არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2009
მიღების თარიღი ივლისი 17, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ”ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ”. კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2009 წლის იანვრის თვეში კომისიას მიმართა განცხადებით, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით. კომისიის 2009 წლის 3 თებერვლის წერილით N04-116/09, მომჩივანმა მიღო პასუხი, რომ მის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყებოდა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის შემდგომ. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 23 ოქტომბერს, კომისიასა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრ „ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს სამაუწყებლო აზრის კვლევის თაობაზე, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს საქართველოს სამაუწყებლო ზონებში პროგრამული პრიორიტეტების დადგენისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებით, კვლევა უნდა დამთავრებულიყო 2009 წლის 23 აპრილს. გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე არც პრიორიტეტებია დადგენილი და არც კონკურსი გამოცხადებულა, ”ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ ადგება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. განმცხადებელი მოთხოვნას ამყარებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ი) ქვეპუნქტით.
მოთხოვნები:
1. საკაბელო ქსელის გამოყენებით ლიცენზიის გაცემა;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის საფუძველზე, ღია სხდომაზე საჩივრის განხილვა და განმცხადებლის ინფორმირება სხდომის გამართვის თაობაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. შესაბამისად, კომისია არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი და კომისიას არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანი ან თანამდებობის პირი არ ჰყავს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-ს ადმინისტრაციული საჩივარი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-ს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ კომისია, იმ შემთხვევაშიც კი, უფლებამოსილი რომ ყოფილიყო ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე, იგი ვალდებული იქნებოდა უარი ერთქვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-ს განცხადების განხილვაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.
კომისიის მიერ „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ N279/22 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 22 მაისს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-ს კომისიისგან წერილი N04/116-09, გაეგზავნა 2009 წლის 3 თებერვალს. არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ მიერ არც კომისიის გადაწყვეტილება და არც წერილი არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ მიერ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოდგენს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“-სთვის გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
