სს ”ინფოჯორჯია XXI“-ს განცხადების საფუძველზე, შპს ”ჩვენი რადიოს”-ს, შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს ”ცნობარი 08”-ს სანქცირების თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, სს ”ინფოჯორჯია XXI“-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შპს „ცნობარი
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონით დადგენილი სანქციების დაკისრება.”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა, კომისიას მიმართა განცხადებით №81, სადაც აღნიშნულია, რომ FM 95,5-ზე შპს „რადიო კომერსანტი“ ავრცელებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულ არაკეთილსინდისიერ და აკრძალულ შედარებით რეკლამას, რითაც დარღვეულია სს ”ინფოჯორჯიას XXI ”-ის, როგორც საინფორმაციო ცენტრ 09-ის საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. კერძოდ, შპს „რადიო კომერსანტი”-ს მიერ საინფორმაციო ცნობარი 08-ის რეკლამირებისას, მოყვანილი ირიბი შედარებითა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ხდება ბაზარზე არსებული იგივე ტიპის საინფორმაციო ცენტრის - 09-ს დისკრედიტაცია.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
1) კომისიის მხრიდან განხორციელდეს აღნიშნული რეკლამის გამავრცელებლის, ასევე მისი დამკვეთის სანქცირება;
2) სრულად შეჩერდეს ხსენებული რეკლამის გავრცელება;
3) დაევალოთ სამართალდამრღვევ პირებს კონტრრეკლამის განხორციელება;
კომისია აღნიშნავს, რომ სს”ინფოჯორჯია XXI ”-მ 2009 წლის 24 აპრილს კომისიაში შემოიტანა მეორე განცხადება №109, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად იშუამდგომლა შპს „რადიო კომერსანტი“-სგან ცნობარი 08-ის სარეკლამო რგოლის გამოთხოვის თაობაზე. კომპანიამ ასევე დაადგინა აღნიშნული სარეკლამო რგოლის დამამზადებლის ვინაობაც, რომელსაც წარმოადგენს შპს ”რადიო საქართველო” (რადიო ფორტუნა). აღნიშნულის დასადასტურებლად, სს”ინფოჯორჯია XXI”-მ განცხადებას თან დაურთო ელექტრონული მიმოწერა, რაც სს”ინფოჯორჯია XXI” განცხადებით ადასტურებს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი ინახება შპს ”რადიო საქართველო“-ს არქივში. სს „ინფოჯორჯია XXI”-ის განცხადებაში დაყენებულია შუამდგომლობა შპს „რადიო საქართველო“-სგან სადაო სარეკლამო რგოლის გამოთხოვის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს”ინფოჯორჯია XXI ”-მ, 2009 წლის 29 აპრილს, კომისიის მიმართ, მესამე განცხადებით №114, სადაც დააზუსტა მოთხოვნა. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ FM 95,5 სიხშირეზე დღეის მდგომარეობით რადიომაუწყებლობა ხორციელდება შპს ”რადიო კომერსანტის” სავაჭრო სახელწოდებით, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირი არის შპს ”ჩვენი რადიო”. აღნიშნული დასტურდება განცხადებას თანდართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით. განცხადებას ასევე თან ერთვის კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №742/2 გადაწყვეტილება ”შპს ”ჩვენი რადიოს” №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”. დაზუსტებულ განცხადებაში უკანონო რეკლამის გამავრცელებელ პირად მითითებულია - შპს ”რადიო კომერსანტი” და შპს ”ჩვენი რადიო”, ხოლო რეკლამის დამკვეთად - შპს ”ცნობარი-08”. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს” ინფოჯორჯია XXI”-ს მე-4 განცხადება, №157, სადაც განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „ცნობარი 08“-სა და შპს „კომერსანტი“-ს მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ პირებს, სამართალდარღვევა განახორციელდა ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „ჯეოცნობარი“-ს მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის იურისდიქცია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ლიცენზირებულ ან/და ავტორიზებულ პირებზე, თუ სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო კომერსანტი”, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო და ავტორიზებულ პირთა რეესტრის მონაცემებით, ისევე როგორც შპს ”ცნობარი-08” არ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მოქმედ ლიცენზირებულ ან/და ავტორიზებულ პირებს და შესაბამისად, მათზე კომისიის იურისდიქცია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის გამოვლენისას, ან სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის დამკვეთის ან დამამზადებლის მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევის ნაწილში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი - 08 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის საფუძველზე, ეკუთვნის შპს „ჯეო-ცნობარს“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 28 მარტს. რეგისტრაციის N4079/005-შპს), ხოლო FM 95.5 -ზე რადიომაუწყებლობის უფლება, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის შესაბამისად, ეკუთვნის შპს „ჩვენ რადიო“-ს (რეგისტრირებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო მიერ 2004 წლის 25 ივლისს რეგისტრაციის N 2/4-3999 საიდენტიფიკაციო კოდი - 202236954).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2009 წლის 29 მაისს შპს ”ჩვენ რადიოს” და შპს ”ჯეოცნობარს” გაეგზავნათ შეტყობინებები (29.05.2009 №03/807-09; №03/807-09). აღნიშნული შეტყობინებით, კომპანიებს ეთხოვათ კომისიაში 2009 წლის 3 ივნისამდე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული შუამდგომლობებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა. კომისიამ ასევე შეტყობინებით (04.06.2009 N03/829-09) მიმართა შპს „რადიო საქართველოს“ და გამოითხოვა მათ მიერ დამზადებული სადაო სარეკლამო რგოლი.
საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 5 მაისი, მაგრამ კომისიის აღნიშნული სხდომა გადაიდო ქვორუმის არ არსებობის გამო.
საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 3 ივლისს. საკითხის განხილვის დღის შესახებ დამატებითი შეტყობინებით ეცნობათ: სს „ინფოჯორჯია XXI”-ს, შპს „ჩვენი“ რადიო“-ს შპს „ჯეოცნობარს“, შპს „ცნობარი 08“-ს , შპს „რადიო საქართველოს“ და შპს „რადიო კომერსანტს“ (23.06.2009 N03/887-09; N03/888-09; N03/889-09; N03/890-09; N03/891-09 01.07.2009 N03/1026-09), აღნიშნულ პირებს ასევე გადაეგზავნათ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მასალები.
საკითხის განხილვას ესწრებოდნენ სს „ინფოჯორჯია XXI”-ს, შპს „ჩვენი რადიო“-ს შპს „ჯეოცნობარის“, შპს „ცნობარი 08“-ს, შპს „რადიო კომერსანტს“ და შპს „რადიო საქართველოს“ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისასამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა მიეკუთვნება კომისიის უფლებამოსილების სფეროს, როგორც შპს „ჯეოცნობარის” და შპს ”ჩვენი რადიოს ” მიმართ, ისე შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიმართ. ამ უკანასკნელებთან მიმართებაში მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ნაწილში.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მწარმოებელს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელია - ფიზიკური ან იურიდიული პირი,რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ რეკლამის დამკვეთ პირად დასახელებულია - შპს „ცნობარი 08“, რეკლამის მწარმოებლად - შპს „რადიო საქართველო“, ხოლო რეკლამის გამავრცელებლად - შპს „რადიო კომერსანტი“ და შპს „ჩვენი რადიო“.
სს ”ინფოჯორჯია XXI”, კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნავს, რომ რეკლამის გამავრცელებლის - შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს „ჩვენი რადიო“-ს და ასევე რეკლამის დამკვეთის - შპს „ცნობარი 08“-ს მიერ ხორციელდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი რეკლამის განხორციელება, ასევე სახეზეა ამავე მუხლის მე-61 პუნქტით გათვალისწინებული შედარებითი რეკლამა და შესაბამისად, კომპანიების მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები.
კომისიის 2009 წლის 3 ივლისის სხდომაზე, განმცხადებელ მხარეს განემარტა, რომ იმ მიზნით, რომ კომისია უფლებამოსილი იყოს საკითხის განხილვისთვის, სს „ინფოჯორჯია XXI”-მა უნდა დააზუსტოს თავის მოთხოვნაში სათანადო მოპასუხე პირები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია ზემოაღნიშნულ განმარტებების შესაბამისად, არ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს კანონისმიერი იურისდიქცია. განმცხადებელ მხარეს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ სადაო რეკლამის დამკვეთი არის - შპს „ცნობარი 08“, რეკლამის მწარმოებელი შპს „რადიო საქართველო“, (თუმცა ამ უკანასკნელის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (N6/1261-09 05.06.2009), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „რადიო საქართველოსა“ და შპს „ჩვენს რადიო“-ს შორის სარეკლამო რგოლის დამზადებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეკვეთა არ შემდგარა, რის გამოც შპს „რადიო საქართველო“ ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნის სარეკლამო რგოლის მოწოდების თაობაზე), ხოლო რეკლამის გამავრცელებელია - შპს „ჩვენი რადიო“, შპს „რადიო კომერსანტი“.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა განსაზღვრულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, აშკარად ყალბი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით. რეკლამის შინაარსის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადაო რეკლამის შინაარსი, კერძოდ რეკლამაში გადაცემული ინფორმაცია, არ შეიცავს მცდარ მონაცემებს, კერძოდ, შპს „ცნობარი 08“ წარმოადგენს საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ახორციელებს მომხმარებლებისთვის განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ საინფორმაციო მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად, ამ ნაწილში არ დასტურდება შპს „ცნობარი 08“-ს, როგორც რეკლამის დამკვეთის მიერ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების, კერძოდ რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ჩვენი რადიო“-ს ეთერით გავრცელებული რეკლამა და წარმოდგენილია შემოწმების აქტი №29 სადაც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 13 აპრილს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ჩვენი რადიოს” FM 95,5 სიხშირეზე, ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის მეშვეობით საინფორმაციო ცენტრი 09-ის მიმართ არანაირი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ადგილი არ ჰქონია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ რეკლამის შინაარსის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს ეთერით გადაცემული შპს „ცნობარი 08“-ს რეკლამა, არ წარმოადგენს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არასათანადო რეკლამას, გამომდინარე იქიდან, რომ არ დასტურდება რეკლამის შინაარსიდან გამომდინარე არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი შინაარსი, ამავე დროს არ დასტურედება, რომ რეკლამაში დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე დროს, აღნიშნული რეკლამა ასევე არ წარმოადგენს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძლულ, არაკეთილსინდისიერ რეკლამას, ვინაიდან იგი არ შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, ამ შემთხვევაში სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ გაწეულ მომსახურებასთან, ამავე დროს, არ შეიცავს ამ უკანასკნელის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, არ ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ან/და მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
რაც შეეხება შედარებით რეკლამას, კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის შესაბამისად, შედარებითი რეკლამა დასაშვებია შემდეგ შემთხვევაში:
ა) თუ ის ერთმანეთს ადარებს ისეთ საქონელს ან/და მომსახურებას, რომლებიც გამოიყენება ერთი და იმავე საჭიროებისათვის ან მიზნისათვის;
ბ) თუ ის ობიექტურად ადარებს ერთმანეთს საქონლის ან/და მომსახურების ერთ ან მეტ საგნობრივ, არსებით, შემოწმებად და ტიპურ თვისებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ღირებულება;
გ) თუ ის ბაზარზე არ იწვევს აღრევას რეკლამის დამკვეთსა და კონკურენტს ან რეკლამის დამკვეთისა და კონკურენტის სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, საქონელსა და მომსახურებას შორის;
დ) თუ ის არ ახდენს კონკურენტის მდგომარეობის, სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო დასახელებების, სხვა განმასხვავებელი ნიშნების, საქონლის, მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაციას;
ე) თუ ის წარმოშობის მითითებით გამოშვებული პროდუქციის რეკლამირებისას, თითოეულ შემთხვევაში, მიუთითებს იმავე დასახელების პროდუქციას;
ვ) თუ ის არ სარგებლობს კონკურენტის სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო დასახელების და სხვა განმასხვავებელი ნიშნის რეპუტაციით ან კონკურენტ-პროდუქტის წარმოშობის აღნიშვნით;
ზ) თუ ის არ წარმოადგენს საქონლის ან/და მომსახურების რეპროდუქციას, რომელთა სავაჭრო ნიშანი და სავაჭრო დასახელება დაცულია.
სს „ინფოჯორჯია XXI”-ს განცხადებით შპს „ჩვენი რადიო“-ს ეთერით გავრცელებული რეკლამა ობიექტურად არ ადარებს ერთმანეთს მომსახურების ერთ ან მეტ საგნობრივ, არსებით, შემოწმებად და ტიპურ თვისებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ღირებულება. ამავე დროს, ახდენს კონკურენტის მდგომარეობის, სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო დასახელებების, სხვა განმასხვავებელი ნიშნების, საქონლის, მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შემოწმებული სარეკლამო რგოლის ანალიზის შედეგად არ დასტურდება სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მდგომარეობისა და მის მიერ გაწეული მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაცია. რეკლამაში არ არის ნახსენები არც სს „ინფოჯორჯია XXI” და არც საინფორმაციო ცენტრი 09. კომისია ასევე ვერ გაიზიარებს სს „ინფოჯორჯია XXI”-ს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეკლამაში ხდება ირიბი შედარება ბაზარზე არსებულ იგივე ტიპის საინფორმაციო ცენტრთან, რომელშიც ცალსახად მოიაზრება 09. გამომდინარე იქიდან, რომ სს „ინფოჯორჯია XXI” არ სარგებლობს ბაზარზე ექსკლუზიური უფლებელით და ბაზარზე მისი არსებობა, არ გამორიცხავს იმავე ბაზარზე სხვა არაერთი საინფორმაციო სამსახურის არსებობას, რომლებიც მსგავსი ტიპის მომსახურებას ახორციელებენ.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, ასევე არ დაფიქსირებულა შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა, მაუწყებლის მიერ საკუთარ ეთერში კომერციული რეკლამის გავრცელების დროისა და ადგილის შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში არ დგინდება შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს „ინფოჯორჯია XXI”-ს განცხადება, შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს სანქცირებასან დაკავშირებით და გამომდინარე იქიდან, რომ არ დასტურდება ამ უკანასკნელთა მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, უნდა შეწყდეს შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, მათ მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ შპს „ცნობარი 08“-ს მიერ, ავტორიზაციისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის მინიჭების გარეშე, ხორციელდება ნუმერაციის რესურსით - 08 სარგებლობა, მაშინ როდესაც აღნიშნული ნუმერაციის რესურსი, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის საფუძველზე ეკუთვნის შპს „ჯეო-ცნობარს“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 28 მარტს. რეგისტრაციის N4079/005-შპს). კომისიაში ამ ეტაპისთვის, არ არის წარმოდგენილი შპს „ჯეო-ცნობარსა“ და შპს „ცნობარ 08“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ. შესაბამისად, შპს „ცნობარი 08“-ს მიერ ნუმერაციის რესურს - 08-ს გამოყენებით საქმიანობა შესაძლებელია შეიცავდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნიშნებს, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
2. კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ (რეგისტრირებული 03.04.2008 საიდენტიფიკაციო კოდი N204549827) FM 95,5 - ზე ხორციელდება რადიო მაუწყებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, მაშინ როდესაც FM 95,5 სიხშირე, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის შესაბამისად, ეკუთვნის შპს „ჩვენ რადიო“-ს (რეგისტრირებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო მიერ 2004 წლის 25 ივლისს რეგისტრაციის N 2/4-3999 საიდენტიფიკაციო კოდი - 202236954). კომისიაში ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შპს „ჩვენს რადიოსა“ და შპს „რადიო კომერსანტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაირკვეოდა შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ შპს „ჩვენი რადიო“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზია NB72-თ სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2009 წლის 27 მარტს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების განხორციელებამდე, იკრძალებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის გასხვისება, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება, ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა ან მემკვიდრეობით გადაცემა. შესაბამისად, შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა შეიძლება შეიცავდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობის ნიშნებს, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კომისიის აპარატის მონიტორინგის და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების მიერ შესწავლილ იქნას შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს განხორციელებული საქმიანობა ხომ არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა აღნიშნული კომპანიების მიერ, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შედგენილ უნდა იქნას შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის აპარატის მონიტორინგისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე, დადასტურდა შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მიზანშეწონილია, სს „ინფოჯორჯია XXI”-ს განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას გამოეყოს, შპს „ცნობარი 08“-სა და შპს „რადიო კომერასანტი“-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხები ცალკე წარმოებად და აღნიშნული საკითხების განხილვა დაინიშნოს - 2009 წლის 10 ივლისს 16:00 საათზე. აღნიშნული მიზანშეწონილია ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მათ მიეცეთ კომისიაში საკუთარი მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსს - 08, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის საფუძველზე ფლობს შპს „ჯეო-ცნობარი“ შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 0-8 (ნული-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 22.07.2015 წ-მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგი სახის მომსახურებაზე:
ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება:
ა) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელით უზრუნველყოფა;
ბ) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება;
კომისია აღნიშნავს, რომ FM 95,5 სიხშირე, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის შესაბამისად, ეკუთვნის შპს „ჩვენ რადიო“-ს (რეგისტრირებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო მიერ 2004 წლის 25 ივლისს რეგისტრაციის N 2/4-3999 საიდენტიფიკაციო კოდი - 202236954). სალიცენზიო პირობები განსაზღვრულია კომპანიის კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიით.
გამომდინარე იქიდან, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიის აპარატის მონიტორინგისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების მიერ შესწავლილ იქნას შპს „ჯეო-ცნობარი“-ს და შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ განხორციელებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა, რაც ასახულია შპს „ჯეო-ცნობარი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიასა და შპს „ჩვენი რადიო“-ს კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიაში, რის შესახებაც ცალკე ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს შპს „ჯეო-ცნობარისა“ და შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხის განხილვა ასევე გაიმართოს 2009 წლის 10 ივლისს 16:00 საათზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე და 37-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს „ინფოჯორჯია XXI”-ს განცხადება შპს „ჩვენი რადიო“-ს, შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს სანქცირებასან დაკავშირებით, მათ მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო;
2. შეწყდეს შპს „ჩვენი რადიო“-ს, შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს მიერ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
3. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით და საკითხის განხილვა დაინიშნოს 2009 წლის 10 ივლისს 16:00 საათზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მონოტორინგისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს (მ.გოთოშია, გ.რატიშვილი) 2009 წლის 10 ივლისამდე დასკვნის წარმოდგენა შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით და სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების დაუყოვნებლივ შედგენა.
5. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს შპს „ჯეო-ცნობარი“ საქმიანობის შემოწმება, კომპანიის საქმიანობის, ამ უკანასკნელის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2009 წლის 10 ივლისამდე.
6. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს შპს „ჩვენი რადიოს“ საქმიანობის შემოწმება, კომპანიის საქმიანობის, ამ უკანასკნელის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2009 წლის 10 ივლისამდე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარული
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
