შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა” სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის განხილვის მოთხოვნით 2009 წლის 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია”).
მოთხოვნები:
1. მიეთითოს სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” 2009 წლის ივნისიდან არ მოახდინოს ჩარჩოების ქირის დარიცხვა.
2. 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით ჩარჩოების ქირისთვის დარიცხული თანხა (8400 ლარი) მიჩნეულ იქნას უსაფუძვლოდ და გაექვითოს შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” მიმდინარე გადასახადში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი” 2007 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების თანახმად სარგებლობდა, ხოლო 2009 წლის 1 მაისის №09-05-08 ხელშეკრულების შესაბამისად, სარგებლობს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებით. 2008 წლის 1 მაისიდან, სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” ჩარჩოების სარგებლობისათვის ყოველთვიურად დაარიცხა ქირა 600 ლარის ოდენობით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ჩარჩოების სარგებლობისათვის ქირის დარიცხვა უსაფუძვლოა, ვინაიდან 2007 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული ასეთი რამ, ხოლო 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულება მართალია ითვალისწინებს აღნიშნულს, მაგრამ, არასწორია, ვინაიდან ჩარჩოები, რომლებიც განთავსებულია თანალოკაციის ფართის გარეთ, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” პასუხისმგებლობის ზონაში, წარმოადგენენ ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფ ტექნიკურ საშუალებებს. აქედან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” ვალდებულია, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოს მის ფართოზოლოვან რესურსთან შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” დაშვება თანალოკაციის ფართზე განლაგებულ მის სააპარატო დგარის საზღვარზე, სადაც მთავრდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” და იწყება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” დაშვებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი” ითხოვს მიეთითოს სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” 2009 წლის ივნისიდან არ მოახდინოს ჩარჩოების ქირის დარიცხვა, ხოლო 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით ჩარჩოების ქირისთვის დარიცხული თანხა (8400 ლარი) მიჩნეულ იქნას უსაფუძვლოდ და გაექვითოს სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” მიმდინარე გადასახადში.
2009 წლის 1 სექტემბერს, კომისიამ, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადება, ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენის მიზნით, დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაუგზავნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”. შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”, ასევე ეცნობათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე, რომელიც ჩაინიშნა 2009 წლის 11 სექტემბერს, 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2009 წლის 11 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლები.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა (ლ.გიორგაძე) შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ. მან განმარტა, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომსა” და შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის დადებული 2007 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებას, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების თაობაზე, მოქმედების ვადა გაუვიდა 2007 წლის 31 დეკემბერს. ვინაიდან 2009 წლის 1 მაისამდე მხარეთა შორის არ გაფორმებულა აღნიშნულ მომსახურებაზე წერილობითი ხელშეკრულება, 2007 წლის 31 დეკემბრიდან 2009 წლის 1 მაისამდე, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ამ მომსახურებაზე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად. ამასთანავე, 2008 წლის 14 აპრილს, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” წერილობით ეცნობა, რომ 2008 წლის 1 მაისიდან ერთი ჩარჩოს განთავსებისა და ქირის ტარიფი იქნებოდა 30 ლარი დღგ-ს ჩათვლით. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელები” დღემდე ეთანხმებოდა ჩარჩოების ქირის მისთვის დარიცხვას და ახორციელებდა შესაბამის გადახდებს. ამასთანავე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” მოთხოვნა, 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით ჩარჩოების ქირისთვის დარიცხული თანხის (8400 ლარი) უსაფუძვლოდ მიჩნევისა და სს ,,გართიანებულ ტელეკომთან” მიმდინარე გადასახადში გაქვითვის თაობაზე, ქონებრივი ხასიათისაა. შესაბამისად, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა შორის წარმოშობილი ქონებრივი დავები. ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელის” მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორმა (დ.თუთბერიძე) აღნიშნა, რომ სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” 2009 წლის 1 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებას სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების თაობაზე, მოქმედების ვადა ამოეწურა 2009 წლის 1 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების მიღების მიზნით სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” უნდა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება. შესაბამისად, ის აზუსტებს თავის მოთხოვნას და ითხოვს კომისიამ იმსჯელოს თუ რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ხელშეკრულებაში ჩარჩოების ქირის თანხის გათვალისწინება და ამ თანხის მისთვის დარიცხვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიას წერილობით მიმართავდა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადების, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” შეპასუხების, თანდართული მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებულ დავაზე, რომელიც ეხება 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 მაისამდე, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობა წერილობითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო რეგულირდებოდა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ გამოქვეყნებული ოფერტით და 2009 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 აგვისტომდე, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისთვის” ჩარჩოების ქირისთვის დარიცხული თანხის უკანონოდ მიჩნევასა და მიმდინარე გადასახადში გაქვითვას, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის დავებს წყვეტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლში ამომწურავადაა განსაზღვრული კომისიის ძირითადი ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისად, კომისია, სხვა საკთხებთან ერთად, არეგულირებს ავტორიზებული პირების ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს. კერძო კომპანიებს შორის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ქონებრივი დავები არ ხვდება კომისიის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული დავის საგანი ქონებრივი ხასიათისაა, მისი განხილვა და გადაწყვეტა არ განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
2. 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 მაისამდე, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არ არსებობდა სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ხელშეკრულება, რაც დაარეგულირებდა მხარეთა უფლება-ვალდებულებებს, მათ შორის ანგარიშსწორების პირობებს. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს არ არსებული ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე;
3. შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის 2009 წლის 1 მაისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეეცდებიან ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაჭრან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების მოშლასთან, შეწყვეტასთან ან ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” შეთანხმების შესაბამისად, უფლება აქვს დარიცხული თანხის გადაანგარიშების მოთხოვნით მიმართოს კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” უფლება აქვს კომისიას განცხადებით მიმართოს სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ფარგლებში ჩარჩოებით მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის გათვალისწინების კანონიერების თაობაზე, რა შემთხვევაშიც კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” 2009 წლის 26 აგვისტოს №1610 განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
