”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მ/წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩანიშნული იყო მიმდინარე წლის 31 აგვისტოს 16:00 საათზე.
კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2009 წლის 21 აგვისტომდე, კომისიაში ინტერნეტის საცალო მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობის, ინტერნეტის საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების, ასევე ამ მომსახურების სახეებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი გეოგრაფიული ზონების მიხედვით.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა განახორციელა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების პირველადი ანალიზი. პირველადი კვლევისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ინტერნეტ მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლებისა და დარიცხული შემოსავლების თაობაზე მონაცემები ავტორიზებული პირებისაგან მოთხოვნილ იქნა კონსოლიდირებულად, ფიზიკური და იურიდიული პირების ერთიანი (ჯამური) მაჩვენებლების შესაბამისად. კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ერთ აბონენტზე (ბოლო მოხმარებელზე) გადაანგარიშებით, ავტორიზებული პირების მიერ მიღებული საშუალო შემოსავალის (საშუალო ეფექტური ტარიფის, დღგ-ს გარეშე) ოდენობა ქ. თბილისის მაგალითზე შეადგენს - 13 ლარიდან - 1057 ლარს თვეში, სხვადასხვა ოპერატორების მიხედვით. აღნიშნული განსხვავება, ძირითადში, განპირობებულია ავტორიზებული პირებს მიერ, ერთი მხრივ, ფიზიკური, და მეორე მხრივ, იურიდიული პირების მომსახურებისას, განსხვავებული ტარიფების დადგენით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად: ”ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვანი სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებების განსხვავება, რომელიც დგინდება ფინანსურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო, სატარიფო მახასიათებლებისა და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლების პირველადი შედარებით, არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცენტს”, ხოლო ამავე წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - ”ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, მიზანშეწონილია ბოლო მომხმარებლების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით და მოხმარების თავისებურებებით განსაზღვრული ჯგუფების გამოყოფა”.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წესების მე-17 მუხლის თანახმად, ”ბაზრის შესაბამისი სეგმენტის დადგენილი საზღვრების (როგორც მომსახურების სახეების, ასევე გეოგრაფიული საზღვრების) სისწორის შემოწმებისათვის გამოიყენება ავტორიზებული პირების სხვადასხვა ფუნქციურად ეკვივალენტური ნატურალური ან ღირებულებითი მაჩვენებლებით განსაზღვრული ფარდობითი საბაზრო წილების შედარებითი ანალიზის კრიტერიუმი, თუ წილების ამგვარ გაანგარიშებებს შორის განსხვავება აღემატება 20%-ს, მაშინ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები ან/და გეოგრაფიული საზღვრები არაკორექტულად არის განსაზღვრული (ბაზრის ერთი სეგმენტის სახით იხილება 2 და მეტი ერთგვაროვანი ბაზრის სეგმენტები) და აუცილებელია ბაზრის სეგმენტის საზღვრების დაზუსტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ინტერნეტ საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დაზუსტების მიზნით, განხორციელდეს მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) ჯგუფების გამოყოფა (საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურირება) სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების და მოხმარების თავისებურებების გათვალისწინებით და, აქედან გამომდინარე, კომისიაში წარმოსადგენი მონაცემების დაზუსტება.
შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემების სრულად შეჯერების მიზნით, კომპანიებისაგან გამოთხოვილ იქნას დაზუსტებული მონაცემები, კერძოდ მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) ჯგუფებად გამოყოფილი მონაცემები.
კომისია, მიუთითებს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის, კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა, ასევე მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარება, დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაევალოთ ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს, კომისიაში ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის მონაცემების თაობაზე განცალკევებულად ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე განცალკევებულად სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების ზონებში - სასადგურო ნუმერაციის მომსახურების ზონების მიხედვით, მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით განმეორებითი ზეპირი მოსმენა ჩატარდეს 2009 წლის 4 სექტემბერს 16:00 საათზე.
3. გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;
4. 2009 წლის 4 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);
6. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
