წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 467 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის   №360/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2009 წლის  31 აგვისტოს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N417/22 გადაწყვეტილებით, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეუტანლად და არსებითი გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრის გარეშე, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე, განმეორებითი ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის 4 სექტემბერს. ავტორიზებული პირების შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიის 2009 წლის 4 სექტემბერის სხდომა გაგრძელდა 2009 წლის 18 სექტემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 18 სექტემბერს კომისიაში, 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ამავე სხდომაზე, კომისიის №456/9  გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილებები  კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში და გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 25 სექტემბერი. სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს დაევალა ”ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” გადაწყვეტილების დაზუსტებული პროექტის გამოქვეყნება კომისიის ინტერნეტ გვერდზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 25 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა კომისიის სხდომა ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიის სხდომაზე, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის გადადების თხოვნით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ ”ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”  გადაწყვეტილების პროექტში წარმოდგენილი საკითხების აქტუალურობისა და სირთულის, ასევე გადაწყვეტილების პროექტის დიდი მოცულობის გამო.

კომისია, მიუთითებს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის, კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა, ასევე მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ზეპირი მოსმენის სხდომა, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხებზე, ჩატარდეს დამატებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ, 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 117-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში. ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის  6 ნოემბერს,   16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას  2009 წლის 13 ნოემბერს;

2.  კომისიის 2009 წლის 6 და 13 ნოემბრის სხდომებისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

3.   გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

5.   წინამდებარე  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე      

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები