წვდომის მენიუ

შპს „ნორმა პლუსის“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 402 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებითი შესწავლის მიზნით, გადაიდო შპს „ნორმა პლუსის“ სანქცირების საკითხი 2009 წლის 22 აგვისტოს 16:00 საათისთვის.

კერძოდ, შპს „ნორმა პლუსის“ განცხადებით, კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიის ანგარიშები დაყადაღებული იყო სასამართლოს მიერ და კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა კომისიაში წარმოედგინა სასამართლოს განჩინება, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 22 აგვისტოს  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ნორმა პლუსის“ წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნორმა პლუსის“ მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება, სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 20.05.2009 წლის N13/6755 ბრძნებით, გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, დადგენილ იქნა საინკასო დავალება 3045.00 ლარზე, შპს „ნორმა პლუსის“ ანგარიშზე, საქართველოს ბანკში.

კომისია აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ნორმა პლუსის“ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციას, იმ მიზეზით, რომ:

1. შპს „ნორმა პლუსის“ ანგარიში არ ყოფილა დაყადაღებული სასამართლოს მიერ.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შპს „ნორმა პლუსის“ დავალიანება და აღნიშნულის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის ანგარიშზე გაცემული საინკასო დავალება, არ ათავისუფლებს შპს „ნორმა პლუსს“, კომისიის წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისგან.

შესაბამისად, შპს „ნორმა პლუსის“ მიერ ადგილი აქვს  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას   მიაჩნია, რომ შპს „ნორმა პლუსის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ნორმა პლუსს“ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნორმა პლუსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).                 

კომისიის თავმჯდომარე                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                         ა.სიხარულიძე

                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები