წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომი”-სთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ

ნომერი: 395 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N364/18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და შპს „მაგთიკომის“ მიერ  „00“ გამოყენებით საკუთარი აბონენტებისთვის საერთაშორისო მომსახურების მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.08.2009 N10/417-09), სადაც აღნიშნულია, რომ „ნუმერაციის რესურსი 00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არის დაშლილი და რიგ კომპანიებს მინიჭებული აქვთ შიდატექნოლოგიური დანიშნულებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებით აღჭურვილ კომპანიებს, შეუძლიათ თავიანთი სამნიშნა რესურსი დააგრძელონ და მაშინ ეს რესურსი შპს „მაგთიკომის“ მიერ საერთაშორისო დაშვების კოდად 00-ის გამოყენებისას დაემთხვევა რიმელიმე ქვეყნის აბონენტის ნომერს.“

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2009 წლის 7 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რეკომენდაციების შესაბამისად, „00“ ქვეყნების მიერ გახსნილი უნდა იქნას საერთაშორისო სატელეფონო ზარების განსახორციელებლად. „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყანას, მისი რეკომენდაციები გათვალისწინებულ უნდა იქნას ნუმერაციის სისტემის დადგენისას და ის გარემოება, რომ ჯერ დადგენილი არ არის ნუმერაციის სისტემა, არ ნიშნავს იმას, რომ რეკომენდაციებში გათალისწინებული მოთხოვნები უგულვებელყოფილი უნდა იქნას საქართველოს მიერ. გარდა ამისა ნუმერაციის ახალი სისტემის პროექტი ითვალისწინებს „00“-ს გამოყენებას საერთაშორისო კავშირებისთვის. შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ „00“-ს გამოყენება საერთაშორისო კავშირებისთვის არ მოითხოვს ნუმერაციის არსებული სისტემის ცვლილებას და შესაძლებელია, რომ ერთდროულად საქმიანობდნენ როგორც საერთაშორისო კოდის მფლობელი ოპერატორები, ასევე კომპანიები, რომებიც სარგებლობენ „00“-თ დაწყებული სამნიშნა ან ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით და ამავე დროს, საერთაშორისო გასასვლელი საშუალება „00“. ამას ადასტურებს არსებული პრაქტიკა, კერძოდ შპს „მაგთიკომის“ ქსელში გააქტიურებულია „00“ზე დაწყებული ნუმერაციის რესურსები, თუ „00“-ზე დაწყებული ნუმერაციის სიგრძე არ გადააჭარბებს 4 ციფრს, მისი იდენტიფიცირება ხდება ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

შპს „მაგთიკომი“, განცხადებაში, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აკრძალვას იმის შესახებ, რომ ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე არ შეიძლება „00“-ს გამოყენება საერთაშორისო კავშირების უზრუნველსაყოფად, განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რომელიმე პირის საჩივარი, რომ მისი რსურსი არ იქნა გააქტიურებული შპს „მაგთიკომის“ ქსელში. ამავე დროს, კომპანიას მიაჩნია, რომ ის პირები, რომლებსაც კომისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული აქვთ ნუმერაცია, არ არიან უფლებამოსილნი დააგრძელონ მინიჭებული ნუმერაცია და ოპერატორებისგან მოითხოვონ მათთვის დროებით მონიჭებული ნუმერაციის შპს „მაგთიკომის“ სისტემაში ისეთივე წესით გააქტიურება, როგორც ქსელის მფლობელმა ოპერატორებმა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წერილი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 7 აგვისტოს, საკითხის განხილვის დღეს. შესაბამისად, აღნიშნული წერილობითი არგუმენტაციის განხილვის მიზნით, კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდებოდა კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე. შესაბამისად, საკითხის განხილვა გაგრძელდა 2009 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაცემულია 00-თ დაწყებული ნომრები  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით. კერძოდ, 0011 - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი” (კომისიის 2009 წლის 17 ივლისის N338/7 ფადაწყვეტილება), 003- შპს „სერვისი“ (კომისიის 2009 წლის 7 ივლისის N318/7 გადაწყვეტილება), 005 - შპს „საინფორმაციო ბანკი 005“ (კომისიის 2009 წლის 13 მარტის 133/7 გადაწყვეტილება), 009 - შპს „ინფო-სერვისი 009“ (კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის N624/1 გადაწყვეტილება) და ა.შ. აღნიშნულ არაავტორიზებად პირებს, შპს „მაგთიკომი“ არ უქმნის პრობლემებს, მათთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გააქტიურებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, შპს „ქოლ ცენტრი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N149 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - 007 (ნული-ნული-შვიდი) სარგებლობის უფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქოლ ცენტრი“ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს შპს „ქოლ ცენტრის“ მიერ ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა და შპს „ქოლ ცენტრი“, როგორც დაინტერესებული მხარე მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს სხდომას დაესწრო შპს „ქოლ ცენტრი“-ს წარმომადგენელი ქალბატონი - ი.ტაბატაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ქოლ ცენტრი“ არ არის წინააღმდეგი, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ „00“ გამოყენებულ იქნას საერთაშორისო კავშირებისთვის, ოღონდ აღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება შპს „ქოლ ცენტრს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N149 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებით სარგებლობაში.

კომისია ასევე ამახვილებს ყურადღებას, რომ კომისიამ უკვე იმსჯელა „00“-ს როგორც ნუმერაციის რესურსის თაობაზე და  2009 წლის 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება N364/18, რომლის შესაბამისადაც, კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის არგუმენტაცია „00“-ს როგორც ნუმერაციის რესურის თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზია წამოადგენს სპეციალურ ნებართვას, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას. აღნიშნულის შესაბამისად, კომისიის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, ისევე როგორც არაავტორიზებადი საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს ლიცენზიით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის, ან/და არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას. კომისია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, იღებს ვალდებულებას, რომ ლიცენზიის მფლობელ ან/და არაავტორიზებადი საქმიანობისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსის მფლობელ პირებს არ შეექმნებათ დაბრკოლებები მათ სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის გამოყენების დროს.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლი ლ) პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, „00“-თ დაწყებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული, „00“-თ დაწყებული ნუმერაციის რესურსის მფლობელი პირების კერძო ინტერესების გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“ ”00”-ს გამოყენება საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად განახორციელოს ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლამდე, იმ პირობით, რომ შპს ”მაგთიკომი” დაუბრკოლებლივ  უზრუნველყოფს კომისიის მიერ გაცემული, ნულით დაწყებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რესურსის საკუთარ ქსელში გააქტიურებას, მათი მოთხოვნის შემთხვევაში და არ დაუშვებს კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დაბრკოლებებს, კერძოდ უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელ წვდომას ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ გაცემულ  ნუმერაციის რესურსთან. ამავე დროს, შპს ”მაგთიკომი” მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელ წვდომას  არაავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ მინიჭებულ  ნუმერაციასთან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.მიეთითოს შპს ”მაგთიკომს”, რომ ”00”-ს გამოყენება საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად განახორციელოს ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლამდე, შემდეგი პირობებით:

ა) შპს ”მაგთიკომმა” დაუბრკოლებლივ უზრუნველყოს კომისიის მიერ გაცემული ნულით დაწყებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რესურსის საკუთარ ქსელში გააქტიურება, მათი მოთხოვნის შემთხვევაში და არ დაუშვას კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დაბრკოლებები, კერძოდ,  უზრუნველყოს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ გაცემულ  ნუმერაციის რესურსთან;

ბ) შპს ”მაგთიკომმა”, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა, არაავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ მინიჭებულ  ნუმერაციასთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”მაგთიკომისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                  ი. მოსეშვილი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები