წვდომის მენიუ

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 284 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009

მიღების თარიღი ივლისი 03, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (11.05.2009 №6/1061-09) მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 და 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებების დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” არ ასრულებს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილებასა და ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოტანილ 2008 წლის 4 დეკემბრის №715/18 გადაწყვეტილებას.

სს ”გაერთიანებული ტელეკომი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2009 წლის 22 იანვარს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” მიმართა წერილით №8-14/62 და მოითხოვა 2008 წლის 04 დეკემბრის №715/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომის” მიმართვიდან 5 სამუშაო დღეში კომპანიის წარმომადგენლებთან ერთობლივად  კომისიის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წერილი შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” ჩაბარდა 2009 წლის 23 იანვარს, კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს, მათ ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, უარყვეს ხსენებული წერილის ჩაბარების ფაქტი. კომისიამ, სადაო საკითხთან დაკავშირებით, 2009 წლის 13 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება №58/16, რომლის შესაბამისადაც კომისიიმ დაადგინა შემდეგი:

„1. დაუდასტურებელ ცნობად იქნას მიღებული შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ ჩაბარებიათ, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადება N8-14/62 22.01.2009;

2. კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილების აღსრულების ვადების ათვლა დაიწყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისა და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“-სთვის სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხადების (N8-14/62 22.01.2009) ასლის გადაცემისა და წერილობითი ხელმოწერით ჩაბარების დღიდან - 2009 წლის 13 თებერვლიდან;

3. ეცნობოს შპს  ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს”, რომ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18  გადაწყვეტილების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით.”

სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 22 იანვრის №8-14/62 წერილისა და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის” 2009 წლის 17 თებერვლის №ED-09/50 წერილის საფუძველზე, შეიქმნა ერთობლივი კომისია. კომისიის პირველი შეხვედრა შედგა 2009 წლის 2 მარტს. აღნიშნულ შეხვედრაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნა განხილული არცერთი ისეთი საკითხი, რომელთა გარკვევის გარეშეც ვერ მოხერხდებოდა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულება. შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო 2009 წლის 6 მარტს გამართულიყო შეხვედრა ქ. ფოთში, მათ დამაბოლოებელ სადგურში არსებული აპარატურის აღსაწერად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილ კომისიას თავისი მუშაობა უნდა დაესრულებინა 2009 წლის 4 მარტს. შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტმა”  2009 წლის 4 მარტს №ED-09/79 წერილით აცნობა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ  2009 წლის 6 მარტს შეხვედრა ქ. ფოთში ვეღარ შედგებოდა, რადგან შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს გს მართვის ცენტრის უფროსს ბატონ კახა ხოშტარიას გარდაეცვალა დედა და შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ მიერ ახალი შეხვედრის თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 11 მარტის 13 საათი. მას შემდეგ, რაც განხორციელდა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ დამაბოლოებელ სადგურში მყოფი აპარატურის აღწერა, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ კიდევ ერთხელ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს და სთხოვა წერილობით კონკრეტული პასუხები გაეცა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელი იყო კომისიის გადაწყვეტილებების შესასარულებლად. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა-ფოპტნეტმა” №ED-09/106 წერილით, ფაქტიურად სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მხრიდან დასმულ არცერთ საკითხს არ გასცა პასუხი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არ აპირებს მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.   

სს ”გაერთიანებული ტელეკომი” აღნიშნავს, რომ აშკარაა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” მიერ ადგილი აქვს მასზე დაკისრებული ვალდებულებების აშკარა, არაერთგზის და დენადი ხასიათის დარღვევას.

მოთხოვნები:

1. კომისიამ, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები;

2. კომისიამ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” წინააღმდეგ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქციები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 5 ივნისი, მაგრამ ქვორუმის არ არსებობის გამო კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 3 ივლისის 16:00 საათი, რის შესახებაც სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დამატებით ეცნობათ. ასევე, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” გადაეგზავნა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში 2009 წლის 29 ივნისს შემოსულია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“  განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხადება შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს სანქცირების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: მიუხედავად იმისა, რომ შპს „ოპტიკურ ბიჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ არ ეთანხმებოდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილებას და გასაჩივრებული აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, კერძოდ 2008 წლის 17 თებერვლის ED-09/50 წერილით განსაზღვრა ერთობლივ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილი პირები, ორგანიზება გაუკეთა ერთობლივი კომისიის სამუშო შეხვედრას, რომელიც შედგა 2009 წლის 2 მარტს, სადაც გადაწყდა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლები უნდა ჩასულიყვნენ ქ.ფოთში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს დამაბოლოებელ სადგურში მყოფი აპარატურის აღწერის მიზნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს  წარმომადგენლები 2009 წლის 11 მარტს ჩავიდნენ ქ.ფოთში, მაგრამ ფოთში არ გამოცხადებულან სს „გაერთაინებული ტელეკომი“-ს წარმომადგენლები და აქტს, სადაც ასახულია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს აპარატურის ჩამონათვალი, ხელს არ აწერს სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნულის გამო კი შესაძლებელია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან წარმოიშვას გარკვეული პრეტენზიები  ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რაც „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს  განცხადებით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან წარმოადგენს ხელოვნურ დაბრკოლებას, რათა შემდგომში ბრალი დასდონ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” საკითხის გაჭიანურებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2009 წლის 27 მარტის N8-14/343 წერილით უარს ამბობს 2009 წლის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე, სადაც უნდა განსაზღვრულიყო შესაძენი აპარატურის ჩამონათვალი და მისი განუსაზღვრელობის პასუხისმგებლობას აკისრებს შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” და ამ უკანასკნელის განცხადებით, ეს ხდება მაშინ, როცა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი”-სთვის უცნობია რა სახის მომსახურების მიღება სურს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და კონკრეტულად რამდენი 2 მეგაბიტწამიანი პორტი ესაჭიროება ან რა ტექნოლოგიით სურს მიერთება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ აცნობა, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, ექსპლოატაციას და საგარანტიო პირობების შესრულებას ახორციელებს უცხოური კომპანია და შესაბამისად, თუ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ არ სურს მონაწილეობა მიიღოს აპარატურის ჩამონათვალის განსაზღვრაში და არ სურს დააზუსტოს სასურველი მომსახურების სახე, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” ვერ გაწევს არამწარმოებლურ ხარჯებს, რათა მოიწვიოს იმ უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მოახდენენ სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ სასურველი სერვისის მისაღებად საჭირო აპარატურის განსაზღვრასა და დამონტაჟებას. განცხადებაში შპს „ფოპტნეტი“ აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მხრიდან ადგილი აქვს შპს „ფოპტნეტი“-სთვის ისეთი ვალდებულების დაკისრების მცდელობას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებით.

შპს „ფოპტნეტი“-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წლის 28 მაისის ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფოპტნეტი“-ს სარჩელი, რომელიც ეხებოდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

საკითხის განხილვა გაიმართა  2009 წლის 3 ივლისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-სა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები. 

კომისიის სხოდმაზე სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელმა მოხსნა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მოთხოვნა და მოითხოვა, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვნი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის“ მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, კომისიამ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, ასევე მხარეთა პოზიციებისა და შუამდგომლობების გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

კომისიის 2009 წლის 2008 წლის 19  სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”    დაშვება  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ.ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში. კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაევალა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მიერ  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”-თვის განმეორებით მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შექმნას კომისია, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენლებთან ერთობლივად;

ბ) ერთობლივმა კომისიამ შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს და თავის დასკვნაში ასახოს ყველა იმ აპარატურის ჩამონათვალი და შესაბამისი ქმედების განხორციელების მექანიზმები, რომელიც საჭიროა წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნეწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის;

გ) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;“

კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის N58/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების აღსრულების ვადების ათვლა დაიწყო წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისა და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“-სთვის სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხადების (N8-14/62 22.01.2009) ასლის გადაცემისა და წერილობითი ხელმოწერით ჩაბარების დღიდან - 2009 წლის 13 თებერვლიდან.

შესაბამისად, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიაციის ქსელი-ფოპტნეტი“ ვალდებული იყო სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიმართვიდან 5 სამუშო დღის ვადაში, ანუ 2009 წლის 20 თებერვლამდე შეექმნა კომისია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენლებთან ერთობლივად. აღნიშნული განხორციელდა, რასაც ადასტურებს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებაში (11.05.2009 N6/1061-09) სადაც აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 22 იანვრის №8-14/62 წერილისა და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” 2009 წლის 17 თებერვლის №ED-09/50 წერილის საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი კომისია. შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-ს მიერ შესრულებულ იქნა კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ერთობლივმა კომისიამ შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს და თავის დასკვნაში ასახოს ყველა იმ აპარატურის ჩამონათვალი და შესაბამისი ქმედების განხორციელების მექანიზმები, რომელიც საჭიროა წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნეწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის;“ აღნიშნული გულისხმობს, რომ ერთობლივი კომისიის მიერ 2009 წლის 17 თებერვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში  - 2009 წლის 3 მარტამდე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ერთობლივი დასკვნის შედგენა, რომელშიც ასახული იქნებოდა იმ აპარატურის ჩამონათვალი და შესაბამისი ქმედებების განხორციელების მექანიზმები, რაც აუცილებელია ქ.ფოთში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიაკციების ქსელი ფოპტნეტი“-ს მაგისტრალურ ქსელთან სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს დაშვების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნის შედგენის ვალდებულება კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკისრებოდა როგორც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელ-ფოპტნეტს“, ასევე სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. შესაბამისად, დასკვნა მხარეების მიერ წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო 2009 წლის 3 მარტამდე, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, კომისია პირველად შეიკრიბა 2009 წლის 2 მარტს (აღნიშნულს ადასტურებს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ თავის 2009 წლის 11 მაისის N N6/1061-09 განცხადებაში. აღნიშნული ასევე დასტურდება შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი- ფოპტნეტის“ წერილით 26.02.2009 NED-09/71 და 2009 წლის 2 მარტის შეხვედრის ოქმით), მაშინ, როდესაც აღნიშნული კომისიის მიერ დასკვნა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 2009 წლის 3 მარტამდე. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეების მიერ არ იქნა განხორციელებული ქმედითი ღონისძიებების კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით. აღნიშნული ქმედითი ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა კი წარმოადგენდა როგორც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს, ასევე სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს ვალდებულებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მხარეებმა ვერ უზურუნველყვეს აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესრულება, თავისთავად გამორიცხავს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულებას, რომელიც ითვალისწინებდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს ვალდებულებას, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშო დღის ვადაში უზრუნველეყო ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ დასტურდება შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტის“ მიერ კომისიის 2008 წლის  4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი და შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-სთვის კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულება, ვერ იქნება უზრუნველყოფილი კომისიის უშუალო ჩარევის გარეშე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია შეიქმნას სამუშო ჯგუფი შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი - ფოპტნეტი“-ს, სს „გაერთიანებულ;ი ტელეკომი“-სა და კომისიის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, რომელიც კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს მხარეთა ერთობლივ დასკვნას, კომისიის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-სა და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესზე დაკვირვებისა და მონოტორინგის პირობებში.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ 2009 წლის 28 მაისის ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს სარჩელი, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, კომისიას არ ჩაბარებია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საკასაციო წესით მისი გასაჩივრების უფლებას, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა, ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძლაში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი - ფოპტნეტი“ არ თავისუფლდება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების შესრულებისგან.

   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მოთხოვნა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-სთვის კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შესახებ.

2. შეიქმნას სამუშო ჯგუფი შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი - ფოპტნეტის”, სს „გაერთიანებულ;ი ტელეკომი“-სა და კომისიის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით;

3. მუშა ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად განისაზღვრონ შემდეგი უფლებამოსილი პირები:

ა) შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-ს მხრიდან: ევგენი შვარცმანი, კახა ხოშტარია, ნუგზარ ჯანჯღავა;

ბ) სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან - ზვიად სრესელი, ნიკოლოზ ჩაჩუა და ლევან გიორგაძე;

გ) კომისიის მხრიდან - კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ გოთოშია; კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი - გელა ბუთბაია და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - გიგი ხოჯევანიშვილი;

4. უზრუნველყოს მუშა ჯგუფმა წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მხარეთა ერთობლივი დასკვნის მომზადება, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“-სა და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად;

5. ეცნობოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციების ქსელ - ფოპტნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებზე გამოუცხადებლობის, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის, ან/და არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, კომისიის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლები ადგენენ ოქმს, რის საფუძველზეც, კომისია უფლებამოსილი იქნება დამრღვევი პირის (პირების) მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული ღონისძიებები;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების სს  ”გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                             ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები