ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მესამედ ან/და მეტჯერ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები №000012 შედგენილი ქ.გორში 2009 წლის 25 აგვისტოს და №000011 შედგენილი სოფ. ანაკლიაში 2009 წლის 21 აგვისტოს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 21 და 25 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სოფ. ანაკლიაში, ჩატარდა რადიო მონიტორინგი GSM-900 რადიოსიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით მოსარგებლე სუბიექტების დადგენის მიზნით. გამოირკვა, რომ აღნიშნულ დიაპაზონში ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას ახორციელებს რუსული მობილური კომპანია ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”. აღნიშნული კომპანიის გადამცემები განთავსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ავტონომიურ რესბუბლიკაში და ფარავს არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, GSM სიხშირული “PCTEL – SEEGULL EX”-ის მოდელის სკანერის მიერ განხორციელებული ტესტირების მონაცემები, ასევე, ოქმზე ხელმომწერ მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება, მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება კომპანია ”მეგაფონის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №526/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” უკვე დაეკისრა ჯარიმა 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები №000012 და №000011, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 21 და 25 აგვისტოს, რომლებიც კომისიას წარედგინა - 2009 წლის 25 აგვისტოს. კომისიის სხდომა აღნიშნული საკითხის განსახილველად დაინიშნა 2009 წლის 27 აგვისტოს, თუმცა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენლის ნ. ყავალაშვილის წერილობითი შუამდგომლობით, საკითხის განხილვა გადაიდო 31 აგვისტოსათვის. სამართალდამრღვევ პირს გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება; მხარეს ასევე ეცნობა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია საქმეს განიხილავს მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს საქმის განსახილველ სხდომაზე ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელმა (ნ. ყავალაშვილი) მიმართა კომისიას შუამდგომლობით საქმის განსახილველი სხდომის კვლავ გადადების მოთხოვნით, ვინაიდან მას არ ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალები სრულყოფილად მიღებული.
კომისიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქმის განსახილველი სხდომა ჩანიშნა 2009 წლის 4 სექტემბერს 16 საათზე, რის თაობაზეც წარმომადგენელი ნ. ყავალაშვილი სხდომაზევე გაფრთხილდა, მას აგრეთვე გადაეცა მის მიერ მოთხოვნილ საქმეზე თანდართულ მტკიცებულებათა ასლები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, დამატებითი მტკიცებულების შეგროვების მიზნით, 2009 წლის 1 სექტემბერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტმა ჩაატარა განმეორებითი მონიტორინგი იმავე დასახლებულ პუნქტებში, რის თაობაზეც შედგა სამართალდარღვევათა ოქმები №000026 და №000027, ოქმებს თან ერთვის მონიტორინგის ჩატარების ვოდეო მტკიცებულებები, აგრეთვე ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” სიმ-ბარათი (ტელეფონის ნომრით 9284937157), რომლითაც ჩატარდა რადიო-მონიტორინგი. აღნიშნული მასალები სრულად გადაეგზავნა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელს ნ. ყავალაშვილს 2009 წლის 4 სექტემბერს.
საკითხის არსებითი განხილვა გაიმართა 2009 წლის 4 სექტემბრის №44 სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სამართალდამრღვევი პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნ. ყავალაშვილი (მინდობილობა №1-3345; გაცემული 2008 წლის 11 სექტემბერს სერგეი ვლადიმერის ძე სოლდატენკოვის მიერ; ნოტარიუსი ი.ა. ლევოჩკინა). კომისიის 2009 წლის 4 სექტემბრის №44 სხდომაზე ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელმა (ნ. ყავალაშვილი) განაცხადა: GSM სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე ოპერატორების დასადგენად მონიტორინგი ჩატარდა ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიაში და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორიები არ წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით და დავუშვებთ, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, აღნიშნული არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ასევე გაუგებარია, სამართალდარღვევის ოქმებში მითითებული სიხშირით, როგორ გამოვლინდა, რომ შეიძლება სარგებლობდეს კომპანია ”მეგაფონი”, ვინაიდან მას ამ ტერიტორიებზე არანაირი ტექნიკური საშუალებები სიხშირეებით სარგებლობისთვის არ გააჩნია. ნ. ყავალაშვილმა მიუთითა, რომ ციფრების კომბინაცია 202-04 და 202-67, რომელიც ფიქსირდება რადიო-მონიტორინგის მასალებში არ იდენტიფიცირდება, როგორც ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” საიდენტიფიკაციო მონაცემები, ამასთან მონიტორინგის ჯგუფს არ გააჩნია უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” ფლობს ანძებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს მობილური სატელეფონო მომსახურეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად შეუძლებელია, რომ იგი იყენებდეს სიხშირეს და საქმიანობდეს აღნიშნულ ტერიტორიებზე. ზემოაღმიშნულიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ არ არსებობს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” დაჯარიმების საფუძველი და სთხოვა კომისიას, შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაჯარიმებასთან დაკავშირებით.
ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელს სხდომაზე განემარტა, რომ კომისიისთვის ცნობილია, რომ კომპანია უკვე მეორე წელია, რაც იყენებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ შპს ”მაგთიკომისგან” მიტაცებულ საანძო მეურნეობას საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ეკონომიკური საქმიანობისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიისთვის ცნობილია ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები ამ ანძების განთავსებისა. აპარატურამ უტყუარად დაადასტურა თუ საიდან მოდიოდა რადიო სიგნალი ქ. გორის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს სწორედ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქია. ასევე, სოფ. ანაკლიაში რადიო სიგნალი დაფიქსირდა გალის რაიონიდან, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2009 წლის 1 სექტემბერს განმეორებით ჩატარებული რადიომონიტორინგისას, გამოყენებულ იქნა სწორედ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” სიმ-ბარათი (ტელეფონის ნომრით 9284937157) რა დროსაც გააქტიურებულმა სატელეფონო აპარატმა დააფიქსირა სწორედ ”მეგაფონი”. კომისიაში დაცული მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ზუგდიდის რაიონის მხრიდან, ქართული მობილური ოპერატორების აბონენტებს ერთვებათ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” მიერ უზრუნველყოფილი როუმინგული მომსახურება. ქართულ მობილურ კომპანიებს და ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები როუმინგული მომსახურეობის შესახებ, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულებებით ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა”ქართული მობილური ოპერატორების აბონენტებისთვის უნდა უზრუნველყოს როუმინგული მომსახურეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არა ზუგდიდის რაიონში, რაც ასევე დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” ქართულ ტერიტორიებს აღიქვამს როგორც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიას.
კომისიამ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, დადასტურებულად მიიჩნია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის” 228-ე მუხლის, 1441-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” ერთი მილიონი ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ: ავტორიზაციის გარეშე სატელეკომუნიკაციო მომსახურების განხორციელებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, აგრეთვე ამ საქმიანობისთვის ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების გამო;
2. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
5. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა კომპანია ,,მეგაფონი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონისთვის” ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
ა.სიხარულიძე
