სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 ივლისის №287/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 198XXX - 199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 4000.00 (ოთხი ათასი) ლარით, აუქციონის ბიჯი - 200.00 (ორასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 27 ივლისი 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2009 წლის 7 აგვისტოს 13:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
1.შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ – 21.07.2009 N11/07-09;
2.შპს „რკინიგზის ტელეკომი“ – 24.07.2009 N11/08-09;
3. სს“ გაერთიანებული ტელეკომი“ – 27.07.2009 N11/09-09;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2009 წლის 7 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი. ”
ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოდგენილი აქვს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, რომელიც ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების საფუძველზე ფლობს 399,000.00 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციის საერთო რაოდენობა შეადგენს - 800,000 (რვაასი ათასი) სააბონენტო ნომერს. შესაბამისად, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეს შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 50.13 პროცენტის მფლობელი.
კომისიამ იმსჯელა რა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” აუქციონზე დაშვებადობის საკითხთან მიმართებაში, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო ამოწურვადი რესურსის ოპტიმალურად განაწილების და ლიცენზიის რეალურ საბაზრო ფასად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დისკრეციული უფლებამოსილება, როდესაც კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” დაშვებულ უნდა იქნას აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად.
სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო N1, შესაბამისად, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელს წილად ხვდა №2.
აუქციონის მსვლელობისას სს ”გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლიმა 59-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას”-ს და შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლებმა. შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს დამატებული 242 (ორას ორმოცდაორი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”რკინიგზის ტელეკომის” წარმომადგენელმა დაამატა 8 ბიჯი (250 ბიჯი), შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” წარმომადგენელმა 251-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 250 (ორას ორმოცდაათი) ბიჯი, სულ 54,000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი დააფიქსირა შპს “რკინიგზის ტელეკომის” წარმომადგენელმა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რკინიგზის ტელეკომი” სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 198XXX - 199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 54,000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი .
2. უზრუნველყოს შპს ”რკინიგზის ტელეკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 16,200.00 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 15,800.00 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის გადახდა 2009 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (37,800.00 - ოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილეებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
