შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაქსტელს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2009
მიღების თარიღი ივლისი 17, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”მაქსტელთან” ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”მაქსტელი”-ს მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების არ შესრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ 2009 წლის 26 და 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „საქართველოს ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსები (სამნიშნა ნუმერაციის რესურსი 810, სატელეფონო ინდექსი ქ.თბილისში 44) და ტექნიკური საშუალებები გადაეცა შპს „მაგთიკომს“. შპს „საქართველოს ტელეკომმა“ და შპს „მაგთიკომმა“ ერთობლივი წერილით აცნობეს ყველა ოპერატორს, მათ შორის, შპს „მაქსტელს“, რომ შპს „საქართველოს ტელეკომთან“ გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურებას 2009 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს შპს „მაგთიკომი“. კომპანიებს ასევე ეცნობათ, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება 2009 წლის 1 აპრილამდე ეწარმოებინათ შპს „საქართველოს ტელეკომთან“, ხოლო 2009 წლის 1 აპრილიდნ მიღებული მომსახურებისთვის - შპს „მაგთიკომთან“. 2009 წლის 13 მაისს, შპს „მაგთიკომმა“ შპს „მაქსტელი“-სგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს „მაქსტელი“ უარს აცხადებს აპრილის თვეში მიღებული მომსახურების საფასურის გადახდაზე, იმ მოტივით, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ გააჩნია დავალიანება შპს „მაქსტელი“-ს მიმართ, ამიტომაც კომპანიამ 2009 წლის აპრილის თვეში ტრაფიკი სხვა კომპანიებიდან მიმართა შპს „საქართველოს ტელეკომი“-ს გავლით, რათა შპს „მაქსტელს“ გაებათილებინა აღნიშნული დავალიანება. შპს „მაქსტელი“-ს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაქსტელმა“ შპს „საქართველოს ტელეკომის“ და შპს „მაგთიკომის“ ერთობლივი წერილი მიიღო 2009 წლის 11 მაისს. შესაბამისად, კომპანიისთვის აპრილის თვეში არ იყო ცნობილი ორ კომპანიას შორის არსებული ახალი ურთიერთობების შესახებ, ამიტომაც აპრილის თვეში შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიმართულებით გაშვებული ტრაფიკის ღირებულებას შპს „მაქსტელი“ ვერ გადაუხდის შპს „მაგთიკომს“.
შპს „მაგთიკომი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელი“-სგან მიღებული წერილი გადაეგზავნა შპს „საქართველოს ტელეკომს“ და მათგან მიიღეს პასუხი, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „მაქსტელთან“ აქვს გარკვეული პრეტენზიები თანხასთან დაკავშირებით, ასევე შპს „საქართველოს ტელეკომს“ მიაჩნია, რომ მისი დავალიანება შპს „მაქსტელი“-ს მიმართ 2009 წლის 1 აპრილამდე არის 4891.00 ლარი, ხოლო შპს „მაქსტელი“ თვლის, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ გაუწია 6352.57 ლარის მომსახურება. შპს „მაგთიკომი“ მიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი გარკვეული უნდა იქნას შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის და მას არაფერი აქვს საერთო შპს „მაქსტელის“ დავალიანებასთან შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2006 წლის 24 იანვარს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტრაფიკის აღრიცხვისა და ანგარიშსწორების წესი იდენტურია შპს „მაქსტელსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისიწნებული წესისა.
შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელი“-ს მიერ არ არის ხელმოწერილი შპს „მაგთიკომი“-ს მიერ შედგენილი და გაგზავნილი ანგარიშსწორების ოქმი, რომლის მიხედვითაც შპს „მაქსტელი“-ს დავალიანება შეადგენს 16,856.53 ლარს.
შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ თვლის, რომ შპს „მაქსტელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ოქმზე ხელმოწერა და აპრილის თვეში ურთიერთჩართვის მომსახურების საფასურის გადახდა შემდეგი გარემოებების გამო:
1. 2009 წლის აპრილის თვეში ის მომსახურება რაც გათვალისწინებული იყო შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, გაწეულ იქნა შპს „მაგთიკომი“-ს მიერ, ისეთივე პირობებითა და ტარიფებით, რასაც ითვალისწინებდა შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.
2. შპს „მაქსტელი“ არ უარყოფს მომსახურების მიღების ფაქტს და სადაოდ არ ხდის გატარებული ტრაფიკის ოდენობას და ტარიფს;
3. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაქსტელი“ მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ მის მიმართ აქვს დავალაინება, მას შეუძლია აღნიშნული საკითხი სადაო გახადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“, შპს „მაქსტელს“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები ითვალისწინებს მონაცემთა უწყისების გაცვლას და ერთობლივი საოქმო გადაწყვეტილებების შედგენას, რომლის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება მხარეებს შორის, ხოლო შპს „მაქსტელს“ არ დაუბრუნებია შპს „მაგთიკომი“-ს მიერ გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილება ხელმოწერილი და ამავე დროს, შპს „მაგთიკომს“ მიღებული აქვს შპს „მაქსტელისგან“ წერილი დავალიანების გადახდაზე უარის თქმის შესახებ, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც თავის მხრივ გახდა დავალიანების გადაუხდელობის საფუძველი.
მოთხოვნა:
კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შეახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავის შესაბამისად განიხილოს დავა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის და დაავალდებულოს შპს „მაქსტელი“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს საოქმო გადაწყვეტილებებზე ხელმოწერა და ანგარიშსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიამ მისცეს თანხმობა შპს „მაგთიკომს“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი”-ს განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაქსტელს” (03/1085-09 09.07.2009) და მხარეს ეთხოვა საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 15 ივლისამდე. მხარეებს ასევე ეცნობათ, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში, ჩაინიშნა 2008 წლის 17 ივლისს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2009 წლის 17 ივლისს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომი“-ს და შპს „მაქსტელის“ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დავაში მესამე პირად ჩართული უნდა იქნას შპს „საქართველოს ტელეკომი“. ხოლო დავის განხილვა გაიმართოს 2009 წლის 24 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს, შპს ”მაგთიკომს” და შპს ”მაქსტელს” შორის დავის განხილვა 2009 წლის 24 ივლისს, 16:00 საათზე;
2. დავაში მესამე პირად ჩართულ იქნას შპს „საქართველოს ტელეკომი“;
3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ შპს „მაგთიკომს“, შპს „მაქსტელს“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ (ნ.ნიჟარაძე).
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
