შპს”ჯეოსელი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 26 ივლისს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000062, შედგენილი 2009 წლის 24 ივნისს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 24 ივნისს შემოწმდა შპს ”ჯეოსელის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურეობები. გაირკვა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულ ავტორიზებულ საქმიანობათა შორის არის ინტერნეტ მომსახურეობა, რაზეც შპს ”ჯეოსელს” კომისიაში არ აქვს გავლილი შესაბამისი ავტორიზაცია და ამდენად იგი ახორციელებს ინტერნეტ მომსახურეობას ავტორიზაციის გარეშე, რასაც ადასტურებს კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მის სერვის-ცენტრებში განთავსებული ინფორმაცია. ოქმში დაფიქსირებულია შპს „ჯეოსელი“-ს წარმომადგენლის ახსნა განმარტება სადაც აღნიშნულია, რომ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო გამორჩათ ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზაციის გავლა.
აღნიშნულის თაობაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (№000062, 24.06.2009წ), რომელსაც ხელს აწერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ გოთოშია და შპს „ჯეოსელი“-ს იურისტი - ალექსანდრე სადაღაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის’’ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 24 ივნისს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009 წლის 26 ივნისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 3 ივლისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 30 ივნისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ჯეოსელს” (30.06.2009 N03/1020-09), მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 3 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადედნენ შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შპს „ჯეოსელი“ მოწვეულ იქნა კომისიის 2009 წლის 3 ივლისის სხდომაზე შეტყობინებით (30.06.2009 N03/1020-09), კომისიაში არ იქნა კომპანიისგან წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს შპს „ჯეოსელი“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000062 ოქმისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ჯეოსელი” ავტორიზაციის გარეშე ახორციელებს ინტერნეტ მომსახურეობას, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ჯეოსელი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს ”ჯეოსელს” დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურეობა, შესაბამისი ავტორიზაციის გავლამდე.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ჯეოსელს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ჯეოსელი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
