წვდომის მენიუ

სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” გაფრთხილებისა და მისი კუთვნილი №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 366 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა, ქ.რუსთავში მაუწყებლობის განხორციელებისას სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიასთან“ არსებული ხელშეშლების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

-         ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

-         ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

-         მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავი;

-         მოქმედების ვადა 17.04.2013 წ.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, 2009 წლის 18 მაისს  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ ქ.რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შემოწმების მიზნით და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №11, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ქ.რუსთავში მაუწყებლობას ახორციელებს მე-8 სატელევიზიო არხზე (191.250 მჰც-გამოსახულება; 197.750 მჰც -ბგერა), ნაცვლად ლიცენზიით განსაზღვრული პირველი სატელევიზიო არხისა, რაც ამავე დეპარტამენტის აზრით წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

ვინაიდან, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, სახეზეა არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, არამედ სს ”ქვემო ქართლის ტელეკომპანიის” მიერ №B36 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევა, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 25 მაისს, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ იმავე დღეს. სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2009 წლის 29 მაისის სხომაზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტმა აღინიშნა, რომ  პირველი მეტრული არხის სამაუწყებლო მიზნებისათვის გამოყენების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საკითხის განხილვა კომისიამ გადადო დამატებითი შესწავლის მიზნით 2009 წლის 31 ივლისისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 31 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტიდან და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებებიდან ირკვევა, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ დარღვეულ იქნა კომპანიის კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიის სალიცენზიო პირობები, კერძოდ მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია მაუწყებლობას ნაცვლად ლიცენზიით გათვალისწუნებული პირველი სატელევიზიო არხისა,  ახორციელებდა მე-8 სატელევიზიო არხზე. აღნიშნული კი წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ სანქცირების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის მიმართ, სანქციის სახით  გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის 2009 წლის 29 ივლისის (№10/387-09) მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ დეპარტამენტმა შეისწავლა 1 მეტრული არხის სამაუწყებლო მიზნებისათვის გამოყენების საკითხი და გამოარკვია, რომ ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით რადიოსიხშირულ დაგეგმარების I ზონაში მდებარე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, უნდა განხორციელდეს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ასეთი მაუწყებლობისას 1-დან მე-5 სატელევიზიო არხების შესაბამისი სიხშირული ზოლები არ გამოიყენება. ამიტომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მე-6 სატელეიზიო არხამდე სიხშირეების ტელემაუწყებლობისათვის გამოყენება. დეპარტამენტის აზრით, სასურველია სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ პირველი მეტრული არხის ნაცვლად შევთავაზოთ დეციმეტრული დიაპაზონის სატელევიზიო არხი. ასეთი ცვლილების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის მიერ მოხდა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მაუწყებლობის მდგრადი მიღების დონის ვიზუალური გამოსახვა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, როგორც არსებული მე-8 მეტრული არხისთვის, ასევე თავისუფალი სიხშირული რესურსიდან დაგეგმილი 55-ე სატელევიზიო დეციმეტრული არხისთვის. იმისათვის, რომ აღნიშნული არხებით მიღებული სატელევიზიო სიგნალების დონეებით დაფარული ტოპოლოგია შეესაბამებოდეს ერთმანეთს, საჭირო გახდა 55-ე არხის გადამცემის 500 ვატამდე გაზრდა, წრიული დიაგრამის ანტენის გამოყენებით გაძლიერების კოეფიციენტით არაუმეტეს 6 დბ-მდე.

შესაბამისად, დეპარტამენტის აზრით მიზანშეწონილია სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ პირველი მეტრული არხის შეცვლა და გადამცემის 500 ვატამდე გაზრდა ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზოლის დაფარვის უზრუნველსაყოფად, გაძლიერების კოეფიციენტით 6 დბ-მდე.

კომისია აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიეცეს მაუწყებლობის შესაძლებლობა ხელშეშლების გარეშე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს მიერ შესრულდეს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება, მიზანშეწონილია განხორციელდეს სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირის შეცვლა, რისთვისაც საჭიროა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაფრთხილდეს სს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა“ და კომპანიის კერძო მაუწყებლობის NB36 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“-მ დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა და მაუწყებლობის განხორციელება ლიცენზიით გათვალისწინებულ პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავში;

3. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, კომისიის ინიციატივით;

4. ზეპირი მოსმენის სხდომა ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე გაიმართოს 2009 წლის 31 აგვისტოს, 16:00   სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

7. გადაწყვეტილება, გარდა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. ამავე გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის სს  „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარ                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 . ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                 . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                 . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები