წვდომის მენიუ

კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების, შპს ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვალის №6/574-09 და 2009 წლის 19 მარტის №6/714-09 განცხადებების განხილვისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომი” გაფრთხი

ნომერი: 363 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 19 მარტს  №6/714-09 განცხადებით მიმართა  შპს ”ახალმა ქსელებმა”, სადაც განმცხადებელი მხარე იუწყებოდა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის 1 იანვრიდანაც აგრძელებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქსელიდან შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე 6 თეთრის დარიცხვას, რის გამოც ითხოვდა სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის” კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, კერძოდ, 2008 წლის 23 დეკემბერს წარმოდგენილ № 1167  განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავდა, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს, დაუდგინდათ სატელეფონო მომსახურების საცალო ზედა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა სს ”გაერთიანებული ტელეკომი”  აგრძელებდა თავისივე ქსელიდან შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე  6 თეთრის დარიცხვას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ მართალია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო განჩინებით შეჩერებული იყო გარკვეულ პერიოდში, მაგრამ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2008 წლის 5 დეკემბერს მიღებული განჩინებით, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის განჩინება,  კომისიის გადაწყვეტილება ამოქმედდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოცემიდან ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან, რადგან ეს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იგი ძალაში შედის მიღებისთანავე, ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან.

კომისიამ, აღნიშნული საკითხი განიხილა 2009 წლის 27 იანვარს. სხდომაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, როგორც დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ შეასრულა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9  გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525-08, მიიღო განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე. კერძოდ, 2008 წლის 15 დეკემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გენერალურმა დირექტორმა ა. ტემირბეკოვმა გამოსცა ბრძანება, იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქ. თბილისის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტთათვის დაწესდა ახალი ტარიფი - 4 თეთრი წუთზე.

2009 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა, დააკონკრეტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა მოახდინოს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირება, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარე უკანონოდ ახდენდა საკუთარ აბონენტებზე შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე 6 თეთრის დარიცხვას 2008 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე.

კომისიამ, 2009 წლის 13 თებერვალს  მიიღო №67/22 გადაწყვეტილება შპს  ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის № 1167 განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან,  2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525-08 გამოტანილი განჩინების  ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის  მიღებამდე. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან კომისიის 2009 წლის 21 იანვარის №03/48-09 წერილზე შესაბამისი რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

მოგვიანებით, კერძოდ 2009 წლის 27 თებერვალს, კომისიამ იგივე სადაო საკითხზე შპს ”ახალი ქსელებისგან” მიიღო განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/574-09), რომელშიც შპს ”ახალი ქსელები” იტყობინებოდა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის იანვრის თვიდან, კვლავ აგრძელებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქსელიდან შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე  6 თეთრის დარიცხვას და მოითხოვა კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №57/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლება. კომისიამ ზემოაღნიშნული განცხადება გადაუგზავნა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” და აცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.

აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 13 მარტს. სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, როგორც დაინტერესებული პირის, უფლებამოსილი წარმომადგენლები. სხდომაზე სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან 2009 წლის 1 იანვრიდან აბონენტებზე თანხების დარიცხვა ხდება 2008 წლის 15 დეკემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გენერალური დირექტორის ა. ტემირბეკოვის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, ანუ 4 თეთრი წუთზე. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულს და აღნიშნა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის 1 იანვრიდან კვლავ აგრძელებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქსელიდან შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე 6 თეთრის დარიცხვას, რის დასტურადაც, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელის მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა აბონენტ მირიან ჯანჯღავას (სატელეფონო ნომერი - 25444, ქ. ფოთი) მიერ განხორციელებული საუბრების დეტალური ამონაწერი.

კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიიღო №132/16 გადაწყვეტილება შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის №1167  განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების  დავის საგანს წარმოადგენდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საკუთარ აბონენტებზე შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე  6 თეთრიანი ტარიფით მომსახურებას 2008 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვლის წერილი შეეხებოდა, დროის სხვა პერიოდში სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ არასწორ ტარიფიკაციას. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, კომისიამ  შპს  ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც შეეხებოდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის 1 იანვრიდან ქ.ფოთში აბონენტზე 6 თეთრის დარიცხვას, ჩათვალა ექს-პარტე შეტყობინებად და ამის თაობაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა შემოწმების განხორციელება.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2009 წლის 24 მარტს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №2, რომლიდანაც ირკვევა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში ქ. ფოთში სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქსელიდან შპს ”ახალი ქსელების” მიმართულებით გამავალ ზარებზე აბონენტებს არიცხავდა 6 თეთრს, ხოლო მარტის თვიდან 4 თეთრს. აღნიშნულ შემოწმების აქტში ასევე მოცემულია შემოწმებული მხარის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული არასწორი ტარიფიკაცია იყო სათაო ოფისსა და ფილიალს შორის არასათანადო კომუნიკაციის მიზეზით გამოწვეული, რაც მოგვიანებით აღმოფხვრილ იქნა, ხოლო ის სხვაობა, რაც არასწორ ტარიფიკაციას მოჰყვა, დაუჯდებოდათ აბონენტებს ავანსად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიას იგივე შინაარსის განცხადებით, 2009 წლის 19 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის №6/714-09)  კიდევ ერთხელ მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” აგრძელებდა აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას (ქ. ფოთში და ქ.ზესტაფონში), რაც დასტურდებოდა დეტალური ამონაბეჭდით. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მსგავსი ქმედებით ირღვეოდა როგორც აბონენტების უფლებები, ასევე არ სრულდებოდა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილება და იქმნებოდა არაკონკურენტული გარემო სხვა ავტორიზებული პირებისათვის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო, განმცხადებელი მხარე ითხოვდა კომისიის №189/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ კანონით დადგენილი სანქციების გამოყენებას.

ზემოაღნიშნულ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულება გადაეცა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს შემოწმების განსახორციელებლად ქ. ზესატფონში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის  მიერ 2009 წლის 14 მაისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №5, სადაც აღნიშნულია, რომ 2009 წლის იანვარში სს ”გაერთიანებული ტელეკომი” აბონენტებს სხვა ქსელის აბონენტებთან დასაკავშირებლად არიცხავდა 4 თეთრს, ხოლო 2009 წლის თებერვალში 6 თეთრს. თებერვლის თვეში გამოწვეული არასწორი ტარიფიკაცია აღმოფხვრილია და აღნიშნული უზუსტობა გამოსწორებულია 2009 წლის მარტის თვიდან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში 2009 წლის 31 ივლისს  გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, იგი ხსნის თავის დამოუკიდებელ მოთხოვნას 2008 წლის 5 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდზე და ითხოვს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირებას კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” მოწინააღმდეგე მხარეს მრავალგზის მიმართა განცხადებით და მიუხედავად ამისა, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” დენადი ხასიათის დარღვევას მაინც აგრძელებს. ზემოაღნიშნულზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოების გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ბილინგი ცენტრალიზებული არ არის, ქ. თბილისში ახალი ბილინგის სისტემის დანერგვა მოხდა, სამწუხაროდ იქ რეგიონების ბილინგი არ ხვდება და თითოეული რეგიონი დამოუკიდებლად ახორციელებს მათ აღრიცხვას. შესაბამისად, პრობლემები რაც იყო, ძირითადად გამოწვეული იყო ამ მიზეზით, თუმცა ეს ხარვეზი აღმოფხვრილია დღეის მდგომარეობით და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ფილიალებმა განახორციელეს აღნიშნული თანხების დაკორექტირება და ზედმეტად დარიცხული თანხების მომხმარებლებისათვის კრედიტში დასმა.

            კომისია, საქმის სრული და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ რიგ დასახლებულ პუნქტში (ქ.ფოთსა და ქ. ზესტაფონში) სს ”გაერთიანებული ტელეკომი” საკუთარი აბონენტებისათვის სხვა ავტორიზებულ პირებთან გამავალ ზარებზე იყენებდა არასწორ ტარიფს, რაც დასტურდება კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს მიერ შედგენილი შემოწმების აქტებით, კერძოდ, იანვარ-თებერვალში ქ.ფოთსა და ქ.ზესტაფონში სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ოპერირებდა არასწორი 6-თეთრიანი ტარიფით, რომელიც შემდგომ გამოასწორა, 4-თეთრიან ტარიფზე კორექტირება გააკეთა და ის, რაც ზედმეტად ჰქონდა დარიცხული, მომხმარებელს დაუსვა დეპოზიტზე. კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ აღმოფხვრილ იქნა ის დარღვევები, რაც გამოწვეული იყო არასწორი ტარიფიკაციის შედეგად, ეს უკანასკნელი გარემოება არ ათავისუფლებს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტეილების შეუსრულებლობის გამო  პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” უნდა გაფრთხილდეს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შეწყდეს ცალკე ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის№1167  განცხადებასთან დაკავშირებით;

2. დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვალის №6/574-09 და 2009 წლის 19 მარტის  №6/714-09 განცხადებები და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” მიეცეს გაფრთხილება” ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა და ავტორიზებულ პირთა რეესტრში სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გაფრთხილების თაობაზე მონაცემების შეტანა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                ი.ჩიქოვანი                

წევრები:                                        ს. ბრიტანჩუკი

                                                      კ. კვიტაიშვილი

                                                      ა. სიხარულიძე

                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები