შპს ”საქტელკომ პლუსი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15.01.2009. N7/10-09) მიმართა შპს ”საქტელკომ პლუსმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქტელკომ პლუსი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N23 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
„ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-5 (რვა-ერთი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 23.02.2009 - მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
შპს ”საქტელკომ პლუსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N23 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2009 წლის 23 თებერვალს. შესაბამისად, შპს ”საქტელკომ პლუსის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქტელკომ პლუსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”, ხოლო ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
შპს ”საქტელკომ პლუსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 6 თებერვლიდან - 2009 წლის 6 თებერვლამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 10 აუქციონი. აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 418,750.00 (ოთხას თვრამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ერთ რესურსზე შეადგენს 41,875 (ორმოცდაერთი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს (418,750:10=41,875).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”საქტელკომ პლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიას 2009 წლის 23 თებერვლიდან 10 წლით - 2019 წლის 23 თებერვლამდე;
2. შპს ”საქტელკომ პლუსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 41,875 (ორმოცდაერთი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს ”საქტელკომ პლუსმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 41,875 (ორმოცდაერთი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის 2009 წლის 6 მარტამდე, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის 2009 წლის 23 თებერვლამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-5 (რვა-ერთი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 23.02.2019 - მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. შპს ”საქტელკომ პლუსი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
6. შპს ”საქტელკომ პლუსი”-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2009 წლის 6 მარტამდე, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის 2009 წლის 23 თებერვლამდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”საქტელკომ პლუსი” -ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „საქტელკომ პლუსი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
