წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაქსტელს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 365 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”მაქსტელთან” ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”მაქსტელი”-ს მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების არ შესრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში  წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ 2009 წლის 26 და 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „საქართველოს ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსები (სამნიშნა ნუმერაციის რესურსი 810, სატელეფონო ინდექსი ქ.თბილისში 44) და ტექნიკური საშუალებები გადაეცა შპს „მაგთიკომს“. შპს „საქართველოს ტელეკომმა“ და შპს „მაგთიკომმა“ ერთობლივი წერილით აცნობეს ყველა ოპერატორს, მათ შორის, შპს „მაქსტელს“, რომ შპს „საქართველოს ტელეკომთან“ გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურებას 2009 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს შპს „მაგთიკომი“. კომპანიებს ასევე ეცნობათ, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება 2009 წლის 1 აპრილამდე ეწარმოებინათ შპს „საქართველოს ტელეკომთან“, ხოლო 2009 წლის 1 აპრილიდნ მიღებული მომსახურებისთვის - შპს „მაგთიკომთან“. 2009 წლის 13 მაისს, შპს „მაგთიკომმა“ შპს „მაქსტელი“-სგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს „მაქსტელი“ უარს აცხადებს აპრილის თვეში მიღებული მომსახურების საფასურის გადახდაზე, იმ მოტივით, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ გააჩნია დავალიანება შპს „მაქსტელი“-ს მიმართ, ამიტომაც კომპანიამ 2009 წლის აპრილის თვეში ტრაფიკი სხვა კომპანიებიდან მიმართა შპს „საქართველოს ტელეკომი“-ს გავლით, რათა შპს „მაქსტელს“ გაებათილებინა აღნიშნული დავალიანება. შპს „მაქსტელი“-ს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაქსტელმა“ შპს „საქართველოს ტელეკომის“ და შპს „მაგთიკომის“ ერთობლივი წერილი მიიღო 2009 წლის 11 მაისს. შესაბამისად, კომპანიისთვის აპრილის თვეში არ იყო ცნობილი ორ კომპანიას შორის არსებული ახალი ურთიერთობების შესახებ, ამიტომაც აპრილის თვეში შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიმართულებით გაშვებული ტრაფიკის ღირებულებას შპს „მაქსტელი“ ვერ გადაუხდის შპს „მაგთიკომს“.

შპს „მაგთიკომი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელი“-სგან მიღებული წერილი გადაეგზავნა შპს „საქართველოს ტელეკომს“ და მათგან მიიღეს პასუხი, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „მაქსტელთან“ აქვს გარკვეული პრეტენზიები თანხასთან დაკავშირებით, ასევე შპს „საქართველოს ტელეკომს“ მიაჩნია, რომ მისი დავალიანება შპს „მაქსტელი“-ს მიმართ 2009 წლის 1 აპრილამდე არის 4891.00 ლარი, ხოლო შპს „მაქსტელი“ თვლის, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ გაუწია 6352.57 ლარის მომსახურება. შპს „მაგთიკომი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი გარკვეული უნდა იქნას შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის და მას არაფერი აქვს საერთო შპს „მაქსტელის“ დავალიანებასთან შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2006 წლის 24 იანვარს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტრაფიკის აღრიცხვისა და ანგარიშსწორების წესი იდენტურია შპს „მაქსტელსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა.

შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელი“-ს მიერ არ არის ხელმოწერილი შპს „მაგთიკომი“-ს მიერ შედგენილი და გაგზავნილი ანგარიშსწორების ოქმი, რომლის მიხედვითაც შპს „მაქსტელი“-ს დავალიანება შეადგენს 16,856.53 ლარს.

შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ თვლის, რომ შპს „მაქსტელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ოქმზე ხელმოწერა და აპრილის თვეში ურთიერთჩართვის მომსახურების საფასურის გადახდა შემდეგი გარემოებების გამო:

1.      2009 წლის აპრილის თვეში ის მომსახურება, რაც გათვალისწინებული იყო შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, გაწეულ იქნა შპს „მაგთიკომი“-ს მიერ, ისეთივე პირობებითა და ტარიფებით, რასაც ითვალისწინებდა შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

2.  შპს „მაქსტელი“ არ უარყოფს მომსახურების მიღების ფაქტს და სადაოდ არ ხდის გატარებული ტრაფიკის ოდენობას და ტარიფს;

3.  იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაქსტელი“ მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ მის მიმართ აქვს დავალაინება, მას შეუძლია აღნიშნული საკითხი სადაო გახადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“, შპს „მაქსტელს“ და შპს „მაგთიკომს“  შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები ითვალისწინებს მონაცემთა უწყისების გაცვლას და ერთობლივი საოქმო გადაწყვეტილებების შედგენას, რომლის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება მხარეებს შორის, ხოლო შპს „მაქსტელს“ არ დაუბრუნებია შპს „მაგთიკომი“-ს მიერ გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილება ხელმოწერილი და ამავე დროს, შპს „მაგთიკომს“ მიღებული აქვს შპს „მაქსტელისგან“ წერილი დავალიანების გადახდაზე უარის თქმის შესახებ, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც თავის მხრივ გახდა დავალიანების გადაუხდელობის საფუძველი.

მოთხოვნა:

კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავის შესაბამისად, განიხილოს დავა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის და დაავალდებულოს შპს „მაქსტელი“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს საოქმო გადაწყვეტილებებზე ხელმოწერა და ანგარიშსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიამ მისცეს თანხმობა შპს „მაგთიკომს“, შპს „მაქსტელთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი”-ს განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაქსტელს” (03/1085-09 09.07.2009) და მხარეს ეთხოვა საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 15 ივლისამდე.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2009 წლის 17 ივლისს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომი“-ს და შპს „მაქსტელი“-ს წარმომადგენლები.

კომისიის 2009 წლის 17 ივლისის N 334/16 გადაწყვეტილებით, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის დავის განხილის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 24 ივლისის 16:00 საათი. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებით, დავაში მესამე პირად ჩართული იქნა, შპს „საქართველოს ტელეკომი“, რის შესახებაც ამ უკანასკნელს გაეგზავნა შეტყობინება და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მასალები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 24 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „მაქსტელის“ და შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე შპს „მაქსტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომიდან“ 2009 წლის 8 მაისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც კომპანიამ შეატყობინა შპს „მაქსტელს“, რომ 2009 წლის 26 და 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „საქართველოს ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსები (სამნიშნა ნუმერაციის რესურსი 810, სატელეფონო ინდექსი ქ.თბილისში 44) და ტექნიკური საშუალებები გადაეცა შპს „მაგთიკომს“, შპს „მაქსტელს“ ჩაბარდა 2009 წლის 11 მაისს. შესაბამისად, აპრილის თვეში მათთვის არაფერი იყო ცნობილი შპს „მაგთიკომსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის ლიცენზიების გადაპირების თაობაზე და აპრილის თვეში ტრაფიკი შპს „მაქსტელმა“ მიმართა შპს „საქართველო ტელეკომის“ მიმართულებით, ვინაიდან შპს „საქართველოს ტელეკომს“ გააჩნდა დავალიანება შპს „მაქსტელის“ მიმართ და შპს „მაქსტელმა“ სწორედ იმიტომ მიმართა ტრაფიკი შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიმართულებით, რათა ამ გზით ამოეღო შპს „მაქსტელს“ შპს „საქართველოს ტელეკომის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.

შპს „მაქსტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი სადაოს არ ხდიან არც ტრაფიკის ოდენობას და არც თანხას, მაგრამ უარს აცხადებენ თანხის შპს „მაგთიკომისთვის“ გადახდაზე, იმ მიზეზით, რომ მათთვის აპრილის თვეში არ იყო ცნობილი შპს „მაგთიკომსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის გაფორმებული გადაპირების თაობაზე და შესაბამისად მიაჩნიათ, რომ ხელშემკვრელი მხარე, ანუ მომსახურების გამწევი იყო შპს „საქართველოს ტელეკომი“. შპს „მაქსტელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 2009 წლის 1 მაისისთვის შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „მაქსტელის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 6352.57 ლარის ოდენობით, ამიტომაც აპრილის თვეში შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 11,570 ლარსა და 6352.57 ლარს შორის სხვაობას ანუ 5217.43 ლარს გადაუხდიან შპს „საქართველოს ტელეკომს“.

კომისიის სხომაზე შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მართლაც გააჩნია დავალიანება შპს „მაქსტელის“ მიმართ, მაგრამ თავის მხრივ შპს „საქართველოს ტელეკომი“ ედავება სასამართლო წესით შპს „ულტრაკომუნიკაციებს“, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს შპს „მაქსტელი“ და ამიტომაც აღნიშნული საკითხის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე არ აპირებს გადაუხადოს დავალიანება შპს „მაქსტელს“.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, მისი განხილვა, სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობით, გადაიდო 2009 წლის 31 ივლისისთვის.

2009 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „მაქსტელის“ და შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად სამართლებრივმა დეპარტამენტმა გამოარკვია შემდეგი:

შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „მაგთიკომს“ შორის 2009 წლის 26 და 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „საქართველოს ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსები (სამნიშნა ნუმერაციის რესურსი 810, სატელეფონო ინდექსი ქ.თბილისში 44) და ტექნიკური საშუალებები გადაეცა შპს „მაგთიკომს“. აღნიშნული ცვლილებების შესახებ შპს „მაგთიკომმა“ და შპს „საქართველოს ტელეკომმა“ ერთობლივი წერილით აცნობეს შპს „მაქსტელს“ 2009 წლის 8 მაისს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომთან“ გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურებას 2009 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს შპს „მაგთიკომი“. კომპანიას ასევე ეცნობა, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება 2009 წლის 1 აპრილამდე ეწარმოებინა შპს „საქართველოს ტელეკომთან“, ხოლო 2009 წლის 1 აპრილიდან მიღებული მომსახურებისთვის - შპს „მაგთიკომთან“. შპს „მაქსტელს“ აღნიშნული წერილი ჩაბადა 2009 წლის 11 მაისს. შესაბამისად, ამ დრომდე, შპს „მაქსტელისთვის“ არ იყო ცნობილი შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის 2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაში, მეორე მხარის (შპს „საქართველოს ტელეკომის“) მესამე პირით შპს „მაგთიკომით“ ფაქტიურად ჩანაცვლების შესახებ.

შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის 2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით მხარეთათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ან დაიტვირთოს, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაქსტელისთვის“ 2009 წლის 11 მაისამდე (როდესაც მას ჩაბარდა შპს „მაგთიკომის“ და შპს „საქართველოს ტელეკომის“ ერთობლივი წერილი) უცნობი იყო  შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის 2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაში, მეორე მხარის (შპს „საქართველოს ტელეკომის“) ცვლილების შესახებ, მხარეთა შორის არ არსებობს არანაირი წერილობითი შეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის, ამ შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის“ გადაცემის შესახებ. კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „მაქსტელთან“  2006 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-8 მუხლიდან  გამომდინარე არ ჰქონდა უფლება ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე, ურთიერთჩართვიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები გადაეცა შპს „მაგთიკომისთვის“.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის დამთბობსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში არც შპს „საქართველოს ტელეკომისა“ და არც შპს „მაგთიკომის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „მაქსტელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემის, ან მოთხოვნის დათმობის შესახებ. შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპაერტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ შპს „მაქსტელთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში არ განხორციელებულა მოთხოვნის დათმობა შპს „მაგთიკომისთვის“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ 2006 წლის 1 მაისის შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე 2009 წლის აპრილის თვეზე შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის ანგარიშსწორების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს იურიდიული საფუძველი იმისა, რომ კომისიამ დაავალდებულოს შპს „მაქსტელი“ უზრუნველყოს 2009 წლის აპრილის თვეში ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მომსახურებაზე ანგარიშსწორება შპს „მაგთიკომთან“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურებული უდაო ფაქტია ის, რომ 2009 წლის აპრილის თვეში ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მომსახურება განახორციელა შპს „მაგთიკომმა“, ნაცვლად შპს „საქართველოს ტელეკომისა“. შესაბამისად, 2009 წლის აპრილის თვეში შპს „მაქსტელისთვის“ გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე, ანგარიშსწორების საკითხები უნდა გადაწყდეს შპს „მაქსტელს“, შპს „საქართველოს ტელეკომსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთშეთანხმებით.

კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დასკვნები და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება, შპს „მაქსტელისთვის“ 2009 წლის აპრილის თვეში ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საოქმო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისა და ანგარიშსწორების დავალდებულების შესახებ, ასევე უარი ეთქვას შპს „მაგთიკომს“, შპს „მაქსტელთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”მაგთიკომის”, შპს „მაქსტელისა“ და შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ გაგზავნა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაქსტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები