წვდომის მენიუ

ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის” სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 400 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  მიერ, ს.კ.№211324146) კომისიას მიმართა განცხადებით  (№ 7/274-09; 22.07.09) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი” აწარმოებს ტაქსებით მომსახურების საქმიანობას და მძღოლებთან კავშირის დასამყარებლად ესაჭიროება რადიოკავშირით უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე, დამატებითი შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე 16:00 საათისთვის. კომისიის სხდომაზე მოწვეულ იქნა ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის” წარმომადგენელი ბატონი ზაზა ფანცულაია.

2009 წლის 21 აგვისტოს, საკითხის განხილვისას, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის” წარმომადგენელი ზ. ფანცულაია, რომელმაც განაცხადა, რომ მოთხოვნილი სიხშირეები, მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ გამოყენებული იქნებოდა არა უშუალოდ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების საწესდებო ფუნქციების განსახორციელებლად, არამედ გადაცემა მოხდებოდა იმ ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც გაწევრიანდებოდნენ ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირში”, ანუ სიხშირეთა მიღება მათ ესაჭიროებათ არა უშუალოდ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მათი საქმიანობისათვის, არამედ, ტაქსის მძღოლების ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის” პროფკავშირებში გაწევრიანების მიზნით.

 ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის” წარმომადგენლის განმარტების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 ა) “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის”;

 ბ) ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის” წარმომადგენლის განმარტებით, მათი ორგანიზაცია არ ახორციელებს უშუალოდ ისეთ საქმიანობას, რომელსაც  სჭირდება სიხშირეების გამოყენება და ორგანიზაციას სიხშირეები სჭირდება მის წევრ ფიზიკურ პირებზე გასაცემად, რომლებიც ახორციელებენ ტაქსებით მომსახურებას;

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, ამ შემთხვევაში სახეზე არ არის “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტით და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი” უშუალოდ არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რისთვისაც მას სიხშირეები სჭირდება;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, მე-100, 101-ე მუხლების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირს” სიხშირეების მინიჭებაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) გადაწყვეტილების გაგზავნა ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის”;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავჯდომარე:                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                    ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                    ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები