შპს ”მაგთიკომი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2009
მიღების თარიღი ივლისი 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 17 ივლისს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000066, შედგენილი 2009 წლის 15 ივლისს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 15 ივლისს შემოწმდა „მაგთიკომის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურეობები. გაირკვა, რომ კომპანია საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად, აბონენტებს სთავაზობს კოდი „00“-ს აკრეფას, რაზეც შპს „მაგთიკომს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან არ აქვს აღებული შესაბამისი ლიცენზია და ამდენად, იგი ახორციელებს ზემოაღნიშნულ საქმიანობას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის სათანადო ლიცენზიის გარეშე, რასაც ადასტურებს კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „00“ კოდის საშუალებით ა.წ. 15 ივლისს განხორციელებული ზარები.
აღნიშნულის თაობაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (№000066, 15.07.2009წ), რომელსაც ხელს აწერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ გოთოშია და შპს „მაგთიკომის“-ს წარმომადგენელი ბატონი ანდრია ზოდელავა.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომი’’ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 15 ივლისს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009 წლის 17 ივლისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 31 ივლისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 24 ივლისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”მაგთიკომს” (24.07.2009 N03/1403-09). მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელი ქალბატონი ე.ასანიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოსულია შპს „მაგთიკომის“ ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ არ ეთანხმება 2009 წლის 15 ივლისს შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შემდეგი გარემოებების გამო:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰ13 და ჰ14 პუნქტების შესაბამისად, ნუმერაციის სისტემა არის სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის, ხოლო ნუმერაციის რესურსი არის ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას ან/და ლიცენზიის გაცემისას. ციფრები - „00“-ს აკრეფისას არ ხდება ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირება. აღნიშნული კომბინაციით ხდება შპს „მაგთიკომის“ აბონეტებისთვის საერთაშორისო მომსახურების მიწოდება, ისევე როგორც „+“ სიმბოლოს აკრეფისას. საქართველოში მოქმედი რომელიმე სხვა ქსელის/აბონენტის მფლობელი ოპერატორის ქსელში, რომელიც მსგავს მომსახურებას სთავაზობს თავის აბონენტებს, „00“ ან „+“ არ არის გააქტიურებული, როგორც შპს „მაგთიკომის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსი. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია რომ „00“ გამოყენებისას, სახეზე არ არის ნუმერაციის სისტემის ან შესაბამისი ნუმერაციის რესურსის დეფინიციის ერთ-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი ნიშანი - ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის იდენტიფიცირება. შესაბამისად, „00“-ს გამოყენებისას, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან არ ხდება ნუმერაციის რესურსის გამოყენება და შესაბამისად, ადგილი არ აქვს ულიცენზიოდ საქმიანობას.
შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ 1999 წლის 20 აპრილს, შპს „მაგთიკომს“ მიღებული აქვს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წერილობითი დასტური, სადაც სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ნუმერაციის მოწესრიგებისა და რეგულირების დასახვეწად მუშავდება კანონი „სატელეფონო ნუმერაციის შესახებ“ ხოლო ამ კანონის მიღებამდე, საკუთარი ლოკალური ქსელის აბონენტებისთვის შპს „მაგთიკომს“ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ინდექსი, თუ გააჩნია საერთაშორისო კავშირისათვის საჭირო საშუალებები.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“, აკრეფისას იყენებს ვოფრებოს „00“ კომბინაციას საერთაშორისო მომსახურების მისაწოდებლად. ამ კომბინაციის პრეფიქსად გამოყენების შედეგად, ხორციელდება ზარების დამისამართება საერთაშორისო არხის მიმართულებით, ანუ აღნიშნული კომპანია ამ რესურსს არ იყენებს როგორც საერთაშორისო ან ადგილობრივი რომელიმე ოპერატორის ქსელების (აბონენტების) იდენტიფიცირებისთვის.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰ13 და ჰ14 პუნქტების შესაბამისად, ნუმერაციის სისტემა არის სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის, ხოლო ნუმერაციის რესურსი არის ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას ან/და ლიცენზიის გაცემისას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ნუმერაციის რესურით სარგებლობა ექვემდებარება ლიცენზირებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ „00“-ს გამოყენებით ხორციელდება საკუთარი აბონენტებისთვის საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ციფრები - „00“-ს აკრეფისას არ ხდება ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირება. შესაბამისად, „00“ არ ჯდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსის დეფინიციაში, გამომდინარე იქიდან, რომ „00“ აკრეფისას, არ ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში, ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირება.
გამომდინარე იქიდან, რომ „00“ არ წარმოადგენს ნუმერაციის რესურსს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის, არ დგინდება შპს „მაგთიკომის“ მიერ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, რომელიც დაწყებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ მიმართ 2009 წლის 15 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000066-ს საფუძველზე, უნდა შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა ასევე, ნუმერაციის ახალი სისტემაზე გადასვლამდე, შპს „მაგთიკომის“ მიერ „00“ გამოყენებით საკუთარი აბონენტებისთვის საერთაშორისო მომსახურების მიწოდების მიზანშეწონილობის შესახებ. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს სხდომისთვის, რათა შპს „მაგთიკომს“ მიეცეს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა. კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათისთვის.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 17-ე პუნქტის, 41-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „მაგთიკომის“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება, სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;
2. გადაიდოს შპს „მაგთიკომის“ მიერ „00“ გამოყენებით საკუთარი აბონენტებისთვის საერთაშორისო მომსახურების მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”მაგთიკომისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
