წვდომის მენიუ

შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ სანქცირებისა და კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ

ნომერი: 362 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19  სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დაევალა სს ”გაერთიანებული ტელეკომის”    დაშვება  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ.ფოთში, სს ”საქართველოს ტელეკომის” მიერ  სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში. კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაევალა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მიერ  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”-თვის განმეორებით მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შექმნას კომისია, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენლებთან ერთობლივად;

ბ) ერთობლივმა კომისიამ შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს და თავის დასკვნაში ასახოს ყველა იმ აპარატურის ჩამონათვალი და შესაბამისი ქმედების განხორციელების მექანიზმები, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის;

გ) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 ივლისს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N284/17 „სს ”გაერთიანებული ტელეკომის” განცხადების განხილვის შესახებ“. კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულება, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი კომისიის უშუალო ჩარევის გარეშე და შესაბამისად, კომისიამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შექმნა სამუშო ჯგუფი, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი - ფოპტნეტი“-ს, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სა და კომისიის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფს დაევალა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესზე დაკვირვება, მონოტორინგი და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N284/17 გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთობლივი დასკვნის მომზადება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეცნობა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციების ქსელ - ფოპტნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებზე გამოუცხადებლობის, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის, ან/და არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, კომისიის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლები ადგენენ ოქმს, რის საფუძველზეც, კომისია უფლებამოსილი იქნება დამრღვევი პირის (პირების) მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული ღონისძიებები.

კომისია აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილე კომისიის აპარატის თანამშრომლების მიერ 2009 წლის 23 ივლისს, წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი N10/364-03 თანდართული ოქმით. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 6 ივლისს შედგა მუშა ჯგუფის შეხვედრა, სადაც უნდა მომხდარიყო კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის ფორმებთან დაკავშირებით სადაო საკითხებზე მხარეებს შორის შეთანხმება, რაც ვერ მოხერხდა, რადგანაც შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს წარმომადგენელი არ იყო საქმის ვითარებაში სათანადოდ გარკვეული. აღნიშნულ სხდომაზე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ დაევალა 2009 წლის 10 ივლისისთვის წარმოედგინა კომისიაში დაზუსტებული წერილი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა იმ აპარატურის ნუსხა, რომელიც სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ უნდა შეიძინოს, რათა მიუერთდეს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ ქ.ფოთში. ზემოაღნიშნული წერილი, ნაცვლად 10 ივლისისა, გამოგზავნილ იქნა დაგვიანებით, 16 ივლისს. აღნიშნულ წერილში მითითებულია მხოლოდ იმ აპარატურის ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი -ფოპტნეტის“ ფოთის სადგურში. აღნიშნული, იდენტურია 2009 წლის 11 მარტს ქ.ფოთში შედგენილ ოქმში ჩამოთვლილი აპარატურისა, რასაც ხელს აწერს ორივე კომპანიის წარმომადგენელი. შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს სიახლეს და ფაქტიურად სახეზეა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ მიერ 2009 წლის 30 ივლისს წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა (N6/1883-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხადება შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს სანქცირების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: მიუხედავად იმისა, რომ შპს „ოპტიკურ ბიჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ არ ეთანხმებოდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილებას და გასაჩივრებული აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, კერძოდ 2008 წლის 17 თებერვლის ED-09/50 წერილით განსაზღვრა ერთობლივ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილი პირები, ორგანიზება გაუკეთა ერთობლივი კომისიის სამუშო შეხვედრას, რომელიც შედგა 2009 წლის 2 მარტს, სადაც გადაწყდა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლები უნდა ჩასულიყვნენ ქ.ფოთში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს დამაბოლოებელ სადგურში მყოფი აპარატურის აღწერის მიზნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს  წარმომადგენლები 2009 წლის 11 მარტს ჩავიდნენ ქ.ფოთში, მაგრამ ფოთში არ გამოცხადებულან სს „გაერთაინებული ტელეკომი“-ს წარმომადგენლები და აქტს, სადაც ასახულია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს აპარატურის ჩამონათვალი, ხელი მოაწერა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ გურია-სამეგრელოს ფილიალის დირექტორის მოადგილემ რამაზ ნარსიამ. აღნიშნულის გამო კი შესაძლებელია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან წარმოიშვას გარკვეული პრეტენზიები  ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რაც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს  განცხადებით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან წარმოადგენს ხელოვნურ დაბრკოლებას, რათა შემდგომში ბრალი დასდონ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2009 წლის 27 მარტის N8-14/343 წერილით, უარს ამბობს 2009 წლის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე, სადაც უნდა განსაზღვრულიყო შესაძენი აპარატურის ჩამონათვალი და მისი განუსაზღვრელობის პასუხისმგებლობას აკისრებს შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” და ამ უკანასკნელის განცხადებით, ეს ხდება მაშინ, როცა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი”-სთვის უცნობია რა სახის მომსახურების მიღება სურს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და კონკრეტულად რამდენი 2 მეგაბიტწამიანი პორტი ესაჭიროება ან რა ტექნოლოგიით სურს მიერთება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ აცნობა, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, ექსპლოატაციას და საგარანტიო პირობების შესრულებას ახორციელებს უცხოური კომპანია და შესაბამისად, თუ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ არ სურს მონაწილეობა მიიღოს აპარატურის ჩამონათვალის განსაზღვრაში და არ სურს დააზუსტოს სასურველი მომსახურების სახე, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” ვერ გაწევს არამწარმოებლურ ხარჯებს, რათა მოიწვიოს იმ უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მოახდენენ სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ სასურველი სერვისის მისაღებად საჭირო აპარატურის განსაზღვრასა და დამონტაჟებას.

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“ შუამდგომლობაში ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N284/16 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განისაზღვრა მუშა ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილი პირები, თუმცა ისინი კომისიაში არავის გამოუძახია. კომისიამ მოითხოვა აპარატურის ჩამონათვალი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა მესამე პირის ჩართვა ქ.ფოთში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს, კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა იმ აპარატურის ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულია ქ.ფოთში, ასევე მიუთითა იმ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი -ფოპტნეტის“  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წლის 28 მაისის ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფოპტნეტი“-ს სარჩელი, რომელიც ეხებოდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, ანუ, ყველა მოთხოვნა დამყარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ გადაწყვეტილებაზე. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ -ფოპტნეტს“ ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით აეკრძალა ქ.ფოთში წმინდა გიორგის ქ.N16-ში მდებარე საიჯარო ფართში, სხვა ფირმების და კომპანიების მოწყობილობა-დანადგარების განთავსება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ -ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ განმეორებით უნდა იქნას გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის N3/ბ-467-09 გადაწყვეტილება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არსებობს ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება, რომელიც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს“ უკრძალავს თანალოკაციის ფართზე დაშვებას, არსებობოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი -ფოპტნეტის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტა, სადაც განსაზღვრულია ჩართვის წერტილი ქ.თბილისში და არა ქ.ფოთში,  რაც არ გასაჩივრებულა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ და შესაბამისად, მსურველმა ავტორიზებულმა პირმა უნდა განაცხადოს უპირობო აქცეპტი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივ შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიმართ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, კომისიაში დაიწყო კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და კომისიის აპარატის თანამშრომელბის მიერ კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N284/17 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად,  2009 წლის 23 ივლისს შედგენილი ოქმის საფუძველზე და არა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადების საფუძველზე, როგორც ეს აღნიშნულია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შუამდგომლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ კომისიისთვის არ მიუმართავს.

2. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპატამენტის უფროსის მ.გოთოშიას სამსახურებრივი ბარათიდან და კომისიის აპარატის თანამშრომელთა მიერ 2009 წლის 23 ივლისს შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ ვერ მოხერხდა სამუშაო ჯგუფის მიერ კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N284/17 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთობლივი დასკვნის მომზადება, იმ მიზეზის გამო, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ, არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ იმ აპარატურის ნუსხა, რომელიც უნდა შეეძინა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, ქ.ფოთში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად.

3. 2009 წლის 28 მაისის ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს სარჩელი, კომისიას 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, კომისიას ჩაბარდა 2009 წლის 27 ივლისს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საკასაციო წესით მისი გასაჩივრების უფლებას, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა, ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძლაში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი - ფოპტნეტი“ არ თავისუფლდება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების შესრულებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ დღემდე არ არის შესრულებული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებები, ამავე დროს, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N284/17 გადაწყვეტილება ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16, 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღუსრულებლობათა და 2009 წლის 3 ივლისის N284/17 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისია დამატებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარეებს კვლავ განუსაზღვროს თანმიმდევრულად იმ ქმედებების განხორციელების ვალდებულება, რაც აუცილებელია კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების ჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე დროს, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ  იქნას კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება, კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია,  რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფის უფრო მკაცრი  საშუალებები, ვინაიდან აქამდე გატარებულმა ღონისძიებებმა, ვერ უზრუნველყო კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია განახორციელოს სხვა პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსასრულებლადაც არის იგი გამოცემული.“ ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის.“ კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი შემდეგი საშუალება: ა) სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება; ბ) ჯარიმა; გ) უშუალო იძულება.

კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების ყოველ გადაცილებულ დღეზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სწორედ ჯარიმა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას და მეორე მხრივ, აიძულებს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ დროულად შეასრულოს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებები. 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად განსაზღვროს იმ აპარატურის ჩამონათვალი, რაც აუცილებელია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად ქ.ფოთში, იგი უფლებამოსილია მიმართოს აპარატურის მწარმოებელს ან/და იმ უცხოურ კომპანიას, რომელიც მისივე განცხადებით, ახორციელებს ქ.ფოთში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას და ექსპლოატაციას და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, წერილობითი ფორმით, მიაწოდოს მწარმოებელთან შეთანხმებული იმ აპარატურის ჩამონათვალი, აპარატურის დეტალური ტექნიკური აღწერილობითა და სხვა თანდართული დოკუმენტაციით, მათ შორის დაშვების ტექნიკური სქემა, აპარატურისა და მონტაჟის ღირებულება, რაც აუცილებელია ქ. ფოთში  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა-ფოპტნეტმა“ უნდა უზრუნველყონ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი ქმედებების განხორციელებით:

1.   უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2009 წლის 3 აგვისტოს 20:00 საათამდე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ წერილობითი ფორმით იმ დაზუსტებული  ინფორმაციის მიწოდება, რაც აუცილებელია კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსასრულებლად;

2.  უზრუნველყოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა ფოპტნეტმა“  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წერილობითი მიმართვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ წერილობითი ფორმით, მწარმოებელთან შეთანხმებული იმ აპარატურის ჩამონათვალის, დეტალური ტექნიკური აღწერილობისა და სხვა თანდართული დოკუმენტაციის, მათ შორის დაშვების ტექნიკური სქემის, აპარატურისა და მონტაჟის ღირებულების მიწოდება, რაც აუცილებელია ქ. ფოთში  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად.  

3.  შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა-ფოპტნეტმა“, უზრუნველყოს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;

     იმ შემთხვევაში, თუ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს მიერ ნებაყოფლობით არ იქნება შესრულებული ზემოაღნიშნული შესაბამისი ქმედებებიდან ერთ-ერთი მაინც, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის,  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ზ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, 169-ე მუხლის , 171-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტი“ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16, 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18, 2009 წლის 3 ივლისის N284/16  გადაწყვეტილებებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყონ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტმა“ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულება, შემდეგი ქმედებების თანმიმდევრულად განხორციელებით:

ა) უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2009 წლის 3 აგვისტოს 20:00 საათამდე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ წერილობითი ფორმით იმ დაზუსტებული  ინფორმაციის მიწოდება, რაც აუცილებელია კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსასრულებლად;

ბ) უზრუნველყოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა ფოპტნეტმა“  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წერილობითი მიმართვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ წერილობითი ფორმით, მწარმოებელთან შეთანხმებული იმ აპარატურის ჩამონათვალის, დეტალური ტექნიკური აღწერილობისა და სხვა თანდართული დოკუმენტაციის, მათ შორის დაშვების ტექნიკური სქემის, აპარატურისა და მონტაჟის ღირებულების მიწოდება, რაც აუცილებელია ქ. ფოთში  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად.  

გ) შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა-ფოპტნეტმა“, უზრუნველყოს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;

3. კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი  ქმედებიდან ერთ-ერთის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნას ჯარიმა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქმედების შესრულებისთვის მიცემული ვადის დარღვევის ყოველი გადაცილებული დღისათვის, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (გამოყენების მაქსიმალური პერიოდი - 20 დღე) თითოეული კომპანიის მიმართ;

4. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და შპს  ”ოპტიკურ - ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელმა ფოპტნეტმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - N300773251;

 და კომისიაში გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

 5. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება შეწყდეს კომისიის 2008 წლის წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე შპს  ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის” მხრიდან შეტყობინების მიღებისა და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) შესაბამისი დამადასტურებელი შემოწმების ოქმის წარმოდგენისთანავე ან/და 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ;

6. ეცნობოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების სს  ”გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის ასლის ჩაბარება, აგრეთვე სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები