წვდომის მენიუ

შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს სანქცირების შესახებ

ნომერი: 325 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009

მიღების თარიღი ივლისი 10, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 ივლისს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N283/22  „სს ”ინფოჯორჯია XXI“-ს  განცხადების საფუძველზე, შპს ”ჩვენი რადიოს”-ს, შპს „რადიო კომერსანტი“-ს და  შპს ”ცნობარი 08”-ს  სანქცირების თაობაზე,  ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, სს ”ინფოჯორჯია XXI“-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „ჯეოცნობარი“-ს მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა 2009 წლის 10 ივლისამდე დასკვნის წარმოდგენა შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით და სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაუყოვნებლივ შედგენა, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ასევე დაევალა შპს „ჩვენი რადიოს“ საქმიანობის შემოწმება,  კომპანიის საქმიანობის, ამ უკანასკნელის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2009 წლის 10 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 8 ივლისს წარმოებაში გადაეცა მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (08.07.09 N10/330-09) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000072.

სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ FM 95,5 სიხშირეზე მაუწყებლობა ხორციელდება შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ. ამასთანავე კომისიაში არ არის წარმოდგენილი შპს „ჩვენს რადიოსა“ და შპს „რადიო კომერსანტს“ შორის გაფორმებული რაიმე სახის დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე ხორციელდება შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ მაუწყებლობა შპს „ჩვენი რადიო“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზია NB72-თ განსაზღვრულ სიხშირეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000072, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში გამოიკვეთა შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ (საიდენტიფიკაციო N204549827) მაუწყებლობის განხორციელება ლიცენზიის გარეშე, კერძოდ მაუწყებლობა ხორციელდება FM95.5 სიხშირეზე, ხოლო აღნიშნული სიხშირე, კერძო მაუწყებლობის N B72 ლიცენზიის საფუძველზე, ეკუთვნის შპს „ჩვენ რადიოს“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი -  გიორგი რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი - ივანე მახარაძე და შპს „რადიო კომერსანტი“-ს დირექტორი - გოგა სამუშია.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 7 ივლისს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009  წლის 8  ივლისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 10 ივლისის 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს ”რადიო კომერსანტს” (08.07.2009 N03/1081-09), მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 10 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდნენ შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „კომერსანტი“-ს მიერ 2009 წლის 9 ივლისს  კომისიაში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ იქნა წერილები (09.07.2009 N6/1581-09 და 09.07.2009 N6/1582-09), კერძოდ, შპს „რადიო კომერსანტმა“ კომისიაში წარმოადგინა 2008 წელს შპს „ჩვენ რადიოსა“ და შპს „რადიო კომერსანტ“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ შპს „ჩვენი რადიო“-სთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი სალარო ქვითრების ასლები. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-2 მუხლის (ხელშეკრულების საგანი) შესაბამისად, ხელშეკრულების საგანია შპს „ჩვენი რადიო“-ს რადიოეთერში „პირველი ბიზნეს რადიო „რადიო კომერსანტი“-ს სასაქონლო ნიშნით ბიზნესის, ეკონომიკის, შემეცნებითი და გასართობი თემატიკის მქონე, შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ მომზადებული პროგრამების, გადაცემების, ინფორმაციების, აგრეთვე რეკლამების განთავსება. შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ წარმოდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ მტკიცებულებების სახით კომისიას წარუდგენენ „ჩვენ რადიოსა“ და შპს „რადიო კომერსანტ“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისიწინებულ ინფორმაციას შპს „რადიო კომერსანტი“-ს დამფუძნებლების და მენეჯმენტის შესახებ და რეგულირების საფასურის გადახდის სრულად დაფარვის საგადასახადო დავალების ასლს.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ (რეგისტრირებული 03.04.2008 საიდენტიფიკაციო კოდი N204549827) FM 95,5 - ზე ხორციელდება რადიო მაუწყებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, მაშინ როდესაც  FM 95,5 სიხშირე, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის შესაბამისად, ეკუთვნის შპს „ჩვენ რადიო“-ს (რეგისტრირებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო მიერ 2004 წლის 25 ივლისს რეგისტრაციის N 2/4-3999 საიდენტიფიკაციო კოდი - 202236954). იმ გარემოებას, რომ FM 95,5 სიხშირეზე მაუწყებლობას ახორციელებს შპს „რადიო კომერსანტი“, ადასტურებს სს „ინფოჯორჯია XXI”-ს განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიაში წარმოდგენილი მასალები. კერძოდ ელექტრონული მიმოწერა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს თანამშრომლებს შორის სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით და შპს „რადიო კომერსანტის“ მიერ კლიენტებისთვის შეთავაზებული ოფერტა სარეკლამო მომსახურების შესახებ, რომლის პირველი მუხლის (ხელშეკრულების საგანი) შესაბამისად, „დამკვეთი“  წარუდგენს „შემსრულებელს“ (შპს „რადიო კომერსანტს“) სარეკლამო რგოლს, ხოლო „შემსრულებელი“ კისრულობს ვალდებულებას განათავსოს იგი საკუთარ ეთერში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ  სარეკლამო რგოლი განთავსდება შემსრულებლის ეთერში, შესაბამის მედია გეგმაში დადგენილი პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებას თანდართული აქვს მედია გეგმა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, მედია გეგმაში აღნიშნულია, რომ „რადიო კომერსანტი“ წარმოადგენს პირველ და ერთადერთ ბიზნეს რადიოს საქართველოში, დამკვეთისთვის მისი კომპანიის თუ პროდუქციის გამჟღავნება „რადიო კომერსანტის“ ეთერში მეტყველებს მაღალ ხარისხზე, იმიჯსა და კომპანიის პრესტიჟზე. შესაბამისად, კომისია საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ მტკიცებულების სახით კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებას ურიერთთანამშრომლობის შესახებ.  იმ ფაქტს, რომ მაუწყებლობას FM 95.5 სიხშირეზე ახორციელებს შპს „რადიო კომერსანტი“, ადასტურებს ასევე შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (09.07.2009 N6/1581-09), სადაც შპს „ჩვენი რადიო“ აღნიშნავს, რომ კომისიას წარმოუდგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისიწინებულ ინფორმაციას შპს „რადიო კომერსანტი“-ს დამფუძნებლების და მენეჯმენტის შესახებ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი აწესრიგებს მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობას და მაუწყებლის ვალდებულებას, კომისიას წარმოუდგინოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, როცა შპს „ჩვენი რადიო“ კომისიაში წარმოდგენილ წერილში აღნიშნავს, რომ კომისიას წარმოუდგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შპს „რადიო კომერსანტი“-ს დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შესახებ, აღნიშნულით თვითონ შპს „ჩვენი რადიო“ აღიარებს შპს „რადიო კომერსანტს“ მაუწყებლობის განმახორციელებელ პირად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”რადიო კომერსანტი”-ს მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და, შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით, გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს ”რადიო კომერსანტს” დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს მაუწყებლობის განხორციელება.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 8 ივლისს წარმოებაში გადაეცა მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (08.07.09 N10/331-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ჩვენი რადიო“-ს საქმიანობის შესაბამისობა კომპანიის კუთვნილ კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობის შესახებ. ამავე დროს, შპს „ჩვენი რადიო“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველკვირეულად არ აქვეყნებს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენილია კომისიის აპარატის ფინანსური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (08.07.2009 N10/327-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისის მდგომარეობით შპს „ჩვენი რადიო“-ს რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება, ვინაიდან კომპანიას კომისიაში 2008 წლის აპრილის თვიდან 2009 წლის მაისის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს  საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი;

ბ) იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი;

გ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ;

დ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ვ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

თ) საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის  ან აქციების ფლობის შესახებ;

ი) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის  წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ კომისიაში 2009 წლის 09 ივლისს წარმოდგენილ წერილს (N6/1581-09) თანდართული აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის დაფარვის საგადასახადო დავალების ასლი. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტებით, შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ რეგულირების საფასურის დავალიანება დაფარულ იქნა 2009 წლის 8 ივლისს, ხოლო გაანგარიშებები კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 10 ივლისს, მაშინ, როდესაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა შპს „ჩვენი რადიო“-ს მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დენადი და დასრულებული დარღვევა. ამავე დროს,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, კერძოდ, კომპანია ყოველკვირეულად არ აქვეყნებს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია კომისიას წარმოუდგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლით გათვალისიწნებულ ინფორმაციას შპს „რადიო კომერსანტი“-ს დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შესახებ. თუმცა აღნიშნულ წერილს თანდართული აქვს მხოლოდ შპს „რადიო კომერსანტსა“ და შპს „ჩვენ რადიო“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და საგადასახადო დავალების ასლი. შესაბამისად, შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ 2009 წლის 7 მაისს (N6/1049-09) კომისიაში წარმოდგენილ 2008-2009 წლის საქმიანობის ანგარიშში არ არის მითითებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემები. ამავე დროს, შპს „ჩვენი რადიო“-ს მიერ დარღვეულია კერძო მაუწყებლობის N B72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და კ) პუნქტები, რომელთა შესაბამისადაც, კომპანია ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჩვენი რადიო“-ს მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კერძო მაუწყებლობის N B72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”რადიო კომერსანტს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს შპს ”რადიო კომერსანტმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ”რადიო კომერსანტმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. უზრუნველყოს შპს „რადიო კომერსანტმა“ მაუწყებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჩვენ რადიო“-ს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კერძო მაუწყებლობის N B72 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო; 

6. უზრუნველყოს შპს „ჩვენმა რადიომ“ 7 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა;

7. ეცნობოს შპს „ჩვენ რადიოს“, რომ მის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”რადიო კომერსანტი”-სა და შპს „ჩვენი რადიო“-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

9. გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

10. გადაწყვეტილება (გარდა პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ, მაუწყებლობის მონიტორინგისა და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, გ.რატიშვილი, ი.აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი          

კომისიის წევრი                                                                               ა.სიხარულიძე                         

კომისიის წევრი                                                                           ი. მოსეშვილი                                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები