წვდომის მენიუ

სს ”გლობალ ერთი“-სთვის შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 324 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009

მიღების თარიღი ივლისი 10, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გლობალ ერთმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”საბატელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, ვინაიდან შპს ”საბატელს”, მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის  1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 73 056,2  ლარს.

სს „გლობალ ერთი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2007 წლის 1 თებერვალს სს „გლობალ ერთსა“ და შპს „საბატელს“ შორის გაფორმებულ იქნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხოლო 2008 წლის 25 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა შეთანხმება აღიარებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, შპს „საბატელი“ აღიარებდა 25.11.2008 წლის მდგომარეობით სს „გლობალ ერთი“-ს მიმართ დავალიანებას 60,606.37 ლარის ოდენობით და კისრულობდა დავალიანების დაფარვის ვალდებულებას შეთანხმებაში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, 2010 წლის იანვრის ჩათვლით. ამავე დროს, შპს „საბატელს“ ამ პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა მიმდინარე მომსახურების გადასახადი კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. სს „გლობალ ერთი“ აღნიშნავს, რომ შპს „საბატელი“-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება, კერძოდ თანხების გადახდა ყოველთვიურად 4040,42 ლარის ოდენობით განხორციელდა მხოლოდ 2008 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში, ხოლო მიმდინარე წლის იანვრის თვეში მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „საბატელი“-ს მიმდინარე დავალიანებამ (2008 წლის დეკემბრის და 2009 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში) შეადგინა 21,062.48 ლარი. შესაბამისად, შპს „საბატელი“-ს დავალიანებამ 2009 წლის 1 მაისის მდგომარეობით სს „გლობალ ერთი“-ს მიმართ შეადგინა 73,056.2 ლარი (გრაფიკით დარჩენილი 51,025.53 ლარი, მიმდინარე 21,062.48 ლარი, მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხული საურავი 968,19 ლარი).      

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 5 ივნისს, თუმცა  კომისიის ქვორუმის არ არსებობის გამო, სხდომა  გადაიდო 2009 წლის 3 ივლისისთვის, რის შესახებაც სს ”გლობალ ერთს” და შპს ”საბატელს” ეცნობათ დამატებით. შპს ”საბატელს” ასევე გადაეგზავნა სს ”გლობალ ერთის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კომისიის 2009 წლის 5 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „საბატელი“-ს წარმომადგენელი და კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა საკითხის განხილვის გადადება კიდევ ერთი კვირით 2009 წლის 10 ივლისისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო შპს „საბატელი“-ს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მას მისცემოდა  კომისიაში საკუთარი მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის შესაძლებლობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დღის შესახებ კიდევ ერთხელ წერილობით ეცნობა შპს „საბატელს“ შეტყობინებით (07.07.2009 N03/1061-09).

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 10 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა სს „გლობალ ერთი“-ს წარმომადგენელი. სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „საბატელი“-ს წარმომადგენელი, კომისიაში ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საკითხის გადადების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე სს „გლობალ ერთი“-ს წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „საბატელის“ დავალიანება სს „გლობალ ერთი“-ს მიმართ გაიზარდა და რომ 2009 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 74,373.27 (სამოცდათოთხმეტი ათას სამას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი). სს „გლობალ ერთი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 5 ივნისის ურთიერთშედარების აქტი გაფორმებული სს „გლობალ ერთსა“ და შპს „საბატელს“ შორის, რომლის შესაბამისადაც 2009 წლის მაისის სალდომ სს „გლობალ ერთი“-ს სასარგებლოდ შეადგინა 3,354.36 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „საბატელს“ სს „გლობალ ერთი“-ს წინაშე ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 74,373.27 ლარის ოდენობით, ამავე დროს შპს „საბატელი“-ს მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ, რომლის შესაბამისადაც შპს „საბატელი“ აღიარებდა 2008 წლის 25 ნოემბრისთვის სს „გლობალ ერთი“-ს წინაშე არსებულ დავალიანებას 60,606.37 ლარის ოდენობით.

შპს „საბატელი“-ს მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტაცია ან მტკიცებულებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ასევე სს „გლობალ ერთი“-ს მოთხოვნის გასაბათილებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საბატელს“ უნდა მიეცეს ვადა 7 კალენდარული დღის ოდენობით, რომ დაფაროს დავალიანება სს „გლობალ ერთის“ მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში შპს „საბატელი“-ს მიერ არ იქნება დაფარული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სს „გლობალ ერთს“ მიეცეს თანხმობა შეაჩეროს სს „გლობალ ერთსა“ და შპს „საბატელს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.   შპს ”საბატელს” ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის (დავალიანების 74,373.27 ლარის დასაფარად) მიეცეს ვადა 7 კალენდარული დღის ოდენობით;

2.   შპს ”საბატელის” მხრიდან ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების  სრულად არ დაფარვის ან გაზრდის  შემთხვევაში, მიეცეს უფლება სს ”გლობალ ერთს” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები