წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ”მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 30 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა  შპს ”მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”მაქსტელკომს” სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 39,578.04 (ოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთანებულ ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელკომს“ შორის 2008 წლის 20 იანვარს გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლის შესაბამისადაც, შპს „მაქსტელკომი“ აღიარებდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 7,403.52 (შვიდი ათას ოთხას სამი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და აღნიშნული დავალიანება სრულად უნდა დაეფარა 2008 წლის 1 სექტემბრამდე. ამასთან შპს «მაქსტელკომს» უნდა უზრუნველეყო 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა შესაბამის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირობების მიხედვით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს «მაქსტელკომის» მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის 2008 წლის 20 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მისმა დავალიანებამ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 39 578.04 (ოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარი. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს «გაერთიანებული ტელეკომის» მიერ  შპს «მაქსტელკომისთვის» 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 25 ივლისს გაფორმებულია  ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე მოქმედია.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ 2009 წლის 22 იანვარს ეცნობათ სს „გაერთაინებულ ტელეკომს“ და შპს „მაქსტელკომს“ (22.01.2009 N03/54-09; N03/55-09), შპს „მაქსტელკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 28 იანვრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 30 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „მაქსტელკომი“-ს წარმომადგენელი, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომისთვის. სხდომის დანიშვნის შესახებ დამატებით ეცნობა შპს „მაქსტელკომს“.

კომისიის 2009 წლის 6 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „მაქსტელკომი“-ს წარმომადგენლები.

სხდომაზე მხარეების მიერ წარმოდგნილ იქნა შპს „მაქსტელკომსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი N08-03 რომლის შესაბამისადაც,  მხარეების შეთანხმდნენ, რომ შპს „მაქსტელკომი“ იღებს  ვალდებულებას სრულად დაფაროს სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ წინაშე არსებული დავალიანება, ურთიერთშედარების აქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მხარესთან მორიგების გამო.

მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, შპს ”მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  2008 წლის 19 დეკემბრის N6/2899-08 განცხადებაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „მაქსტელკომი“-სთვის გადაგზავნა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                             კ.კვიტაიშვილი                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები