წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 337 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2009

მიღების თარიღი ივლისი 17, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N7/234-09 02.07.2009) მიმართა შპს ”ჯეოსელმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელიფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62 ლიცენზიებს, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1.   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 890მჰც ÷ 891,8 მჰც, 935მჰც ÷936,8 მჰც, 1710მჰც ÷1725 მჰც, 1805მჰც ÷1820 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 03.08.2009 წ ;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1139 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2.      ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 03.08.2009 წ.

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”ჯეოსელი”- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62   ლიცენზიებს მოქმედების ვადა გასდით 2009 წლის 3 აგვისტოს. შესაბამისად, შპს ”ჯეოსელი-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“ ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი)  განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო, გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის შესაბამისად   რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

კომისია აღნიშნავს, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიმართა მხოლოდ ორი აუქციონი, შესაბამისად, კომისიამ შპს ”ჯეოსელი-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით.

შპს „ჯეოსელის“ ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 17 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები დავით კაკაბაძე, მალხაზ ჟორჟიკაშვილი და ალექსანდრე სადაღაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს ბოლო სამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო ამავე კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 17 ივლისიდან -  2009 წლის 17 ივლისამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას კომისიამ იხელმძღვანელა კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც,  ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სისტემებისთვის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ბოლო სამ  აუქციონზე (იხ.დანართი N1) გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა  55 მჰც, ხოლო თანხამ - 64,363,765.00 (სამოცდაოთხი მილიონ სამასსამოცდასამი ათას შვიდასსამოცდახუთი) ლარი. 1 მჰც-ის საფასური შეადგენს - 1,170,250.27 (ერთი მილიონ ასსამოცდაათი ათას ორასორმოცდაათი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარს (64,363,765.00:55=1,170,250.27).

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18  ლიცენზია ითვალისწინებს 33.6 მჰც სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას (890მჰც ÷ 891,8 მჰც, 935მჰც ÷936,8 მჰც, 1710მჰც ÷1725 მჰც, 1805მჰც ÷1820 მჰც). შესაბამისად,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს „ჯეოსელი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს 39,320,409.16 (ოცდაცხრამეტი მილიონ სამას ოცი ათას ოთხას ცხრა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარს (33.6 მჰც  x  1,170,250.27 ლარი= 39,320,409.16 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 9 აუქციონი (იხ.დანართი N2). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 385,250.00 (სამას ოთხმოცდახუთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს „ჯეოსელი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს (385,250:9=42,805.56).

  კომისიის 2009 წლის 17 ივლისის სხდომაზე, შპს „ჯეოსელი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბატონმა დავით კაკაბაძემ დაადასტურა თითოეული ლიცენზიისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის, კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა), გ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჯეოსელის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62   ლიცენზიებს  2009 წლის 3 აგვისტოდან 10 წლით - 2019 წლის 3 აგვისტომდე;

2. შპს ”ჯეოსელი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 39,320,409.16 (ოცდაცხრამეტი მილიონ სამას ოცი ათას ოთხას ცხრა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარით;

3. შპს ”ჯეოსელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით;

4.უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 39,320,409.16 (ოცდაცხრამეტი მილიონ სამას ოცი ათას ოთხას ცხრა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის  2009 წლის 17 სექტემბრამდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;          

5. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62   ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000 (ერთი ათასი) ლარის 2009 წლის 17 სექტემბრამდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. შპს ”ჯეოსელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. შპს ”ჯეოსელი-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების  2009 წლის 17 სექტემბრამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯეოსელი -ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F18 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N62   ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად, ამავე გადაწყვეტილების თანდართული დანართი N1 და დანართი N2;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები