რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები №000022 და №000025, შედგენილი ქ.გორსა და მის შემოგარენში, 2009 წლის 13 აგვისტოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 13 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გეგმიური რადიომონიტორინგი TV და FM სიხშირულ დიაპაზონებში. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ვრცელდება რუსული ტელემაუწყებლობის სიგნალი, 31-ე სატელევიზიო არხზე და რადიო მაუწყებლობის სიგნალი FM 104.5 მჰც-ზე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს მაუწყებლობით. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, GSM სიხშირული “PCTEL – SEEGULL EX”-ის მოდელის სკანერის მიერ განხორციელებული ტესტირების მონაცემები, ასევე, ოქმზე ხელმომწერ მოწმეთა ჩვენებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 13 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა - 2009 წლის 17 აგვისტოს. კომისიის სხდომა აღნიშნული საკითხის განსახილველად დაინიშნა 2009 წლის 21 აგვისტოსათვის, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი და კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მხარისათვის საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენის საშუალების მისაცემად, საკითხის განხილვა გაგრძელებულიყო 2009 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, რისთვისაც გამოცხადდა შესვენება. კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2009 წლის 21 აგვისტოს გააგზავნა განმეორებითი შეტყობინება, რომლითაც მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, მხარეს ასევე ეცნობა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაგრძელდა 2008 წლის 27 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რომელზეც კვლავ არ გამოცხადებულან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს წარმომადგენლები. კომისიაში, კომპანიის მხრიდან ასევე არ იქნა შემოტანილი რაიმე სახის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000022 და №000025 ოქმებისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия” საქართველოში, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ახორციელებს ტელე და რადიო მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
2. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) ღია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-ს მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ”Россия”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
