წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელების” 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გადადების თაობაზე

ნომერი: 28 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 24 დეკემბრის განცხადებით მიმართა  კომისიას სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების მოთხოვნით.

განმცხადებელმა აცნობა კომისიას, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილ საცალო ბაზრის ზედა ზღვრული ტარიფის დარღვევით სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ განხორციელებულია არასათანადო ტარიფიკაცია. 

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ კომისიის №189/9 გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ  სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს დაუდგინდათ სატელეფონო მომსახურების საცალო ზედა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა სს ”გაერთიანებული ტელეკომი”  აგრძელებს აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 5 დეკემბერს მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იგი ძალაში შევიდა მიღებისთანავე, ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა სს ”გაერთიანებული ტელეკომს” და ეცნობა საკითხის განხილვის თარიღი და როგორც დაინტერესებულ მხარეს, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.

აღნიშნული საკითხის განხილვა 2009 წლის 27 იანვარს ვერ ჩატარდა, განმცხადებელი მხარის, კერძოდ  შპს ”ახალი ქსელების” გამოუცხადებლობის გამო. 2009 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, კვლავ არ გამოცხადდა შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი.

კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნული საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ გადადოს 2009 წლის 13 თებერვლისათვის. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ განმცხადებელ მხარეს ნათლად უნდა განემარტოს, რომ მისი არასაპატიო მიზეზით კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია განცხადებას განიხილავს მისი მონაწილეობის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1.  შპს ”ახალ ქსელების” 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და  სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  სანქცირების საკითხის განხილვა გადაიდოს 2008 წლის 13 თებერვლს, 16 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის”  გაგზავნა;

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის” ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                    ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებლები:                 კ. კვიტაიშვილი                                          

                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები