წვდომის მენიუ

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 419 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განმეორებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები №000010, შედგენილი ქ.გორსა და მის შემოგარენში, 2009 წლის 20 აგვისტოს და №000017 შედგენილი სოფ. ანაკლიაში 2009 წლის 21 აგვისტოს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 20 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და 2009 წლის 21 აგვისტოს სოფ. ანაკლიაში და მის შემოგარენში ჩატარდა გეგმიური რადიომონიტორინგი TV და FM სიხშირულ დიაპაზონებში. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 44-ე სატელევიზიო არხზე, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის ტერიტორიიდან სოფ. ანაკლიაში მე-12 სატელევიზიო არხზე,  ულიცენზიოდ ვრცელდება რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალი. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, GSM სიხშირული “PCTEL – SEEGULL EX”-ის მოდელის სკანერის მიერ განხორციელებული ტესტირების მონაცემები, ასევე, ოქმზე ხელმომწერ მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის N 573/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის უკვე დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის ჩადენიდან არ არის გასული ერთი წელი.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 20 და 21 აგვისტოს, რომლებიც კომისიას წარედგინა - 2009 წლის 24 აგვისტოს. კომისიის სხდომა აღნიშნული საკითხის განსახილველად დაინიშნა 2009 წლის 31 აგვისტოსათვის, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება; მხარეს ასევე ეცნობა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია საქმეს განიხილავს მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე..

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000010 და №000017 ოქმების  და  თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში, კერძოდ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ასევე, ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სოფ. ანაკლიაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის ტერიტორიაზე განმეორებით, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-15, მე-16, მე-18 პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი- ჯარიმა 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე, განმეორებით;

2. უზრუნველყოს რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს რუსეთის საზოგადოებრივ  მაუწყებელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა ტელეკომპანია რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები