წვდომის მენიუ

შპს ”უნიდენტი”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 397 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 10 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000076, შედგენილი 2009 წლის 10 აგვისტოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 10 აგვისტოს შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ”უნიდენტს”, კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №215/7 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2009 წლის 1 აპრილამდე. შპს ”უნიდენტი” კი, ახალი ვადით მინიჭების გარეშე, კვლავ აგრძელებს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებას.

აღნიშნულის თაობაზე, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№000076, 10.08.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ გოთოშია და შპს ”უნიდენტის”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი შალვა შავდია.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”უნიდენტის’’ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 10 აგვისტოს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009  წლის 10 აგვისტოსვე. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 18 აგვისტოს 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2009 წლის 10 აგვისტოს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს ”უნიდენტს”. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 18 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდა შპს ”უნიდენტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000076 ოქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”უნიდენტი” 2009 წლის 21 აპრილიდან ახალი ვადით მინიჭების გარეშე სარგებლობდა ნუმერაციის რესურსით 0-0-0-1 ქ. თბილისში, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”უნიდენტი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს ”უნიდენტს” დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსით კომისიის მიერ  ახალი ვადით მინიჭების გარეშე სარგებლობა.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”უნიდენტს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და აეკრძალოს 0001 ნუმერაციის რესურსით არამართლზომიერი სარგებლობა;

2. უზრუნველყოს შპს ” უნიდენტმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ” უნიდენტმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ” უნიდენტს” მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”უნიდენტი”-სათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                         ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები