სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავი;
მოქმედების ვადა: 17.04.2013 წ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 18 მაისს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ ქ.რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შემოწმების მიზნით და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №11, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ქ.რუსთავში მაუწყებლობას ახორციელებს მე-8 სატელევიზიო არხზე (191.250 მჰც-გამოსახულება; 197.750 მჰც -ბგერა), ნაცვლად ლიცენზიით განსაზღვრული პირველი სატელევიზიო არხისა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტიდან და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებებიდან გამოირკვა, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ დარღვეულ იქნა კომპანიის კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიის სალიცენზიო პირობები, კერძოდ მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია მაუწყებლობას ნაცვლად ლიცენზიით გათვალისწინებული პირველი სატელევიზიო არხისა, ახორციელებდა მე-8 სატელევიზიო არხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №366/23 გადაწყვეტილებით, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ გაფრთხილდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის და კომპანიის კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, დაევალა დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრის უზრუნველყოფა და მაუწყებლობის განხორციელება ლიცენზიით გათვალისწინებულ პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავში;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 29 მაისის სხომაზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ პირველი მეტრული არხის სამაუწყებლო მიზნებისათვის გამოყენების საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას, ვინაიდან ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით რადიოსიხშირულ დაგეგმარების I ზონაში მდებარე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, უნდა განხორციელდეს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ასეთი მაუწყებლობისას 1-დან მე-5 სატელევიზიო არხების შესაბამისი სიხშირული ზოლები არ გამოიყენება. ამიტომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მე-6 სატელეიზიო არხამდე სიხშირეების ტელემაუწყებლობისათვის გამოყენება. დეპარტამენტის აზრით, სასურველია სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ პირველი მეტრული არხის ნაცვლად შევთავაზოთ დეციმეტრული დიაპაზონის სატელევიზიო არხი. ასეთი ცვლილების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის მიერ მოხდა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მაუწყებლობის მდგრადი მიღების დონის ვიზუალური გამოსახვა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, როგორც არსებული მე-8 მეტრული არხისთვის, ასევე თავისუფალი სიხშირული რესურსიდან დაგეგმილი 55-ე სატელევიზიო დეციმეტრული არხისთვის. დეპარტამენტის აზრით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ პირველი მეტრული არხის შეცვლა და გადამცემის 500 ვატამდე გაზრდა ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზოლის დაფარვის უზრუნველსაყოფად, გაძლიერების კოეფიციენტით 6 დბ-მდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის ინიციატივით ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 31 ივლისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის (”გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი”) 26-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.
კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №366/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 31 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები როლანდ მგალობლიშვილი და მალხაზ ალბორაშვილი.
კომისიის სხდომაზე სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანია წინააღმდეგია კომისიის მიერ რადიოსიხშირის შეცვლით შესაძლო კომპენსაციის მიღებაზე და ნაცვლად კომისიის მიერ შეთავაზებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან დაგეგმილი 55-ე სატელევიზიო დეციმეტრული არხისა, დროებით მაუწყებლობის განხორციელებას გეგმავს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B36 ლიცენზიით განსაზღვრულ პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავში. სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ითვალისწინებენ რა საქართველოს სახელმწიფოს მიერ ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულების შესრულების აუცილებლობას, კომისიის მოთხოვნისთანავე მზადყოფნას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ კომისიის მუშაობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლებმა კომისიას მიმართეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი №B36 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
