შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (”საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში”) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2009 წლის 26-27 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტსა და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (მ. გოთოშია, ი. მახარაძე) განხორციელდა ავტორიზებული პირის შპს “აიეტის” (ავტორიზაციის № 67/1, მაუწყებლობის ტრანზიტი) საქმიანობის მონიტორინგი და შედგა შემოწმების აქტი №32.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა კომისიაში და არა შესამოწმებელი ობიექტის განთავსების ადგილას.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ: ა) შპს ”აიეტი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის №67/1, მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია უცვლელი სახით გადასცეს სამაუწყებლო არხები; ბ) შპს ”აიეტს” ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) შპს ”აიეტი” საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემს НТВ+ футбол-ს; დ) შპს ”აიეტს” კომისიაში წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხის НТВ+ футбол-ის უცველელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) გაფორმებული მედია უფლებების კონტრაქტის საფუძველზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მინიჭებული აქვთ 2009-2010 წლის ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებამოსილება. ამასთანავე, კომისიაში შემოსულია საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის განცხადება, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის თაობაზე (წერილები №6/2284-09 27.08.09 და №6/2281-09 27.08.2009); განცხადებებში აღნიშნულია, რომ შპს ”აიეტის” საკაბელო ქსელით, 26 აგვისტოს მიმდინარეობდა НТВ+-ის სპორტული არხის (НТВ+ футбол) მიერ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩვენება, რითაც ირღვეოდა მათ მიერ “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ НТВ-ს კუთვნილი ტელეარხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების სამართლებრივი საფუძვლების მოსაძიებლად კომისიას მიმართული აქვს НТВ-სთვის (წერილი №03/1319-09 20.07.09), რაზეც პასუხი არ მიუღია.
კომისია აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) კომისიის სრულ დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;
გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;
დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;
ვ) მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2009 წლის 4 სექტემბერს, 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, რაზეც შპს ”აიეტს” 2009 წლის 1 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილება ავტორიზებული პირის (ავტორიზაციის №67/1, მაუწყებლობის ტრანზიტი) შპს ”აიეტის” სანქცირების საკითხი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი - 01.09.09, შემოწმების აქტის შედგენის თარიღი - 27.08.09), მის მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. მხარეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, შპს ”აიეტს” უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 4 სექტემბერს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”აიეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შპს ,,აიეტი” ახორციელებდა არხების სრული მოცულობით ტრანსლირებას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მათ აქვთ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება, სადაც საავტორო უფლების მფლობელია “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA).
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”აიეტის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე НТВ+-ის სპორტული არხის, НТВ+ футбол-ის რეტრანსლირების შესახებ.
ამდენად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”აიეტის” მიერ НТВ+-ის სპორტული არხის, НТВ+ футбол-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება კანონდარღვევით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი არც НТВ+-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა НТВ+ футбол-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება, მათ შორის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება (ლიცენზიებით გასუფთავებული კონტენტით) და არც “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან НТВ+-ის ან შპს ”აიეტის” მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირების შესახებ.
შპს ”აიეტის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება სამართლებრივი დეპარტამენტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს ”აიეტი” უკანონოდ ახდენს НТВ+ футбол-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლაციას, ვინაიდან მისი განცხადებით შპს ”აიეტს” გააჩნია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება НТВ+-ის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ტერიტორიაზე НТВ+ футбол-ის ჩვენების უფლების თაობაზე, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ შპს ”აიეტი” ვერ წარმოადგენდა რაიმე მტკიცებულებას НТВ+ футбол-ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლების მინიჭების თაობაზე, გარდა ზეპირი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებებისა.
კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამართლებრივი დასაბუთება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,აიეტი”-ს მიერ ადგილი აქვს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”აიეტს” ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “აიეტმა” სატელევიზიო არხის НТВ+ футбол-ის არამართლზომიერი ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „აიეტი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
