წვდომის მენიუ

საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 3 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი იანვარი 27, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 ნოემბერს  კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გ. სამადალაშვილმა (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2781-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”დაევალოს კომისიის 2008 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესრულება. განმცხადებელი ასევე მოითხოვს, მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება კომისიის 2008 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

 კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის განცხადება, 2008 წლის 01 დეკემბერს გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. კომისიამ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამზადებელი სხდომა დანიშნა 2008 წლის  02 დეკემბერს  16:00 საათზე, რის შესახებ ეცნობათ მხარებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. კომისიის სხდომაზე, გ. სამადალაშვილს მიეცა წინადადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოედგინა საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა გ. სამადალაშვილზე, როგორც წარმომადგენელზე. სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის. კომისიის 2008 წლის 12 დეკემბერის  სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ი. სამადალაშვილის განცხადება მოსამზადებელი სხდომის გადადების თხოვნით, მარწმუნებლის სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. მოსამზადებელი სხდომა განმცხადებლის ინიციატივით გადაიდო რამოდენიმეჯერ.

საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის განცხადებასთან დაკავშირებით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2009 წლის 27 იანვარს, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” (ყოფილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”) წარმომადგენელი. სხდომის დღისათვის, განმცხადებლის მხრიდან მინდობილობა ან რაიმე სხვა დოკუმენტი გ. სამადალაშვილის მიერ კავშირის წარმომადგენლობის განხორციელების თაობაზე, ასევე განცხადება სხდომის გადადების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად კომისიამ იმოქმედა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით.

კომისიის აღნიშანვს, რომ ”ელექტრონული კომუნკაკციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან  განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი  განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს. ცალსახაა, რომ სახეზეა ორივე ფაქტობრივი გარემოება:

ა)  საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გ. სამადალაშვილის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილ  მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისი წარმოდგენაც აღნიშნულ პირს კომისიის მიერ არაერთხელ დაევალა (იხ. კომისიის 2008 წლის 02 დეკემბრის №32  და 2008 წლის 9 დეკემბრის №34 მოსამზადებელი სხდომის ოქმები).

ბ) კომისია დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემეობას, რომ საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირი არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არ ეწევა რაიმე სახის ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას. აღნიშნული დასტურდება კომისიის რეესტრის მონაცემებით (კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის მ. ქადეიშვილის სამსახურებრივი ბარათი). ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავები, ან, ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავები ავტორიზებულ პირებსა და ბოლო მომხმარებლებს შორის, თუმცა განცხადების შინაარსიდან დასტურდება, რომ განმცხადებელი არ დავობს, როგორც სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ბოლო მომხმარებელი.

კომისია ამავდროულად მიუთითებს ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა”  ქვეპუნქტის შესახებ, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის  მე-2 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევს ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილება შეეხება კონკრეტული მომსახურების ბაზრის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საბითუმო სეგმენტს, რომელზედაც საქმიანობას განმცხადებელი დავის განხილვის დღისათვის არ ახორციელებს, არ არის ჩართული კონკურენციაში და შესაბამისად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ პირად, რომლის კანონიერ ინტერესებსაც,  პირდაპირ და უშუალოდ შეეხება კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოდგენილი განცხადება განუხილველად  უნდა იქნას დატოვებული, განმცხადებლის წარმომდგენის მიერ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება, წარმოდგენილ განცხადებაზე  უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად  იქნას დატოვებული საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის 2008 წლის 26 ნოემბრის  №6/2781-08 განცხადება და ამავე განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს.

2. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                   

ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრების მოვალეობის შემსრულებლები:                                                                                                                                                                                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

კ. კვიტაიშვილი                                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები