შპს ”ჯეოსელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N7/310-09 17.08.2009) მიმართა შპს ”ჯეოსელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-2 (რვა-ექვსი-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
შპს ”ჯეოსელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2009 წლის 17 სექტემბერს. შესაბამისად, შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“ ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით.
შპს „ჯეოსელის“ ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 11 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ალექსანდრე სადაღაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში (2007 წლის 11 სექტემბრიდან - 2009 წლის 11 სექტემბრამდე) სულ გამართულია 9 აუქციონი (იხ.დანართი N1). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 385,250.00 (სამას ოთხმოცდახუთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს „ჯეოსელი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს (385,250:9=42,805.56).
კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე, შპს „ჯეოსელი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბატონმა ალექსანდრე სადაღაშვილმა დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N24 ლიცენზიისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის, კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიას 2009 წლის 17 სექტემბრიდან 10 წლით - 2019 წლის 17 სექტემბრამდე;
2. შპს ”ჯეოსელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N24 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის 2009 წლის 11 ოქტომბრამდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4. შპს ”ჯეოსელი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის 2009 წლის 11 ოქტომბრამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯეოსელი” -ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად, ამავე გადაწყვეტილების თანდართული დანართი N1;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
