წვდომის მენიუ

შპს ”საბატელს” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ

ნომერი: 465 / 5

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საბატელ”-მა (24.06.2009 №6/1892-05) და წარმოუდგინა შპს ”ვემატელ”-თან 2009 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”საბატელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N12-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ვემატელი”-სათვის სრულად გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”საბატელი”, შპს ”ვემატელს” ლიცენზია №N12-დან გამომდინარე გადასცემს ნუმერაციის რესურს ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 30XXX – 34XXX, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX – 34XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ვემატელი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ვემატელი”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX – 34XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”საბატელი”და შპს ”ვემატელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები