წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №B103 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ამავე კომპანიის გაფრთხილების შესახებ

ნომერი: 265 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2009

მიღების თარიღი ივნისი 03, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №741/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზია მოდიფიცირდა კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B103 (მოქმედების ვადა  19.03.2014);  შესაბამისი ცვლილებები შევიდა კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაშიც. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მონაცემებით, 2008 წლის 19 დეკემბრიდან გასულია 3 თვეზე მეტი ხანი, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს არ აქვს დაწყებული შემეცნებით მუსიკალურ გასართობი პროგრამებით მაუწყებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2009 წლის 24 აპრილის №199/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს №B103 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

კომისიის 2009 წლის 24 აპრილის №199/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 27 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი (თ. მურადაშვილი).

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს არ შეუწყვეტია მაუწყებლობა კუთვნილი №B103 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებით, თუმცა მის მიერ არ დაწყებულა ლიცენზიით განსაზღვრული სახეობის (კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობა) შესაბამისი პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა არა ლიცენზიის გაუქმების საფუძველი (მაუწყებლობის შეწყვეტა ან/და პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა), არამედ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხრიდან სალიცენზიო პირობების უხეში დარღვევის ფაქტი. კერძოდ, საქმეზე თანდართული მასალებითა და კომპანიის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ დადასტურებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა) შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს, კუთვნილი №B103 ლიცენზიით გათვალისწინებული მაუწყებლობა არ შეუწყვეტია;

 ბ) შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზიის სახეობის შეცვლას, ანუ არა სპეციალიზებულ (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) მაუწყებლობას, არამედ საერთო მაუწყებლობის განხორციელებას 2008 წლის 19 დეკემბრიდან 2009 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობის დარღვევას;

გ) 2009 წლის 1 მაისიდან შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” გადავიდა საცდელ (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) პროგრამებით მაუწყებლობაზე. შესაბამისად, სამართლებრივი დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა არა ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, არამედ სალიცენზიო პირობის უხეში დარღვევის შემდგარი ფაქტი.

გამომდინარე იქიდან, რომ სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქცირების საფუძველს, რომლის თანახმად ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისიამ, გაითვალისწინა რა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა და სამართლებრივი დეპარტამენტების განმარტებები, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (ი. მოსეშვილი)

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №741/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტისა და №B103 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო და დაევალოს დარღვევის დაუყონებლივ აღმოფხვრა;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-სთვის  გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრი                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები