წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” 2009 წლის 27 თებერვლის (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/571-09) განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 328 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2009

მიღების თარიღი ივლისი 10, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 27 თებერვალს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/571-09) და მოითხოვა  აჭარის გეოგრაფიულ სეგმენტზე  ფიქსირებულ ქსელში ზარის წამოწყება-დასრულების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის განხორციელება შპს ”ვემატელის” და შპს ”საბატელის” მიერ მათ ქსელში ზარის დასრულებისათვის დადგენილი  საბითუმო ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობის დასადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის შპს ”საბატელის” 2009 წლის 15 იანვრის №2 წერილი ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენის შესახებ და ასევე ამავე შინაარსის  შპს ”ვემატელის” 2009 წლის 28 იანვრის №9 წერილი. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით შპს ”საბატელის” და შპს ”ვემატელის” მიერ ურთიერთჩართვის ტარიფი დადგენილია 6 თეთრის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ წარმოდგენილი განცხადება გადაეგზავნა შპს ”ვემატელს” და შპს ”საბატელს”  კომისიის 2009 წლის 7 ივლისს №021059-09, №0021060-09 წერილებით. ამავე წერილებით, ასევე შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, 2009 წლის 7 ივლისის №021058-09 წერილით, ეცნობათ სხდომის დღის და ადგილის შესახებ.

კომისიის სხდომა გაიმართა 2009 წლის 10 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 08 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”საბატელის” 2009 წლის 8 ივლისის №26 და შპს ”ვემატელის” 2009 წლის 8 ივლისის №47 წერილები, რომლებიც სხდომაზე გადაეცა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” უფლებამოსილ წარმომადგენელს და ასევე მოხდა მისი გამოქვეყნება სხდომის მიმდინარეობისას. შპს ”საბატელი” და შპს ”ვემატელი” წერილებში აღნიშნავენ, რომ მათ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების ანუ ურთიერთჩართვის საბითუმო ტარიფი შეადგენს 4 თეთრს. წერილებში ასევე აღნიშნულია, რომ მათი ორგანიზაციების მიერ არ ამოქმედებულა მათ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების 6 თეთრიანი საბითუმო ტარიფი და შესაბამისად არც დარიცხვა განხორციელებულა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წლის 10 ივლისის სხდომის მიმდინარეობისას, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” უფლებმოსილი წარმომადგენლის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა მათი 2009 წლის 27 თებერვლის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ, შპს ”საბატელის” და შპს ”ვემატელის” მიერ 2009 წლის 8 ივლისის წერილებში დაფიქსირებული პოზიციების გამო.

  კომისია, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას, მიუთითებს, მის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად კომისიის მიერ, 2008 წლის მდგომარეობით, გამოკვლეული იქნა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზარი და დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი. კომისია ასევე აქცენტს აკეთებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი  მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და  ანალიზის დაწყების თაობაზე, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტუნარიანობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. შპს ”საბატელის” და შპს ”ვემატელის” წერილობით ინფორმაციაზე, ასევე ადმინისტრაციული წარმოების ინიციატორი მხარის - შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” შუამდგომლობაზე დაყრდნობით, კომისია მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე, აჭარის გეოგრაფიულ სეგმენტზე, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე დადგენილი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების აუცილებლობა არ არსებობს.

კომისია მიიჩნევს, რომ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ 2009 წლის 10 ივლისის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად, 2009 წლის 27 თებერვლის შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/571-09) განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, უნდა შეწყდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” განცხადების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” კომისიის 2009 წლის 10 ივლისის სხდომაზე უარი განაცხადა მისი განცხადების განხილვაზე, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:                                                       

1.  დაკმაყოფილდეს შპს „აჭარის ელექტროკავშირი“-ს შუამდგომლობა კომისიაში  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  2009 წლის 27 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის №6/571-09) განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                                                   ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:

. კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები