კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2009
მიღების თარიღი ივლისი 24, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№6/1685-09 15.07.2009) მიმართეს შპს ”ჩვენმა რადიო”-მ და შპს ”რადიო კომერსანტმა”, შპს ”ჩვენი რადიო”-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის შპს ”რადიო კომერსანტი”-სთვის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა, შპს „ჩვენი რადიო“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის შპს „რადიო კომერსანტი“-სთვის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად,
„1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.“
ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო კომერსანტი“ არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჩვენი რადიო”-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის შპს „რადიო კომერსანტი“-სთვის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ჩვენ რადიო“-ს და შპს „რადიო კომერსანტს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.
„მაუწყებოლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს ”ჩვენ რადიო“-ს, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის შპს „რადიო კომერსანტი“-სთვის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს „რადიო კომერსანტმა“, კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოთ შპს ,,ჩვენს რადიოსა” და შპს ,,რადიო კომერსანტს”, რომ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი და კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული პირები, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ შპს „ჩვენი რადიო“-ს კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”რადიო კომერსანტი”-თვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
