შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სა და შპს ”კამარა” - ს განცხადებების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2009
მიღების თარიღი ივლისი 17, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-მა (02.07.2009 №7/235-09) და შპს ”კამარა”-მ (07.07.2009 №7/247-09) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 006 (ნული-ნული-ექვსი) გამოყოფასთან დაკავშირებით.
შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია ახორციელებს საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურებას, კერძოდ: ავეჯის გადაზიდვა, ელექტრო გაყვანილობის შეკეთება, მონტაჟი, სანტექნიკოსის მომსახურება, კონდიციონერების, მაცივრების, სარეცხი მანქანების შეკეთება, უფასო იურიდიული მომსახურება და ა.შ. სწორედ აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიას ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
შპს „კამარას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1996 წლის 4 სექტემბერს შპს ”კამარასა” და შპს ”საქართველოს ელექტროკავშირის” ფილიალ ”თბილისის სატელეფონო ქსელს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს ”საქართველოს ელექტროკავშირი” იღებდა ვალდებულებას სპეცნომერი - 0-0-6-ის დამონტაჟებასა და გამართვაზე, შპს ”კამარასთვის”, მისივე დაფინანსებით და კომპანია აღნიშნულ რესურსს ფლობდა 11 წლის განმავლობაში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 14 ივლისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №403/22 ”შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარასთვის” ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ იხელმძღვანელა მხოლოდ განცხადების რეგისტრაციის მომენტით და არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს „კამარა“ მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა ნუმერაციის რესურსს და კეთილსინდისიერად იხდიდა ყველა გადასახადს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კამარა“ ითხოვს ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 006 მინიჭებას, ვინაიდან 2009 წლის 14 ივლისს აღნიშნული რესურსის შპს „ჯი.ემ.ჯგუფი+“-სთვის მინიჭებას ვადა გასდის.
შპს „კამარა“-ს განცხადებაში არ არის დაკონკრტებული რა სახის მომსახურების განსახორციელებლად ესაჭიროება კომპანიას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი.
საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 17 ივლისის კომისიის სხდომაზე, საკითხის განხილვის დღის შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს „კამარას“ და შპს „ჯი.ემ.ჯგუფი+“-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 ივლისის N403/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯი.ემ.ჯგუფი+“-ს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 006 (ნული-ნული-ექვსი) დროებით, ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2009 წლის 14 ივლისმდე, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს „კამარა“-ს უარი ეთქვა ნუმერაციის რესურს 006-ს მინიჭებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”, ასევე შპს ”კამარა” ითხოვს ნუმერაციის რესურსის 006 (ნული-ნული-ექვსი) გამოყოფას. კომისიამ იმსჯელა რა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებულ პირის განცხადება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-მა კომისიას განცხადებით მომართა 2009 წლის 2 ივლისს რეგისტრაციის №7/235-00, ხოლო შპს ”კამარა”-მ 2009 წლის 7 ივლისს რეგისტრაციის №7/247-08. შესაბამისად, შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2009 წლის 2 ივლისს, ხოლო შპს ”კამარა”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება - 2009 წლის 7 ივლისს.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე შპს ”კამარა”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ამავე დროს, შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტში ნუმერაციის რესურსი 006 (ნული-ნული-ექვსი) კომისიის 2008 წლის 14 ივლისის N403/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2009 წლის 14 ივლისამდე მინიჭებული ჰქონდა შპს „ჯი.ემ.ჯგუფი+“-ს და ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით უნდა მიენიჭოს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს, ხოლო შპს „კამარას“ განცხადება ნუმერაციის რესურსი 006-ს მინიჭების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და უარი უნდა ეთქვას შპს „კამარას“ ნუმერაციის რესურსი - 006 (ნული-ნული-ექვსი) მინიჭებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს ”კამარას” ეცნობა წერილობით (14.07.2009 N03/1135-09) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, რითაც კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ”განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ: ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ; ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.”
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კამარასთვის” კომისიის სხდომაზე შეთავაზებულ იქნა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით, ალტერნატიული ნუმერაციის რესურსი, თუ კომპანია დააკონკრეტებდა, თუ რა სახის მომსხურებისთვის ესაჭიროება მას ნუმერაციის რესურსი. შპს „კამარას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად და მოითხოვს ნუმერაციის რესურსის 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) მინიჭებას საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა, რის შესახებაც დაზუსტებული განცხადებით მომართავს კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის 14 ივლისიდან - 2010 14 ივლისამდე, ქ.თბილისში;
2. შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3.კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. უარი ეთქვას შპს ”კამარა”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით ქ.თბილისში მინიჭებაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
