შპს „ჯეონეთისა“ და შპს „ოკრიბა ტვ +“-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო შპს „ჯეონეთის“ და შპს „ოკრიბა ტვ+“-ს სანქცირების საკითხი 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათისთვის.
კერძოდ, შპს „ჯეონეთმა“ სადაო გახადა დავალიანების თანხა 44.51 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ოკრიბა ტვ+“-ს განცხადებით, კომპანიამ რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის ანგარიშზე გადმორიცხა 2009 წლის 22 ივლისს და შესაბამისად, მის მიმართ კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება პატიების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 7 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეონეთის“ წარმომადგენელი.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ჯეონეთის“ ბუღალტერთან ტელეფონის მეშვეობით მოხდა შედარება რეგულირების საფასურის დარიცხვებისა და ჩარიცხვების შესახებ და შედარების შედეგად დადასტურდა, რომ შპს „ჯეონეთს“ 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, კომისიის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება 44.51 ლარის ოდენობით, რომელიც კომპანიის მიერ ჩარიცხულ იქნა კომისიის ანგარიშზე 2009 წლის 31 ივლისს.
შპს „ოკრიბა ტვ+“-მა წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საგადასახადო დავალება N110782) რომლითაც დასტურდება, რომ თანხა 450.00 ლარი კომისიის ანგარიშზე გადმორიცხულ იქნა 2009 წლის 24 ივლისს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეთისა“ და შპს „ოკრიბა ტვ+“-ს მიერ ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეონეთისა“ და შპს „ოკრიბა ტვ+“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჯეონეთის“ და შპს „ოკრიბა ტვ+“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეონეთისა“ და შპს „ოკრიბა ტვ+“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
