შპს ”010” - სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”010”-მა (31.07.09 N6/1889-09) ნუმერაციის რესურსის 0-0-1-0 (ნული-ნული-ერთი-ნული) მინიჭების მოთხოვნით.
როგორც შპს ”010”-ს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ავტო-ტრანსპორტის გადაზიდვას და მომხმარებლისთვის საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”010”-ის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”010”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-1-0 (ნული-ნული-ერთი-ნული).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”010”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-1-0 (ნული-ნული-ერთი-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 14 აგვისტოდან 2010 წლის 14 აგვისტომდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”010” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”010”-ის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”010”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”010”-სათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
წევრები: ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
