერით პორნოგრაფიის გავრცელება, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.“ ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.“ კომისიის მიერ 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითრეგულირების სისტემის შექმნა და საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენა და ამოქმედება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ საერთო მაუწყებლობას  და მაუწყებლობენ ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ რომც დაფიქსირებულიყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის დარღვევის ფაქტი, კომისია არ იქნებოდა უფლებამოსილი განეხორციელებინა რეაგირება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის დარღვევის გამო.

2. შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს განცხადებით, კომპანია საერთო მაუწყებლობის მაგივრად, ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას და შესაბამისად, მის მიერ შეცვლილია კერძო მაუწყებლობის NB74 ლიცენზიის სახეობა.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ შემოწმების აქტის შესაბამისად, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანი „მეგა ტვ“  08:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე უშვებს საინფორმაციო პროგრამას „დრო“ 4-ჯერ პირდაპირ ეთერში. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიერ არ არის შეცვლილი კერძო მაუწყებლობის NB74 ლიცენზიის სახეობა.

შესაბამისად, სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის N584/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დარღვევა არ ფიქსირდება;

3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად (2009 წლის 23-24 მარტი) დაფიქსირებულ იქნა, რომ შპს ”მეგა ტვ”-ის მე-2 სატელევიზიო არხის ველის დაძაბულობა, ქ.ქუთაისში, რკინიგზის ძველი სადგურის ტერიტორიაზე, 1.5  დბ(მკვ/მ)-ით განსხვავდება კომისიის მიერ, საკონტროლო წერტილში განსაზღვრული ველის დაძაბულობისაგან, რაც გაზომვის ცდომილების (ტექნიკური საშუალებები, კლიმატური პირობები) ფარგლებს არ სცილდება. შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს მიერ წარმოდგენილი, შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ ჩატარებულ ალტერნატიულ შემოწმებაში, რომელიც ჩატარებულ იქნა 2009 წლის 3 აპრილს, დაფიქსირებულია, რომ საკონტროლო წერტილებში სამაუწყებლო სიგნალების დონეები მომატებულია და არ შეესაბამება კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვულ პარამეტრებს. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 6 მაისს სამსახურებრივი ბარათით N10/241-09 მოთხოვნილ იქნა რადიომონიტორინგის სისტემის სტაციონარული სადგურის (ხობის რაიონი, ურთას მთა) მონაცემები 3 აპრილისათვის, 24 საათის განმავლობაში, შპს „მეგა ტვ“-ს NB74 ლიცენზიით განსაზღვრულ მე-2 სატელევიზიო არხზე, ქ.წყალტუბოს, სოფელ ქვიტირის და ქ.ქუთაისის და ქ.სამტრედიის საკონტროლო გაზომვით წერტილებში. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი (06.05.2009 N10/243-09) რომელშიც აღნიშნულია, რომ ურთის სტაციონარული სადგურით შესაძლებელია მხოლოდ ანძაზე განთავსებული ანტენების მახლობლად არსებული ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის განსაზღვრა, ხოლო რაც შეეხება B74 ლიცენზიით განსაზღვრულ მე-2 სატელევიზიო არხზე, ქ.წყალტუბოს, სოფელ ქვიტირის, ქ.ქუთაისის და ქ.სამტრედიის საკონტროლო გაზომვით წერტილებში დაფიქსირებული მონაცემების გარკვევას, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ რადიომონიტორინგის მობილური სადგურის მეშვეობით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტისა და შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურიის” მიერ 2009 წლის 25 და 26 მაისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ისთვის კომისიის მიერ განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებში ჩატარებული მონიტორინგის პერიოდში, შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ გამოყენებული გამზომი ხელსაწყოთი (PROMAX-377+) მიღებული ველის დაძაბულობები, დახლოებით 6-7 დბმკვ.-ით აღემატება კომისიის აპარატის, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მობილური სისტემის მიერ გამოყენებულ (ROHDE&SCHWARZ FSP – SPECTRUM ANALYZER 9kHz-3GHz) სპექტრის ანალიზატორის მიერ მიღებულ ველის დაძაბულობებს.

შესაბამისად, კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  უტყუარი მტკიცებულების სახით ვერ იქნება გაზიარებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“  წერილში აღნიშნულ  მონაცემები, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებში ველის დაძაბულობის მომატების შესახებ, ვინაიდან სახეზეა გაზომვისთვის გამოყენებულ ხელსაწყოებს შორის სხვაობა, და შესაბამისად აღნიშნული სხვაობის შედეგად მიღებული მონაცემები ვერ ჩაითვლება იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიის მიერ ხდება საკონტროლო წერტილებში ველის დაძაბულობის შეცვლა.

შპს  დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ გადამცემის სიმძლავრის მომატებასთან დაკავშირებით, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ერთობლივი შემოწმების შედეგად, შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” წარმომადგენლების მიერ, სიმძლავრის გამზომი ხელსაწყოთი - მიკროვატმეტრი BIRD ELECTRONIC CORPORATION”-ით, გამოყენებული თავაკით - რომლის სიხშირული დიაპაზონია 100 - 250 მჰც, დატვირთვის ექვივალენტით 500 ვტ. და ტალღური წინაღობით 75 ომით, შემოწმებული იქნა, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის, მე-2 სატელევიზიო არხის გადამცემიდან გამომავალი სიმძლავრე. მიკროვატმეტრის შკალაზე დაფიქსირდა 130 ვტ. რადგან თავაკის სიხშირული დიაპაზონი (100 – 250 მჰც) არ შეესაბამებოდა მე-2 სატელევიზიო არხის (58 – 66 მჰც) სიხშირულ ზოლს, რის გამოც მოსალოდნელია ცდომილება, გადამცემის რეალურ სიმძლავრესა და მიკროვატმეტრით დაფიქსირებულ სიმძლავრეს შორის.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს არ აქვს შესაბამისი აპარატურა სატელევიზიო გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრის გაზომვისთვის, ხოლო “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” წარმომადგენლების მიერ სიმძლავრის გაზომვის დროს არ დაფიქსირებულა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ გადამცემის სიმძლავრის მომატების ფაქტი, ხოლო გამოყენებული ხელსაწყო შეუსაბამო იყო, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ დასტურდება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის N584/2 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით.

შესაბამისად, სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის N584/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევა არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით და მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, კომპანიის სანქცირება არ არის მიზანშეწონილი;

4. რაც შეეხება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების შესაბამისად მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირის არადანიშნულებით გამოყენების საკითხს, სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ რადიომონიტორინგის პერიოდში, დაფიქსირებული იქნა, 4430 მჰც სიხშირეზე შპს ”მეგა-ტვ”-ის სარელეო ხაზის ფუნქციონირება, რომლითაც აღნიშნული მისამართიდან ხონის მიმართულებით აწარმოებდა რადიოსარელეო ხაზით სიგნალის მიწოდებას სატელევიზიო გადამცემამდე, ხოლო შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ ჩატარებულ ალტერნატიულ შემოწმების შედეგად წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიას,   ქ.ქუთაისში, მისამართზე (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) მოწყობილი აქვს ოფისი, იღებს შეკვეთებს რეკლამებზე და საკაბელო ტელევიზია „სატელიტსერვისის“ მეშვეობით, რომელთანაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, ავრცელებს ქ. ხონის ტელეკომპანიის პროგრამებს ქ.ქუთაისში. 2009 წლის 26 მაისს შედგენილ ერთობლივი შემოწმების ოქმში აღნიშნულია, რომ შპს “სატელიტ-სერვისი”-ს საკაბელო ქსელში, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის სატელევიზიო სიგნალის მიღება, ხორციელდება, სარელეო 4430 მჰც სიხშირის შესაბამისი საყოფაცხოვრებო მიმღები ანტენით, რომელიც განთავსებულია ჭავჭავაძის გამზირი N59/ბ ბინის სახურავზე. ვინაიდან აღნიშნული ანტენის თავაკის სამუშაო დიაპაზონია 3400 – 4200 მჰც. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის და შპს “სატელიტ-სერვისი”-ს ხელმძღვანელების მიერ ხელოვნურად იქნა შეცვლილი მიმღები თავაკის გეტეროდინული სიხშირე, რადგან მიმღები მოწყობილობისათვის აღქმადი ყოფილიყო სარელეო ხაზის სიგნალი.

კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მინიჭებული აქვს  სიხშირე 1045მჰც±14 მჰც  ქ.ქუთაისში  მობილური რადიოსარელეო  კავშირისთვის; 4430 მჰც±14 მჰც  ქ.ქუთაისიდან (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) ქ.ხონამდე (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი),  სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სტაციონალური სარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, რაც კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას სატელევიზიო სიგნალი მიაწოდოს ქ.ქუთაისიდან ქ.ხონამდე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ეფუძნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტს. კერძოდ, კომისია, ამ მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს, ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 შესაბამისად, დადასტურებულ ფაქტად უნდა იქნას მიჩნეული, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“- ს მიერ არადანიშნულებისამებრ არის გამოყენებული კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეები, კერძოდ, კომპანია  4430 მჰც± 14 მჰც სიხშირულ დიაპაზონს იყენებს არა მარტო სტაციონალური სარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, არამედ, თავისი სამაუწყებლო სიგნალის შპს „სატელიტსერვისი“-სთვის მიწოდებისთვის და ამ უკანასკნელის ქსელში საკუთარი პროგრამების განთავსებისთვის, რაც არ ემსახურება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნებს.

ის ფაქტი, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ 4430 მჰც± 14 მჰც სიხშირეების გამოყენება ხდება არადანიშნულებისამებრ, კერძოდ არა შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით (N3 09.06.2006), რომელიც კომპანიას გაფორმებული აქვს შპს „სატელიტსერვისთან“. ასევე, თავად შპს „სატელიტსერვისის“ წერილებით (16.05.2009 N18; 26.05.2009 N20).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მხრიდან კომისიის  2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების დარღვევა, რაც წარმოადგენს ამ უკანასკნელის სანქცირების, კერძოდ მის მიმართ სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენების საფუძველს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი  წერილობით გააფრთხილოს.

კომისიის სამართლებრივი დაპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ, კომისიაში, 2009 წლის 29 მაისს წარმოდგენილია წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ საკაბელო ქსელში შეწყვეტილია შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მაუწყებლობა, კერძოდ შპს „სატელიტსერვისმა“ გააუქმა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება N3, 9.06.2006 წ., 18.05.2009-დან.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სხდომაზე დეპარტამენტის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რომ განხორციელდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს გადამცემის მაქსიმალური გამოსასვლელი სიმძლავრის დაყენება 500 ვტ-ზე, როგორც ეს გათვალისწინებულია სალიცენზიო პირობის შესაბამისად, ლაბორატორიული წესით, კომისიის, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს წარმომადგენლების თანდასწრებით და განხორციელდეს გადამცემის დალუქვა. სამართლებრივი დეპარტამენტის აღნიშნული შუამდგომლობა გაზიარებულ იქნა როგორც შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს, ასევე შპს ტელეკომპანია „რიონის“ მიერ.  

კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის არგუმენტაცია და დასაბუთება, ამასთან, თავი შეიკავა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის დეკლარაციის გამოყენების დავალდებულებისგან და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების მოთხოვნების დარღვევის გამო;

2.  უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „მეგა ტვ“-მ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N342/19 გადაწყვეტილების დარღვევის თავიდან აცილება შემდგომში მისი საქმიანობისას;

3. უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „მეგა ტვ“-მ, წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშო დღის ვადაში, კომპანიის კუთვნილი გადამცემის მაქსიმალური გამოსასვლელი სიმძლავრის დაყენება 500 ვტ-ზე, როგორც ეს გათვალისწინებულია სალიცენზიო პირობით, ლაბორატორიული წესით, კომისიის, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს და შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-ს წარმომადგენლების თანდასწრებით, ხოლო კომისიამ განახორციელოს გადამცემის დალუქვა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“-სა და ქ.ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ აკაკი ბობოხიძისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს (ს.შავგულიძე; გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი           

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                  კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                  ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები