წვდომის მენიუ

შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 445 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს  მუდმივად და სისტემატურად. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

  კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ივლისსა და 22 ივლისს  ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა” კომისიაში წარმოადგინა წერილები (№6/1578-09) და (№6/1822), საიდანაც გამოირკვა, რომ მის სარგებლობაში არსებული № N129 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი 2008 წლის 20 სექტემბერს მიაქირავა შპს ,,ახალ ქსელებს”, რაზედაც დადო ქირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული წერილები კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათთან  და თანდართულ მასალებთან ერთად შესწავლის მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამასახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ  2009 წლის 9 ივლისს ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა”  კომისიაში წარმოადგინა წერილი №6/1578-09, სადაც მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ნუმერაციის რესურსი მიაქირავა შპს ,,ახალ ქსელებს”. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ახალ ქსელებთან” 2008 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს ,,ახალ ქსელებს” დროებით სარგებლობაში გადაეცა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია № N129. აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა” მოიპოვა აუქციონის წესით, კომისიის მიერ გაიცა 2008 წლის 10 ოქტომბრის №588/1 გადაწყვეტილებით (ნუმერაციის რესურსი: .ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 7 XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის) . ი/მ ,,პალუშა გიორგობიანსა” და შპს ,,ახალ ქსელებს” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს ნუმერაციის რესურსის გადაპირებას, რომელიც მოხდა კომისიის თანხმობის გარეშე, რაც ლიცენზიანტის მხრიდან წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. ამავე დროს, შპს ,,ახალი ქსელების” მხრიდან ადგილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით უნებართვო სარგებლობას, რითაც ირღვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტი. ამასთანავე,  ვინაიდან ქ.ქუთაისში შპს ,,ახალი ქსელები” ფლობს ათვისებული ნუმერაციის რესურსის 44,53%, ხოლო ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანი”  13,51%,  ნუმერაციის რესურსის გადაცემით შპს ,,ახალი ქსელები” გახდა ათვისებული რესურსის 58.04%-ის ფაქტიური მფლობელი ქ.ქუთაისში, რაც წინააღმდეგებაში მოდის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული საკითხი შესწავლილიყო კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ.

  კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებისა და კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამასახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიამ  საჭიროდ მიიჩნია დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” სანქცირების მიზნით და საკითხის განხილვა დანიშნა 2009 წლის 11 სექტემბერს, 16 საათზე. აღნიშნულის შესახებ, 2003 წლის 3 სექტემბერს შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნათ შპს ,,ახალ ქსელებსა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს” და გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში. შეტყობინებით, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებების თაობაზე.

2009 წლის 9 სექტემბერს,  შპს ,,ახალმა ქსელებმა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით (№675, 09.09.09)  წარმოადგინა თავისი პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ  შპს  ,,ახალი ქსელებსა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს” შორის გაფორმდა ნუმერაციის რესურსის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი შინაარსით უფრო ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულებასთან ვიდრე ლიცენზიის პირდაპირ გადაპირებასთან,  ვინაიდან ი/მ ,,პალუშა გიორგობიანი” მის საკუთრებაში არსებული ლიცენზიით ერთი წლის ვადით მომსახურებას უწევს შპს ,,ახალ ქსელებს”, რისთვისაც ყოველთვიურად იღებს ანაზღაურებას. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ი/მ ,,პალუშა გიორგობიანი” უფლებამოსილია აღნიშნული ლიცენზია გამოიყენოს მისი მიზნებისათვის, ან გააქირავოს, ან გადააპიროს. გადაპირების დროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად ხდება ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. ფლობის დათმობა სამართლებრივად არ შეიძლება გაიგივებულ იქნას დროებით სარგებლობაში გადაცემად. სკ 198-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. ამდენად, შპს ,,ახალ ქსელებსა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს გადაპირებას. ასეც რომ იყოს, კომისია, მას შემდეგ რაც ქირავნობის ხელშეკრულებას მიიჩნევდა გადაპირების ხელშეკრულებად, ვალდებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 7 დღის ვადაში შეემოწმებინა ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობა, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეეტანა სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გაეცა სალიცენზიო მოწმობა ან ემოქმედა ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. უსაფუძვლოა ის, რომ შპს ,,ახალი ქსელები” ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით უნებართვოდ სარგებლობს, რითაც არღვევს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან აღნიშნული ნორმა შეეხება ლიცენზიის გადაპირებიდან გამომდინარე არავტორიზებული პირის ვალდებულებას, ხოლო შპს ,,ახალი ქსელები” არის ავტორიზებული პირი, ხოლო მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არის ქირავნობის ხელშეკრულება.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ ი/მ ,,პალუშა გიორგობიანისა” და შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენლები: ხ.ინჯია, ნ.ჟღენტი და ლ.ფხაკაძე.

  სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენელმა ხ.ინჯიამ მხარი დაუჭირა შპს ,,ახალი ქსელების” კომისიაში წარმოდგენილ წერილში (№675, 09.09.09)  დაფიქსირებულ პოზიციას და მოითხოვა შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” წარმომადგენელმა ლ.ფხაკაძემ სხდომაზე გამოაქვეყნა ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის შესაბამისად, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანსა” და შპს ,,ახალ ქსელებს” შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს გამქირავებლის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის (7XXXX) 10000 ნომრის გაქირავება 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება თავისი სამართლებლივი ბუნებით რომც  წარმოადგენდეს გადაპირების ხელშეკრულებას, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით დაირღვა კანონის რაიმე მოთხოვნა, რამეთუ კანონი იძლევა უფლებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იჯარით (ქირავნობით) დროებით სარგებლობაში გადაცემას. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო, თუ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას შპს ,,ახალ ქსელებს” იჯარით (ქირავნობით) კი არ გადასცემდა, არამედ  გაასხვისებდა. იჯარით გადაცემა არ ნიშნავს გასხვისებას, გასხვისებაში მოიაზრება ნივთზე განკარგვის უფლების მქონე მფლობელის, მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების გადაცემა სხვა პირზე მუდმივად ან დროებით. ამდენად, ხელშეკრულების კომისიაში წარდგენის ვალდებულებას, მაშინ როდესაც არ მომხდარა ლიცენზიის გასხვისება - გადაპირება, კანონი ლიცენზიის მფლობელს არ აკისრებს.  ამასთანავე, კომისია, მას შემდეგ რაც ქირავნობის ხელშეკრულებას მიიჩნევდა გადაპირების ხელშეკრულებად, ვალდებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 7 დღის ვადაში შეემოწმებინა ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობა, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში უნდა შეეტანა სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გაეცა სალიცენზიო მოწმობა ან ემოქმედა ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ ვადების გასვლის შემდეგ, თუნდაც ადგილი ჰქონდეს რაიმე დარღვევას, სანქციის გამოყენების უფლება გაქარწყლებულია და კომისია არ არის უფლებამოსილი მოახდინოს კომპანიების სანქცირება. ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს 2 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როდესაც სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს 2 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში გასულია ადმინისტრაციული სახდელის დადების 2 თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანმა” მოითხოვა შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი საქმეზე დართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქირავნობის ხელშეკრულებით ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია და ლიცენზიის ფლობიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები დროებით  გადასცა შპს ,,ახალ ქსელებს”. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაპირება არის ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში.

   აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სარგებლობის ლიცენზიის უფლება შეიძლება დროებით სარგებლობაში იჯარით გადაეცეს სხვა პირს, ამასთანავე, როდესაც ადგილი აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებების სხვა პირისთვის გადაცემას, გადაპირება არის იჯარით გადაცემა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ცალსახაა საიჯარო და ქირავნობის ხელშეკრულებათა არსის ერთგვაროვნება, რაც უფლების/ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანსა” და შპს ,,ახალ ქსელებს” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს გადაპირების ხელშეკრულებას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებდა კომისიის მხრიდან დამტკიცებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

     კომისია აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების დროს, მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე  სათანადო ინფორმაციას და ამ კანონით განსაზღვრული წესით გაივლის ავტორიზაციას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად  ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

            ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე,  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანი” ვალდებული იყო გადაპირების ხელშეკრულება წარმოედგინა კომისიაში, რომელიც შეამოწმებდა ხელშეკრულების ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც შეიტანდა სათანადო ცვლილებებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემდა სალიცენზიო მოწმობას ან იმოქმედებდა კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ხოლო, შპს ,,ახალი ქსელები” ვალდებული იყო ლიცენზიით განსაზღვრული პირობებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ნუმერაციის რესურსით ესარგებლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენდა ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე  სათანადო ინფორმაციას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამ ფაქტიური გადაპირებით შპს ,,ახალი ქსელები” გახდა შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 58,04 პროცენტის მფლობელი ქ.ქუთაისში, რაც, ასევე საჭიროებდა კომისიის თანხმობას. შესაბამისად, ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანის” მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი  პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი, ხოლო შპს ,,ახალი ქსელების ” მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და  ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი.

კომისიამ მოისმინა შპს ,,ახალი ქსელების”, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის”  და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოსაზრებები, გამოიკვლია და შეისწავლა სხდომაზე გამოქვეყნებული მასალები და მიიჩნია, რომ ი/მ ,,პალუშა გიორგობიანსა” და შპს ,,ახალ ქსელებს” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს გადაპირების ხელშეკრულებას. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს ი/მ ,,პალუშა გიორგობიანისა” და შპს ,,ახალ ქსელების” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მათ შორის დადებულია ნუმერაციის რესურსის ქირავნობის ხელშეკრულება და არა გადაპირების. ასევე ვერ დაეთანხმება მათ იმის თაობაზე, რომ გადაპირების დროს ხდება უფლების საკუთრებაში გადაცემა და არა დროებით გადაცემა. ამავე დროს, კომისია მხარეების ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემით ან გადაპირებით. ნუმერაციის რესურსი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს ამოწურვად რესურს, რომლის პირდაპირი გადაპირების თუ  აუქციონის წესით გაცემის დროს, ორივე შემთხვევაში, უფლება  დროებით გადაეცემა პირს.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს  ,,ახალი ქსელებსა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის”  არგუმენტაციას  იმის თაობაზე,  რომ  შპს  ,,ახალი ქსელებსა” და ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანს” შორის გაფორმდა ნუმერაციის რესურსის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი შინაარსით უფრო ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულებასთან, ვიდრე ლიცენზიის პირდაპირ გადაპირებასთან,  ვინაიდან ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანი” მის საკუთრებაში არსებული ლიცენზიით ერთი წლის ვადით მომსახურებას უწევს შპს ,,ახალ ქსელებს”, რისთვისაც ყოველთვიურად იღებს ანაზღაურებას. კომისია აღნიშნავს, რომ ვერც ი/მ ,,პალუშა გიორგობიანისა” და ვერც შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენლებმა ვერ განმარტეს თუ რა ტიპის მომსახურებას აწვდიდა ი/მ ,,პაუშა გიორგობიანი” შპს ,,ახალ ქსელებს”,  ყავდა თუ არა ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს”  აბონენტები,  ახორციელებდა თუ არა ავტორიზებულ საქმიანობას, შპს ,,ახალმა ქსელებმა” ამ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით აიყვანა თუ არა აბონენტები.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კომისია მას შემდეგ, რაც ნუმერაციის რესურსის  ქირავნობის ხელშეკრულებას მიიჩნევდა გადაპირების ხელშეკრულებად, ვალდებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 7 დღის ვადაში შეემოწმებინა ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობა, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეეტანა სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გაეცა სალიცენზიო მოწმობა ან ემოქმედა ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მხრიდან ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვისათვის საჭიროა მხარემ  კომისიას მიმართოს წერილობითი განცხადებით ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების თაობაზე და წარმოადგინოს ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაპირების შესახებ. შესაბამისად, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს” უნდა გამოეხატა თავისი ნება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე, ამისთვის მას  განცხადებით უნდა მიემართა კომისიისთვის და წარმოედგინა გადაპირების ხელშეკრულება, რაც მას არ განუხორციელებია. მეტიც, კომისიისათვის გაგზავნილ წერილებში, ასევე კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში ის ცალსახად მიუთითებს, რომ მან გააქირავა ნუმერაციის რესურსი, რის თაობაზეც დადო ქირავნობის ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი გადაპირებების თაობაზე კომისიის ყველა გადაწყვეტილება მიღებულია გადაპირების მსურველი პირის განცხადების საფუძველზე. მათ შორისაა შპს ,,ახალი ქსელები” (იხ. კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - gncc.ge კომისიის 2009 წლის 1 მაისის №223/5 გადაწყვეტილება შპს ,,ახალ ქსელებსადა შპს ,,ახტელსშორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ; კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №59/5 გადაწყვეტილება შპს ,,ახალ ქსელებსადა შპს ,,ახტელსშორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N125 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ;  კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის №524/5 გადაწყვეტილება შპს ,,ახალ ქსელებსადა შპს ,,ახტელსშორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N34 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ).  ი/მ ,,პალუშა გიორგობიანმა” კომისიაში ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგინა არა გადაპირების დასარეგისტრირებლად, არამედ კომისიაში მიმდინარე სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაციის სახით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფაქტიური გადაპირებით, შპს ,,ახალი ქსელები” გახდა შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 58,04 პროცენტის მფლობელი ქ.ქუთაისში. შესაბამისად, კომისია, ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, ვერ განახორციელებდა შესაბამის ცვლილებებს სალიცენზიო რეესტრში და ვერ გასცემდა ლიცენზიას.

    კომისია ვერ გაიზიარებს ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი მოახდინოს კომპანიების სანქცირება, ვინაიდან გასულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები. კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ი/მ ,,პავლუშა გიორგობიანისა”  და შპს ,,ახალი ქსელების” გაფრთხილების მიზნით დაწყებულია მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ასეთ დროს კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით და არა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

            ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-11, მე-19, 43-ე, 44-ე, 50-ე და 51-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-16 პუნქტებისა და  ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭრისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ახალ ქსელებს” ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. მიეცეს გაფრთხილება ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი  პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

3. დაევალოს ი/მ ,,პალუშა გიორგობიანს” მის სარგებლობაში არსებული № N129 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღმოფხვრას დარღვევები და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს კომისიას 10 დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგაძისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).                 

კომისიის თავმჯდომარე                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                      ს. ბრიტანჩუკი                                                                                                                                                              

                                                                           კ.კვიტაიშვილი

                                                                     ა.სიხარულიძე

                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები