წვდომის მენიუ

შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისა“ და შპს „ულტრაკომუნიკაციების“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 466 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიას, კომისიის მიერვე განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

კომისია აღნიშნავს, რომ „რიგი ავტორიზებული პირების სანქცირების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეცათ გაფრთხილება შპს „ალკომს“, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. კერძოდ, აღნიშულ კომაპანიებს კომისიის წინაშე ერიცხებოდათ რეგულირების საფასურსი დავალიანება შემდეგი ოდენობით:

ა) შპს „ალკომი“ – 5,014.04 ლარი;

ბ) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ – 3,904.83 ლარი;

გ) შპს „ულტრაკომუნიკაციები“ – 1,174.54 ლარი;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ალკომს“, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებს“ მიეცათ ვადა 7 კალენდარული დღის ოდენობით, კომისიის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარავად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.09.2009 N10/484-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ალკომის“, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისა“ და  შპს „ულტრაკომუნიკაციების“ მიერ არ იქნა შესრულებული კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნულ კომპანიებს კვლავ ერიცხებათ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 15 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ალკომის“, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ და შპს „ულტრაკომუნიკაციების“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ალკომის“ და შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე, შპს „ალკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მოითხოვა საკითხის გადადება ერთი კვირის ვადით.

შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის დაფაროს კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის სახით არსებული დავალიანება და აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, წარმომადგენელმა ითხოვა ერთი კვირის ვადა.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში 2009 წლის 21 სექტემბერს შემოვიდა შპს „ულტრაკომუნიკაციების“ განცხადება (N6/2601-09 21.09.2009), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ულტრაკომუნიკაციებმა“ 2007 წლის ივლისში შეწყვიტა ფუნქციონირება და ამჟამად მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ გააჩნია შემოსავალი, შპს „ულტრაკომუნიკაციების“ დირექტორის ბატონი გ.ჩლაიძის განცხადებით, ის თავად დაფარავს კომისიის წინაშე, შპს „ულტრაკომუნიკაციების“ რეგულირების საფასურის დავალიანებას და აღნიშნულის დაფარვის მიზნით, ბატონმა გ.ჩლაიძემ მოითხოვა დავალიანების გადანაწილება რამდენიმე თვეზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დააკმაყოფილა შპს „ალკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით.

კომისიამ ასევე იმსჯელა შპს „ულტრაკომუნიკაციების“ განცხადებასთან დაკავშირებით და ასევე შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე და მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი განცხადება/შუამდგომლობის დაკმაყოფილება, შემდეგი გარემოებების გამო:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

3. კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებს“ მიეცათ ვადა 7 კალენდარული დღის ოდენობით, კომისიის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. რაც არ იქნა შესრულებული არც ერთი კომპანიის მიერ;

4. სახეზეა შპს „ულტრაკომუნიკაციებისა“ და შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ ჩადენილი  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების დასრულებული დარღვევა, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს, ხოლო კომისია არ არის უფლებამოსილი, ავტორიზებულ პირებს გაუხანგრძლივოს კანონდარღვევის ჩადენის ვადა, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილებით, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ და შპს „ულტრაკომუნიკაციების“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ, ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და რეგულირების საფასურის დავალიანების არ დაფარვა, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევებს.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად:

1. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” ბოლო 12 თვის შემოსავალი  დღგ-ს გარეშე შეადგენს 121,947.00 ლარს, ხოლო 0,5% შესაბამისად 609.74 ლარს.

2. შპს ”ულტრაკომუნიკაციების” ბოლო 12 თვის შემოსავალმა დღგ-ს გარეშე, რომელიც გამოანგარიშებულია 2007 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით (ბოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშება წარმოდგენილია 2007 წლის 20 სექტემბერს),  შეადგინა 101,745.94  ლარი,  ხოლო 0,5% შესაბამისად 508.73 ლარი

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებს“  ჯარიმის სახით უნდა დაეკისროთ ცალ-ცალკე 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს შპს „ალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა  2009 წლის 2 ოქტომბრის 16:00 საათისთვის. შპს „ალკომის“ წარმომადგენელი, საკითხის გადადების თაობაზე გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2. დაჯარიმდეს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ 10,000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის  დარღვევის გამო;

3. დაჯარიმდეს შპს „ულტრაკომუნიკაციები“ 10,000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის  დარღვევის გამო;

4. უზრუნველყოს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებმა“ თითოეულმა ჯარიმის - 10,000 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

5. უზრუნველყონ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებმა“ რეგულირების საფასურის დავალიანების:  

ა) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ – 3,904.83 ლარი;

ბ) შპს „ულტრაკომუნიკაციები“ – 1,174.54 ლარი;

7 კალენდარული დღის ვადაში გადახდა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ და შპს „ულტრაკომუნიკაციებისთვის“ ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გაერდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                    ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                   ს.ბრიტანჩუკი

                                                                  კ.კვიტაიშვილი

                                                                  ა.სიხარულიძე

                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები