შპს ”ლუნეტი” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009
მიღების თარიღი ივლისი 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ლუნეტმა” (03.06.2009 №6/1244-09) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ლუნეტს” კომისიის 2008 წლის 6 ივნისის N310/7 გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-5 (ნული-ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 6 ივნისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს „ლუნეტი“ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს აბონენტების საინფორმაციო მომსახურებას, სპეციალიზირებული ქოლ-ცენტრის „ლუნა სერვისის“ მეშვეობით და შესაბამისად, განცხადებაში ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე ვადის გაგრძელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით კომისიის მიერ მინიჭენულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ვადის გაგრძელებას, ამავე დროს, შპს ”ლუნეტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, განმეორებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი 0-0-0-5 (ნული-ნული- ნული-ხუთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კეჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-5 (ნული-ნული- ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის 6 ივნისიდან - 2010 წლის 6 ივნისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”ლუნეტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ლუნეტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ლუნეტს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ლუნეტი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
