წვდომის მენიუ

შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 383 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კამარამ“ (20.07.2009 №7/263-09) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 006 (ნული-ნული-ექვსი) ქვეყნის მასშტაბით გამოყოფასთან დაკავშირებით.

შპს ”კამარას”  წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია ახორციელებს საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურებას, კერძოდ: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება და ა.შ. ამდენად, ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსის მინიჭება ქვეყნის მასშტაბით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 7 აგვისტოს. საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს ”კამარას” ეცნობა წერილობით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად,

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”კამარას“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით, მიენიჭოს შპს ”კამარას”, საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა, ვინაიდან, „შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სა და შპს ”კამარა” - ს განცხადებების განხილვის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 17 ივლისის N339/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ.თბილისში, ნუმერაციის რესურსი - 006 (ნული-ნული-ექვსი) მინიჭებული აქვს შპს „ჯი.ემ.ჯგუფი +“-ს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიენიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის 7 აგვისტომდე, საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა;

2. შპს ”კამარა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”კამარას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კამარას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კამარასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                              ი.ჩიქოვანი

                        კომისიის წევრები                                         ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი                                                                                                                                                                                                                       ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები