კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009
მიღების თარიღი ივლისი 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს “ტელეიმედმა” და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ (29.06.2009 N6/1417-09), შპს „ტელეიმედი“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში, შპს „ტელეიმედი“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ კომისიისგან ითხოვენ თანხმობას, შპს „ტელეიმედი“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა, შპს „ტელეიმედი“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად,
„1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.“
ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელეიმედი“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ტელეიმედს“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის გადაცემაზე.
„მაუწყებოლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელეიმედს“, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-სთვის გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, ლიცენზიის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის მიღების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე) შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-ს მიერ კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. „გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ტელეიმედისა ”და შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”-სთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე