წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანია ”Культура”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 411 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000020, შედგენილი ქ.გორსა და მის შემოგარენში, 2009 წლის 13 აგვისტოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 13 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გეგმიური რადიომონიტორინგი TV და FM სიხშირულ დიაპაზონებში. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ვრცელდება რუსული ტელემაუწყებლობის სიგნალი კერძოდ, 38-ე სატელევიზიო არხზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს სიგნალი. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, GSM სიხშირული “PCTEL – SEEGULL EX”-ის მოდელის სკანერის მიერ განხორციელებული ტესტირების მონაცემები, ასევე, ოქმზე ხელმომწერ მოწმეთა ჩვენებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-სათვის  ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 13 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა - 2009 წლის 17 აგვისტოს. კომისიის სხდომა აღნიშნული საკითხის განსახილველად დაინიშნა 2009 წლის 21 აგვისტოსათვის, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი და კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მხარისათვის საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენის საშუალების მისაცემად, საკითხის განხილვა გაგრძელებულიყო 2009 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, რისთვისაც გამოცხადდა შესვენება. კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2009 წლის 21 აგვისტოს გააგზავნა განმეორებითი შეტყობინება, რომლითაც მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, მხარეს ასევე ეცნობა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაგრძელდა  2008 წლის 27 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რომელზეც კვლავ არ გამოცხადებულან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს წარმომადგენლები. კომისიაში, კომპანიის მხრიდან ასევე არ იქნა შემოტანილი რაიმე სახის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000020 ოქმისა და  თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура” საქართველოში, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი)  ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს  დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.

2. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) ღია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-სათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                     კ.კვიტაიშვილი                                                                                                                                      

                                                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები