წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომისა” და შპს ”საქართველოს ტელეკომის” მიერწარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 405 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1895-04) კომისიას №01-42 განცხადებით მიმართა შპს ”საქართველოს ტელეკომმა”, რომელმაც მოითხოვა შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების ხელშეკრულების პირობების, ასევე შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების, კომერციულ საიდუმლოდ ცნობა.

            კომისიაში ასევე შემოსულია შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 31 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1896-04) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია შპს შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების კომერციულ საიდუმლოდ ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე. შპს ”მაგთიკომი”თავის წერილში აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გამჟღავნებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას შპს ”მაგთიკომს” კონკურენციის კუთხით და ზიანი მიაყენოს აღნიშნული კომპანიის ინტერესებს.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში ასევე შემოსულია შპს ”ქოლ ცენტრის” 2009 წლის 24 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1834-04) წერილი, ნუმერაციის რესურსის 0-0-7-ს გადაპირების შესახებ ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების თაობაზე, მოთხოვნის გარეშე.

    კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებათა საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების ხელშეკრულება, ისევე როგორც  შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ დადებული ხელშეკრულება, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიების მიერ გადასახდელი თანხების, ასევე მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ დადებული ხელშეკრულების მეორე და მესამე პუნქტები, ასევე შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების ხელშეკრულების მეორე და მესამე პუნქტები, კომისიის აზრით, ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეების კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება იქნას ცნობილი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის 2009 წლის 26 მარტის ხელშეკრულება, ისევე როგორც შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, სხვა ნაწილში არ შეიძლება ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან (გარდა მეორე და მესამე პუნქტებისა) ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილები  არ შეიცავს კომერციული ხასიათის შინაარსს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებელთა კონკურენტულობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიათა გადაპირება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება, რის შემდეგაც შესაბამისი ცვლილებები შედის კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. თავის მხრივ, კომისიის მიერ წარმოებულ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა, თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 32-ე მუხლისა.

             ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 51-ე მუხლის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ,კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს ”საქართველოს ტელეკომის” 2009 წლის 31 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1895-04)  №01-42  და შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 31 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1896-04)  №09/140-4 განცხადებები ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 და მე-3 პუნქტები შპს ”საქართველოს ტელეკომისა” და შპს ”ქოლ ცენტრის” კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) ცნობილ იქნას შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 და მე-3 პუნქტები შპს ”საქართველოს ტელეკომის”, ასევე შპს ”მაგთიკომის” კომერციულ საიდუმლოებად;

3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს ”მაგთიკომის” და შპს ”საქართველოს ტელეკომის” მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

 კომისიის თავმჯდომარე                                              ი.ჩიქოვანი    

კომისიის წევრი                                                              ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                               ი. მოსაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები