წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების

ნომერი: 360 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის საცალო ბაზარზე არსებული მდგომარეობის რეგულირების მიზნით, კომისიამ დაადგინა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებული პირები და დააკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები.

 

    კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე, გეოგრაფიული ზონების მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობილ იქნენ (აბონენტების რაოდენობის მიხედვით) შემდეგი ავტორიზებული პირები:

ცხრილი 1

თბილისი

ქუთაისი

ფოთი

რუსთავი

ზუგდიდი

საქ. დანარჩენი ტერიტორია

აჭარა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”კავკასუს ონლაინი”,

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”ნამიო” შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

შპს ”ახალი ქსელები”

შპს”ახალი ქსელები”

 

 

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

 

 

 

კომისია ასევე მიუთითებს ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად  ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზარზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ცნობილ იქნენ შემდეგი ავტორიზებული პირები:

ცხრილი №2

1

შპს ”კავკასუს ონლაინი”

2

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

3

სს ”ეგრისი”

4

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

5

შპს ”ნამიო”

6

შპს ”ვანექსი”

7

შპს ”სერვისი”

8

შპს ”გრენა”

9

შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი”

10

შპს ”ჯეონეთი”

11

შპს ”ულტრაკომი”

12

სს ”გლობალ ერთი”

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის  მიზნით, კომისიის მიერ, 2009 წლის 19 ივნისის №02/870-09  და 2009 წლის 02 ივლისის №02/1031-09 წერილებით, ინტერნეტის ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისაგან, გამოთხოვილი იქნა გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ინტერნეტის მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობის შესახებ.

კომისია, წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ბაზრის ბოლო კვლევის და ანალიზის შემდგომ (2007 წლის 20 ივლისი), კერძოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, კერძოდ სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” 2009 წლის მაისის მონაცემებით, თბილისში ჰყავდა დაახლოებით 38 ათასი მომხმარებელი, ქუთაისში 2 200, გორში 1700, სულ საქართველოში საშუალოდ, 51 000 (სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 8 ივლისის №8-14/775  წერილი). ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, ბოლო მომხმარებლების რაოდენობის მხრივ, მდგომარეობა შეიცვალა ასევე რუსთავის გეოგრაფიულ ზონაში, სადაც საქმიანობს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 30 ივნისის №386 წერილი).

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემების პირველადი ანალიზის საფუძველზე, ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით (ისევე როგორც მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით),  შპს ”კავკასუს ონლაინის” 2007 წლის ივლისის პერიოდის საბაზრო წილი ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე (დაახლოებით  ბაზრის 90%) მნიშვნელოვნად შემცირდა (დაახლოებით 50%-მდე), ხოლო სს ”გაერთიანებულმა ტელეკომის” წილი (რომელიც 2007 წლის ივლისისთვის იყო ბაზრის 0.5-1%), დღეს შეადგენს ინტერნეტის საცალო ბაზრის დაახლოებით 35-40 %-ს. ასეთ შეცვლილ პირობებში კომისიას მიაჩნია, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით და კონკურენციის შეზღუდვის, ისევე როგორც სატარიფო სუბსიდირებისა და დაშვების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მესამე პუნქტზე დაყრდნობით, ბაზრის ამავე სეგმენტზე, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტიელბის ფარგლებში განხორციელებული კვლევისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ  ვალდებულებებში ცვლილების შეტანა.

 კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილ სპეციფიკურ პირობებში, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის ნაწილში, რა მიზნითაც კომისიას, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჭიროდ მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ახალი გარემეობების კვლევისა და ანალიზის მიზნით.

 კომისია, მიუთითებს კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესებზე”, რომლის 27-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე, ამ დებულების მუხლებით დადგენილი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად და “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის თანახმად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ახალი გარემოებების კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით;

2. ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელმა  ავტორიზებულმა პირებმა, 2009 წლის  21 აგვისტომდე,  კომისიაში წარმოადგინონ ინფორმაცია, ინტერნეტის საცალო მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობის, ინტერნეტის საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების, ასევე ამ მომსახურების სახეებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ოდენობების შესახებ, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი გეოგრაფიული ზონების მიხედვით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის  31 აგვისტოს,   16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

 5. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი  

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები