სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის” შპს ”მაკროკომთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გადადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” იუწყება, რომ შპს ”მაკროკომს” 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 154 819.15 ლარის ოდენობით, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ. ამასთან, როგორც განმცხადებელი მხარე აღნიშნავს, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ”მაკროკომისთვის” 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები.
მოთხოვნა:
კომისიამ სს ”გაერთიანებული ტელეკომს” მისცეს თანხმობა შპს ”მაკროკომთან” არსებული მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, ამ უკანასკნელის მიერ განმცხედებელი მხარის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაკროკომს” და ეცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 27 იანვარს, კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოხდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ლ.გიორგაძე, ხოლო შპს ”მაკროკომის” მხრიდან ლ. გელანტია და ე.მაისურაძე. აღნიშნულ სხდომაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ 2009 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ”მაკროკომს”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 162 391.87 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, შპს ”მაკროკომმა” აღიარა აღნიშნული ვალი და იშუამდგომლა, სხდომის გადადების თაობაზე, რათა მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება ვალის გადახდის პირობებსა და გრაფიკზე. ზემოაღნიშნული მოთხოვნა კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და საკითხის განხილვა გადაიდო 2008 წლის 6 თებერვლისათვის.
2008 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა კიდევ იშუამდგომლეს სხდომის გადადებაზე, რათა მხარეებს შორის მიღწეულ იქნას საბოლოო შეთანხმება და მორიგებით შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილი იქნება დაკმაყოფილდეს სს ”გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ”მაკროკომის” შუამდგომლობა და მხარეებს მიეცეთ, მათ მიერვე მოთხოვნილი 1-კვირიანი ვადა, იმისათვის, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული ვალის გადახდის გრაფიკზე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მხარეთა ურთიერთშეთანხმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-40 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის” შპს ”მაკროკომთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვა გადაიდოს 2008 წლის 13 თებერვლისათვის;
2. სს ”გაერთიანებული ტელეკომი” და შპს ”მაკროკომი” ჩაითვალნონ სხდომაზევე გაფრთხილებულად, მომდევნო სხდომის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე;
3. სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” მიეცეთ 1-კვირიანი ვადა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ შპს ”მაკროკომის” მიერ აღიარებული დავალიანების (162 391.87 ლარის ოდენობით) გადახდის გრაფიკსა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე შესათანხმებლად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
